Tuesday, December 22, 2009

ბოპი ზღვიდან რომ დაბერავს ბრიზად


გლობუსა ვერელი

ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ბებერი საქსოფონისტის გარე(კ)პილი,
თუთიყუშ კეკას მისამღერებით

(სიმღერა)


გარინჩასავით დამირბის წნევა,
პულსიც მიჩმახებს, ვჩალიჩობ ვეღარ.
ვსეირნობ პარკში პუდელთან ერთად...
ტეხავს სიბერე, რა მაგრად ტეხავს!


ბოპი ზღვიდან რომ დაბერავს ბრიზად,
როგორც ფუტკარი თაფლიან სკიდან,
ეგეთ მუსიკას ჩემ საქსზეც ვჩითავ
და მეზობლები გადამყავს ჭკვიდან.


მისამღერი:
მოდის ჩარლი პარკერი,
ბოპის დიდი მარკერი.
ჯო უბერავს, კოკერი,
როგორც კარტში ჯოკერი!


ბევრი ტურისტი ხომ ჯაზზე ჭედავს,
ვუკრავდი გემზე, ვცურავდი ერთხანს,
რიოში კახპამ მაჩუქა კეკა -
ეს თუთიყუშიც სულ ეგრე რეპავს.


გემოს ვუსინჯავთ ჩვენ ჯაზურ ნექტარს,
ხოშზე მოვალთ და ვგავართ ორ ნეტარს.
ჩემ საქსაფონთან მე არ ვარ კენტად...
მთელი ქალაქი გვმისმენდეს ნეტავ...


მისამღერი:
მოდის ჩარლი პარკერი,
ბოპის დიდი მარკერი.
ჯო უბერავს, კოკერი,
როგორც კარტში ჯოკერი!


მინაწერი:
ზღვა რომ ფუტკრის სკასთან არის შედარებული და იქიდან მსუბუქ ბრიზად მოსული ჯაზის რიტმები - ფუტკრებს, - აი, ეს უსუსტესი მეტაფორა იქნებოდა, პოსტმოდერნიზმზე რომ არ ვიცოდეთ არაფერი...
მაგრამ ამ გლობუსას წარმოდგენა არა აქვს არც მეტაფორაზე და არც პოსტმოდერნიზმზე - რაც თავში მოუქროლებს, ეგრევე წერს და მე მიგზავნის ჩასასწორებლად. თან მედავება, რატომ არსად მიბეჭდავო და - აჰა, აქ შემიძლია და მოვიტანე...
მოკლედ, მე ამისი ლექსებისგან გრძელ შარში ვარ, რაღაი ამისი გამჩერებელი კაციშვილი არ მეგულება, რაკი პაპამისი ჩიბუხა ყარამანა კაი ხანია მუხათგვერდის სასაფლაოზე წევს და აბა, ვინღა მიბეგვავს იმ შორეულ ირლანდიაში გადახვეწილ ვერელ გლობუსას?


როგორც ვატყობ, მშვენივრად არის გლობუსა დუბლინში, ზღვისპირა კურორტებზეც დაიარება დასასვენებლად და აქეთ გამომხედი აღარ არის; და მე როდემდე უნდა ვუხადო ჩიბუხა ყარამანას საფლავის მოვლისათვის წელიწადში ორმოცი ლარი იქაურ დარაჯ იაკოფას, რომელიც დარაჯობის გარდა, თავისუფალ დროს თავის მშობლიურ სოფელ დიღმის სინამდვილეში ეწევა ვაზის ნერგების მყნობას და გაყიდვას და რამდენიმე ნერგს საჩუქრადაც მპირდება ხოლმე ფულის მიცემისას, არ ვიცი...
მე არ მინდა იაკოფას ნამყენი ვაზის ნერგები, ჩამოეთრას აქ გლობუსა და იმან გამოართვას თავისი აგარაკისათვის, სულ რომ ინგრევა ისიც...

Wednesday, December 16, 2009

ღამით ადევნებული მთვარე


მიხო მოსულიშვილი

ცათა ქალაქი,
ანუ
ზესკნელის ათთორმეტთა ეტლთა, შვიდთა მნათობთა, მირიად ვარსკვლავთა, შუასკნელის შვილთა და ქვესკნელის ძალთა გამო


(ზღაპარი)

ცა - ზე აღსახედი (1, 1 დაბად.) ცაი არს გარე შემცველი ყოელთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფევლისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოელთა შემცველი და გარე შემოუწერელი. ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან იტყვიან შემზადებასა; ხოლო რომელნიმე გარეშე ოთხთა კავშირთასა ქმნილსა შემოქმედისა მიერ. ქუეყანა არს მრგუალი და გარე შეცული ჰაერისაგან; ხოლო ჰაერი გარე შეცული ეთერისა მიერ; და ეთერი მთოარის ცისა მიერ, რომელსა სახელ ედების ჭირანო; და მერმე აფროდიტის ცა, რომელსა ეწოდების მელტარო; მერმე მზის ცა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი; მერმე არიას ცა, რომელსა ეწოდების ჭიმჭიმელი; მერმე დიას ცა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი; მერმე კრონოსის ცა, რომელსა ეწოდების არბასტრო; მერმე ვარსკულავთ ცა, რომელი აღმოსავლით დასავლად მიიქცევის; მერმე მეორე მძურელი ცა; და მერმე პირველი მძურელი ცა, რომელი ყოელთა ცათა აღმოსავლით დასავლად გარდააბრუნებს და მსგავს არს ბროლისა; ხოლო გარეგანი ცაი არს სამყარო, რომელი შეცულ არს სასუფევლისაგან.


სულხან-საბა ორბელიანი – “ლექსიკონი ქართული” (”სიტყვის კონა”, 1685 – 1716).


თხრობა პირველი

მარადთოვლიანი მწვერვალებიდან ამომავალი მზე სინათლეს ჰფენდა შავი ზღვის სანაპიროს ერთ შემაღლებულ კონცხზე გაშენებულ, ცხრა წრიულ ქუჩიან, ქვითკირის მაღალი გალავნითა და მასზე წამომართული ციურ ეტლთა სახელობის გოდოლებით შემოზღუდულ ცათა ქალაქს, სამყაროს გეოცენტრული აგებულების სახედ და ხატად რომ შეექმნათ დიდი ხნის წინათ.
ზღვა ხმაურობდა.
ჩხაოდნენ თოლიები.
წინაუკმოდ დაჰქროდნენ მერცხლები და ჟივილ-ჟრიამული გაჰქონდათ.
ეს ხმაური ბავშვების მხიარულ ბოჟირს აგონებდა უნიჭო ლექსთა და იგავთა გამომეტყველს, ქალაქის უმაღლესი ხელისუფლის, მოძღვართმოძღვრის მეხოტბეს, საზოგადო თანამდებობით ქორეპისკოპოსს, ჩუმად კი ოქროს კერპის თაყვანისმცემელ კონდრატეს, რომელიც დილაადრიან გაეღვიძებინა ცოლს, ქალბატონ ფოტინე კიკიმორს და უძილობისაგან თვალებდასიებული ასე ეჩიჩინებოდა: “უჩივლე, უჩივლე მაგ კახპას! მთელი ღამე არ დამაძინა ვიოლინოს წუწუნით! კბილიც ამატკია და კინაღამ გადამრია!”
თენდებოდა.
სინათლეს უბრუნდებოდნენ პალმებში ჩაფლული სრა-სასახლეები, ქვაფენილიანი ქუჩები, დუქან-ფუნდუკები, თოფ-ზარბაზნების ქარხანა, ეკლესია, ციხე, სხვადასხვა ფერისა და სიდიდის წითელკრამიტიანი სახლები, ლამაზი აივნები რომ ამშვენებდათ.
ჩვენ აივნების მოყვარული ხალხი ვართო, - ფიქრობდა ცათა ქალაქის ჩირაღდანთა და ამბავთა ოფიციალური ოსტატი ვანიონი, რომელსაც დღენიადაგ თეთრი ანაფორა ეცვა და მოძღვართმოძღვრის კარეტითაც დადიოდა: მართალია, მხოლოდ ამბავთა მოედანზე, მაგრამ მისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ესეც კმაროდა. ახლა დილის შემოვლას ატარებდა – წინა ღამით ანთებულ ჩირაღდნებს აქრობდა, ნავთი რომ დაეზოგა.
სინათლე მატულობდა.
ფანჯრიდან ოთახში შეღწეული ჩიტების ჟრურტული, მერცხლების ჭიკჭიკი და მზის სხივები, რომელნიც დიდ სკივრზე ჩაძინებულ, ძვირფასი დუქნების მფლობელს, ურია ქეთარს აწუხებდნენ, ჯერხნობით ვერ ახერხებდნენ მის გამოფხიზლებას; თუმცა მაინც შფოთავდა ძილში, გაძარცული დუქნი ელანდებოდა სიზმრად, რაც სულაც არ იყო შორს სიმართლიდან. “რომ არ გამქურდონ, ღამით არ ვიძინებ, მხოლოდ დილაბნელზე ჩამთვლემს ხოლმეო”, - ასე შესჩივლა წინა დღეს ვაჭართუხუცეს ზებედეს. სწორედ ამ ნათქვამმა დაატეხა დღევანდელი უბედურება – რომ გაეღვიძებოდა, წამოხტებოდა და სკივრს თავს ახდიდა, საგანძურის შემოწმებას დაიწყებდა. ძვირფასთვლიანი ბეჭდებით სავსე ზარდახშას რომ ვეღარ იპოვნიდა, იმხელას იბღავლებდა – გამქურდეს! გამძარცვესო! – თითქოს სიკვდილით ემუქრებოდა ვინმე და შიშისგან გათანგულს ალესილი ხანჯლით მისდევდა უკან. ეს ღრიალი მთელ ცორანოს ქუჩას გამოაღვიძებდა, ურია ქეთარის დუქანთან შეყრიდა სეირის მოყვარულ ცათაქალაქელებს და ზღურბლზე ჩამომჯდარ, უსუსურობისგან ატირებულ ვაჭარს ნახავდნენ, კარის წირთხლისთვის რომ ჩაეჭიდა ორივე ხელი და ზედ გამეტებით ურტყამდა მოტვლეპილ თავს, თან ამგვარად მოსთქვამდა: “...ოხმეე, დაგკარგე, თორმეტთვლიანო მეფე-ბეჭედო! სადღა გიპოვნი?! მშვიდობით, ბაჯაღლო ოქროებო! ზურმუხტისა და ლალისა თვალნო! უუჰ, როგორ გაჰქრით, რად მიმატოვეთ?! თქვენ თან წაიღეთ ჩემი ოცნების ათასფერადი სამკაულები, ოქრო და ვერცხლი! ასი ათასი თუ არა, ოთხმოცი ათასი მთვარე ხომ უეჭველად მიღირდით, საყვარელებო?!” არადა, ხომ ასე ლამაზად გაეტირებოდა დაკარგულ ძვირფასეულობას, სამი იმდენი იატაკქვეშ ჰქონდა ჩაფლული.
თეთრი მწვერვალების თავზე მზის დისკოს ნაწილი ჩანდა.
ჩირაღდნების ჩაქრობას ამთავრებდა ვანიონი, როცა ჩამოიარა ვაჭართუხუცესმა ზებედემ, რომელსაც ერთობ კმაყოფილი სახე ჰქონდა, ხელში კი იმღამინდელი ნადავლი ეჭირა და ეფერებოდა. მთელი ღამე ეფხიზლა და ახლა საკუთარი ქარვასლისკენ მიემართებოდა, იქ მისული ჯერ კარგად იბანავებდა გოგირდიან აბანოში, მერე კი შუადღემდე გამოიძინებდა, რათა მშვიდი სახით წარდგომოდა სანუკველ საყვარელს, მოძღვართმოძღვრის რძალს, ზვიადი ღენერლის, სკირგალიონეს თანამეცხედრეს, ქალბატონ ფოტინე კიკიმორის ტყუპისცალ დას, გუტატის და წუხანდელი ნაქურდალი, თორმეტთვლიანი მეფე-ბეჭედი მიეძღვნა მისთვის.
ეტლები ახრიგინდნენ ქვითმოგებულ ქუჩებზე.
გაიღვიძეს ცათაქალაქელებმა. ახმაურდნენ სახლები და დუქნები, ქარვასლები და აბანოები, ფუნდუკები და გეოცენტრული სასწავლებლები, ყაზარმა და საპატიმრო, საავადმყოფო და საგიჟეთი; ქალაქის შუაგულში, სადაც მოძღვართმოძღვრის რეზიდენცია, გალავნით შემოზღუდული დედამიწის სასახლე იდგა, სამმა ზარბაზანმა იგრიალა, მერე დაიქუხეს გოდოლებზე განლაგებულმა მსხვილყალიბიანმა ქვემეხებმაც; ქუჩებში გამოეფინნენ დიდები და პატარები, ქალები და კაცები. ყველა ამბავთა მოედნისკენ მიეშურებოდა.
მხოლოდ აკრძალულ ზონაში, მდინარისპირა ჭალაში მყოფ პატიმრებს ეძინათ ისევ. ამ ადგილისთვის მავთულხლართები შემოევლოთ Aჩაფრებს და ვერც ერთი კეთილგონიერი ქალაქელი ვერ ბედავდა ჩასვლას გველების შიშით. მართლაცდა, უცნაური ქვეწარმავლები იყვნენ, ადამიანს დაინახავდნენ თუ არა, დაგესვლის მაგიერ ცათა ქალაქის ხელისუფლებისთვის მიუღებელი აზრების თქმა იცოდენენ და, არავის ჰქონდა უფლება აკრძალულ ჭალაში შესვლისა, თუ არ უნდოდა ციხეში მოხვედრილიყო, საკატორღო სამუშაოებზე. გველები მათხოვრების მეგობრები არიანო – ასე უყვარდა თქმა პეპეს - მათხოვართა მეფეს, რომელსაც ჩვეულებისამებრ ზარბაზანთა ქუხილზე გაღვიძებოდა და მდინარის დუდუნითა და ფრთოსანთა გალობით იტკბობდა სმენას, დილის შეკრებაზე მაინც არ მიდიოდა, რადგან კანონგარეშედ გამოეცხადებინათ ყველა მათხოვარი.
მტრედების გუნდი აფრინდა ჭირანოს ქუჩაზე მდებარე მთვარის სასახლიდან, რომლის მესამე სართულზე, საწოლ ოთახში მშვიდად ჩასძინებოდა ცათა ქალაქის სილამაზის დედოფალს, მთვარისას, ვისთვისაც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი მუსიკა და ჩარგაზ ვარსკვლავთმრიცხველი იყო. ამ ქალწულისათვის ბევრჯერ უმღერიათ შებინდების სატრფიალო სიმღერები ქალაქის საუკეთესო ჭაბუკებს, რაც ძალიან შურდათ დიდგვაროვან დებს, კიკიმორებს. ამ დიაცთ არისტოკრატიულ კახპებს ეძახდა ჩარგაზ ვარსკვლავთმრიცხველის ცამეტი მოწაფიდან ყველაზე ნიჭიერი, აწ მეგობარი, დიდ გეომეტრად აღიარებული, შერლომი, კოჭიმელის ქუჩაზე მდებარე მზის კოშკის ზემო სართულზე, ლაბორატორიაში რომ იჯდა ახლა და ღამენათევი, დაწითლებული თვალებით ჩასცქეროდა ვარსკვლავთა ცხრილებს.
მზე მწვერვალების თავზე იდგა.
_ სალამ-ქალამი მომიხსენებია რიგირთ ანგელოზს საშუალო ქერუბიმ ვანიონისათვის! – დარდიმანდულად გადმოსძახა სამრეკლოდან დედამიწის სასახლისკენ მიმავალ ამბავთა და ჩირაღდანთა ოსტატს მთავარი ეკლესიის დიაკვანმა და მნათეს მოვალეობის შემსრულებელმა ხიომ (ასე მიმართავდნენ ცათაქალაქელები ერთმანეთს). ვანიონმა სალამი რომ დაუბრუნა, - წადი, შენიო! – ჩაილაპარაკა ხიომ და საგანთიადო ზარ-ზანზალაკებზე დაკიდულ თოკებს მისწვდა. ცუდ გუნებაზე გახლდათ დიაკვანი, გუშინდელი ნასმურევი იყო და იცოდა, ზართა გუგუმი უარესად აატკიებდა თავს.
ცორანოს ქუჩაზე მდებარე ღვინის დუქანში, გაშლილი მაგიდასთან ორ კაცს ჩასძინებოდა. ღიპიანმა მედუქნემ მაგიდები რომ აახრიგინა, ერთ მათგანს გამოეღვიძა, მხარზე შეახო მეორეს ხელი და ჩასძახა:
_ წასვლის დროა, ოსტატო!
_ ხომ კარგად უკრავდა ვიოლინოს, ხურსი? – იკითხა ჩარგაზმა.
_ დიახ!
_ დროა, ანგელოზებო! – თქვა მედუქნემ.
_ ...და ხომ ვყვარებივარ?! – ცოტა მიამიტი კითხვა გამოუვიდა ვარსკვლავთმრიცხველს.
_ მთელ ღამეს აქეთ გიკრავდათ ვიოლინოზე, ბოლოს ჰაეროვანი კოცნაც გამოგიგზავნათ და თქვენგან მიკვირს, ოსტატო, ამას რომ მეკითხებით. – კეთილად გაეღიმა ჩარგაზის მოწაფეს, მჭევრმეტყველ ხურსის.
_ ამბავთა მოედანზე წასვლის დროა! – გამოაცხადა მედუქნემ.
_ რამდენია ჩვენზე? – დაეკითხა ჩარგაზი.
_ სამი ბოთლი წითელი ემოციური სასმელი, - საანგარიშო გააჩხაკუნა ვაჭარმა, - ორი ჩაქაფული, ოცი ხინკალი, მწვანილი, მწნილი, კიტრ-პომიდვრის სალათა, გუდის ყველი, თაფლა სუკები, რამე და... პური არ დამავიწყდეს... და სულ... ოთხმოცდაათი მთვარე, ოცი მზე და შვიდი ვარსკვლავი უნდა მომცეთ... არც ისე ბევრია!
_ ასი მთვარე უბოძე, ხურსი! – მიუთხრო ფეხზე წამომდგარმა ჩარგაზმა და გარეთ გავიდა.
სინათლეს აევსო ცათა ქალაქი.
ყველა ამბავთა მოედნისკენ მიეშურებოდა.
მიდიოდნენ ეტლებითა და კარეტებით, ფაიტონებით და კაბრიოლეტებით, ცხენებზე ამხედრებულნი და ქვეითად – ვინ ცალად და ვინ ჯგუფ-ჯგუფად, ანუ, როგორც გენერალ სკირგალიონეს უყვარდა თქმა, “ბოლუქ-ბოლუქად”; ამბავთა მოედანზე იკრიბებოდნენ “ქერუბიმები” და “ანგელოზები”.
მოქალაქეთა სიებს კითხულობდნენ ნებაყოფლობით არჩეული უბნის უფროსები და ვინც დილის ცნობების მოსასმენად არ გამოცხადდებოდა, მათ სიას გენერალ სკირგალიონეს გადასცემდნენ, ხოლო ის კი ციხეში უკრავდა თავს მრწამსით არაკეთილსაიმედო მოქალაქეს. მხოლოდ ურია ქეთარს არ ევალებოდა დასწრება, რადგან დუქნის გაქურდვის შიში ჰქონდა და დიდძალი თანხა გადაუხადა ღენერალს.
დედამიწის სრა-სასახლიდან, რომელსაც გარშემო ზარბაზნბგადმოდგმული გალავანი ერტყა, იმას კი, თავის მხრივ, მდინარის წყლით ავსებული ღრმა თხრილი უვლიდა, ჯაჭვის ხიდი გადმოეშვა ჟღარუნით, არხზე გაიდო. მერე რკინის გისოსები ასწიეს, ბრინჯაოს ფირფიტებით შეჭედილი დიდი ჭიშკარიც გაიღო ჭრიალით და შიდა ეზოდან მოძღვართმოძღვრის კარეტა გამოვიდა, რომელშიც ხუთი ჯიშიანი ცხენი ება.
კარეტამ, რომელსაც ჩაფარი მართავდა, გადაიარა ხიდი, გზა განაგრძო და მთავარი ეკლესიის წინ მდებარე ამბავთა მოედანზე გაჩერდა, სადაც, ამაღლებული ფიცარნაგის გარშემო, წოდებების მიხედვით, ცათაქალაქელები იდგნენ. იქვე ჩამწკრივებულიყვნენ საპარდო ფორმებში გამოწყობილი ჩაფრები და მეზარბაზნეები. ძირს ჩამომხტარმა ჩაფარ-მიმმართველმა კაბინის მოოქროვილი კარი გახსნა და შიგნიდან ამბავთა ოფიციალური ოსტატი, ვანიონი გადმოვიდა. მერე ფიცარნაგის კიბე ააჭრაჭუნა მომსვლელმა, ზემოთ ავიდა და კათედრასთან მისულმა მბრძანებლურად ასწია ხელი. საგანთიადო ზარების რეკვა შეწყვიტა თავატკიებულმა დიაკვანმა ხიომ.
ვანიონმა მედალჩამოკიდული ეტრატი გაშალა და, ვიდრე კითხვას შეუდგებოდა, თქვა:
_ შედგენილია დედამიწის სრა-სასახლეში, ქორეპისკოპოს კონდრატეს მიერ, მოძღვართმოძღვარ ნიკოლოსტრატესთან შეთანხმებით.
_ აბა, დავიწყოთ, შვილნო ჩემნო! – დაიძახა ქორეპისკოპოსმა და თავისი დაწერილის საჯაროდ წაკითხვის მოლოდინში სიამოვნებისაგან ახალ მთავრესავით გაიბადრა.
_ მშვიდობისმიერ და წყნარ თანავარსკვლავედებს, - დაიწყო ამბავთა ოსტატმა, - შვიდ ცთომილს, ათთორმეტ ეტლსა და კაშკაშა მზეს მოგიძღვნით და გილოცავთ ცათაქალაქის მოძღვართმოძღვარი, რვაგზის სიკეთის, ცხრაგზის სიბრძნის მედალოსანი, ათგზის ვაჟკაცობის ორდენოსანი, ოცგზის სიუხვისა და ერთგზის ლმობიერების ჩინოსანი; ჩვენი დიდროვანი, დიადი, ვეებერთელა, უზარმაზარი, ვაი-უშველებელი, გოლიათური, დევგმირული, გიგანტური მეუფე, ზეუმაღლესი ქერუბიმი, სრულიადუწმინდესობა ნიკოოოსტრატე!
_ ვაშ!-ვაშ!-ვაშა! – იყვირეს მოქალაქეებმა.
_ ადგილზე ნაბიჯით იარ-ე! – დასჭექა ღენერალმა სკირგალიონემ და, ჩაფარ-მეზარბაზნეებმა ჩექმები რომ ააბრახუნეს მწყობრად, დამბაჩა მოიმარჯვა. – მოემზადეთ ცათა ქალაქის ჰიმნის სამღერლად!
მოქალაქეებმა ქუდები მოიხადეს. ჩაფრებმა და მეზარბაზნეებმა ღონივრად ჩასჭიდეს თითები არკებუზებს (იმდროინდელი თოფია ერთგვარი), უფრო მოუმატეს ჩექმების მწყობრ ბრახუნს და, ღენერლის დამბაჩამ რომ იჭექა, წინამძღვრის შეთხზული სიმღერა დააგუგუნეს:

ჩვენ ვჯობივართ ჭრელი ქვეყნის
ათასნაირ ოსტატებს.
მაშ, მარადჟამს იდღეგრძელოს
დიდმა ნიკოლოსტრატემ.

რა ხანია ციურ ეტლებს
ქერუბიმნი შეუდგნენ.
გაუმარჯოს ცათა ქალაქს
და მის დიად მეუფეს.

გეოცენტრულ ქალაქს ვფიცავთ,
ცას, მზესა და ლაჟვარდებს,
მოვჰკვდეთ იმის დასაცავად,
მეტს არ ვნატრობთ არაფერს.

- მრავალჟამიერ, მოძღვართმოძღვარო! – იბღავლა ხალხმა და საგანგებოდ დაჭერილი მტრედები ცას შესტყორცნეს.
ჩაფრებმა და მეზარბაზნეებმა დააქუხეს არკებუზები.
რამდენიმე მოკლული მტრედი ჩამოვარდა დაბლა. ერთი მათგანი ქორეპისკოპოსს დაეცა წაგრძელებულკიდეებიან, მაღალ ქუდზე, მაგრამ იმას არა გაუგია რა.
- მრავალჟამიერ, ნიკოლოსტრატე! – კვლავ იბღავლა ხალხმა.
ისევ რომ იგრიალა ღენერლის დამბაჩამ, ყველა გაჩუმდა.
- ძ-ძ-ვირ-ფასო თანა მო-ქა-ლაქ-ლაქ-ენო! უნდა მოგახსენოთ, რომ გუშინღამ გემრიელად ივახშმა დიადმა მოძღვართმოძღვარმა, მერე წაიმუშავა წიგნზე, რომელსაც ასე ჰქვია: “გეოცენტრული ქალაქი”, და სწორედ ამისათვის მიანიჭა მან საკუთარ თავს ქალაქის ჭეშმარიტად სახალხო მწერლის მაღალი და საპატიო წოდება და კმაყოფილმა დაიძინა. ხოლო სიზმარში ვირთაგვა და მთვარე იხილა (აქ ამბავთა ოსტატი გაჩუმდა და გაკვირვებულ ადამიანებს მიმოავლო თვალი – ხმას არავინ იღებდა. კაი ბიჭი იყო და, ეთქვა რომელიმეს რამე, იმწამს საკატორღო სამუშაოებზე გაამწესებდა)... დიახ, ვირთაგვა და მთვარე... და ორივენი ღმერთები იყვნენ. თურმე, ამნაირად ეკამათებოდნენ ერთმანეთს: ადამიანები დაილევიან, მოკვდებიან, მაგრამ ჩემსავით გაივსებიან, ანუ აღდგებიან მერეო! – ამბობდა მთვარე. არა, ბატონო მთვარეო, ჩემსავით მოკვდებიან და აღარ აღდგებიან მერეო! – პასუხობდა ვირთაგვა. შეჰყვნენ ამ ლაპარაკს და ჩხუბი მოუვიდათ, რაც იმით დამთავრდა, რომ გადაყლაპა ვირთაგვამ ბოროტი მთვარე... დიაღ, პატივცემულნო, ასე დამთავრდა სიზმარი იგი და დღეიდან, მოძღვართმოძღვრის სურვილისამებრ, ვირთაგვა ცხადდება ტაბუდადებულ ცხოველად. ყველას ეკრძალება ვირთაგვის მოკვლა... გარდა ამისა, პატიმარყოფილ იქმნას მთვარის სასახლის ბინადარი, ქალბატონი მთვარისა და არა მარტო სახელის გამო, ვინაიდან იგი მთელი ღამე ვიოლინოს აწრიპინებდა ჯერეთ უცნობი ვიგინდარის სიყვარულისა გამო და მოსვენება დაუკარგა მაღალ გვამთ, ზოგიერთ მათგანს კბილიც კი აატკია, წარმოგიდგენიათ?! მთვარის სასახლეს ეწოდოს ვირთაგვის სასახლე, ხოლო იმ მემუსიკე დიაცის საქმის გამოძიება მიენდოს ურწმუნოთა და მწვალებელთა გამოძიების საბჭოს თავმჯდომარეს, ქორეპისკოპოს კონდრატეს, რომელსაც ყველა ვენდობით, რამეთუ იგი გახლავთ მაღალი ქერუბიმი, კეთილის მზრახველი, მეცნიერების გამაკაშკაშებელი, ლექსთა და იგავთა გამომეტყველი...
გარდა ზემოთ თქმულისა, მთავარ ეკლესიაში გადახდილ იქნას ვირთაგვის სულის საცხონებელი აღაპი, ყველას დასწრება სავალდებულოა.
ხოლო თუ ამბავთა მოედანზე მდებარე ხვრელიდან (ვანიონმა ხვრელისკენ გაიშვირა ხელი, საიდანაც მოთეთრო ბოლი ამოდიოდა ხოლმე) კიდევ ამოვიდა ქვესკნელის ძალთა მიერ ჯოჯოხეთში დაგზნებული ცეცხლის მხურვალება და თავისებური კვამლი, ჩაფარ-მეზარბაზნეებმა კვლავ ჩაასხან შიგ მდინარის წყალი...
ყველამ თავის საქმეს მიხედოს: მუშამ იშრომოს! ბერმა ილოცოს! ჩაფრებმა წესრიგი დაიცვან! მებაჟეებმა უბაჟოდ ჩავლილი ხომალდები ჩაძირონ! ვაჭრებმა ივაჭრონ! არა იმრუშონ დიაცთა! არა ილოთონ კაცთა! გეოცენტრული სულისკვეთებით აღზარდეთ ყრმანი! და ასე შემდეგ!..
...და ნურც ვის უფლიედ ცათა ქალაქიდან გასვლა ნიკოლოსტრატე მოძღვართმოძღვრის საგანგებო ნებართვის გარეშე!..
_ მრავალჟამიერ! – ერთხმად დაიძახეს მოქალაქეებმა.
_ უუხ, მაგის ყველაფერი... – ნიკოლოსტრატეს შეაგინა დიაკვანმა და ამ შეკრების დამთავრების მაუწყებელი ზარები ააგუგუნა.
ვანიონი მოძღვართმოძღვრის კარეტით დაბრუნდა დედამიწის სრა-სასახლეში. ხალხი დაიშალა. ვინ ფეხით წავიდა, ვინ – ფაიტონით, ვინ კი კარეტით; გააჩნია, ვის რამდენი მთვარე უჭყაოდა ჯიბეში.
ქვაფენილიან ქუჩებზე ადგრიალდნენ ნაირნაირი ეტლები.
ჩაფართა გაძლიერებულმა დაცვამ მარსის სახელობის ციხიდან გამოიყვანა პატიმრები, რომლებიც ორ ნაწილად ჰყავდათ გაყოფილი: ქვესკნელოვანნი და ზესკნელოვანნი. პირველნი ცათა ქალაქის ქვეშ ჯოჯოხეთში ჩასასვლელ გვირაბს თხრიდნენ, ხოლო ზესკნელოვანნი კი ცაში ასასვლელ უგრძეს კიბეებს აკეთებდნენ.
უკვე რამდენიმე წელიწადი გასულიყო მოძღვართმოძღვრის ბრძანებიდან: ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდა ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი, რათა ყველას სცოდნოდა უჭეშმარიტესი ქალაქის არსებობის შესახებ, სადაც გეოცენტრული რწმენის ადამიანები ცხოვრობდნენ.
მაგრამ ქალაქის მეუფეს დაავიწყდა, რომ ციხეები შიგნიდან ტყდება.


თხრობა მეორე

ამ ქალაქში ყოველ წელიწადს იმართებოდა სილამაზის დედოფლის არჩევნები. უკანასკნელ წლებში მთვარისა იმარჯვებდა ამ კონკურსებში – დები კიკიმორების აზრით, სრულიად დაუმსახურებლად: თვითონ უკანასკნელი მოდის მიხედვით იცმევდნენ ხაბარდა კაბებს, უცხოურ ფერ-უმარილს ისვამდნენ, მთელი დღეები სარკის წინ ვარჯიშობდნენ, რომ მოხდენილი მიმოხვრა დაემუშვებინათ და თან ლამაზი ღიმილიც ესწავლათ, მაგრამ მაინც ვერ იმარჯვებდნენ.
იმ წელსაც მევიოლინე ქალწული გახდა სილამაზის დედოფალი.
ჩარგაზმა ნახა მისი სათნო, სევდაგარეული ღიმილი, ქალური სინაზე და ნარნარა სიარული. ვარსკვლავთმრიცხველს სიყვარულის ცეცხლი მოედო, მაგიდას მიუჯდა, წინ თეთრი ქაღალდი დაიდო, ბატის ფრთა იპყრო თითებში და ასტრონომიული ტერმინებით სავსე სატრფიალო წერილი დაწერა, მერე კი თავისი მოწაფე, ჩუკენის ხელით აახლა ადრესატს.
ამ ზღაპრის მთხრობელი ჩარგაზის ვრცელი უსტარიდან ერთ პატარა ნაწყვეტს გვთავაზობს (ზღვის შემადგენლობის განსაზღვრა ერთი წვეთითაც შეიძლება):
“ო, ღვთით მშვენიერო, სკნელთა დედოფალო! შორეულ ცთომილთა იდუმალო ნათებავ! ირმის ნახომის თეთრო ნისლეულო! ზეციურო ხოხობო – გოგმანავ, ხატულავ, ფრენიავ!.. ნარნარა ვარსკვლავთა თაიგულო, სურნელოვანო!”
ჩუკენმა პირნათლად შეასრულა მასწავლებლის დავალება. ხოლო მთვარისას მოახლემ ქორეპისკოპოსს მიუტანა სიტყვა-სიტყვით გადაწერილი სამიჯნურო ბარათი და ამ ქმედების საფასურად ასი მთვარე მიიღო – ასე აფასებდა ძვირფას ცნობას ურწმუნოთა და მწვალებელთა გამოძიების საბჭოს თავმჯდომარე.
ავადხსენებულ კონდრატეს გამოუსწორებელი შეცდომა მოსვლია – მეუღლისთვის წაუკითხებია ეს წერილი და ლოგინად ჩავარდნილა ქალბატონი ფოტინე კიკიმორი: არცა მზრუნველი ქმარი გაუკარებია ახლოს და არცა განთქმული აქიმ-დასტაქრები; დაახლოებით თვე რომ გასულა და ყველას გადაწურვია მისი წამოდგომის იმედი, საკუთარი ფეხით გამოსულა საწოლი ოთახიდან, ქორეპისკოპოსისთვის შეუყრია წინასწარ გამზადებული ნაირ-ნაირი კაბები, ფერ-უმარილის შუშები, პერანგები, საწმერთულები, სხვა რამე-რუმეებიც, თან ასე უკივლია პირდაღებული კაცისათვის:
“აღარც შენი ჭიჭნაუხტის (ესე იგი, აბრეშუმის) კაბები მინდა, აღარც ფრანგთა ფერ-უმარილი! ის გათახსირებული კახპა უნდა მომაშორო ამ ქალაქიდან!”
მაგრამ მთვარისას კახპისა არაფერი ეცხო, პირიქით – ისეთი ქალი იყო, ვარსკვლავებს ყვავილებივით მოკრეფდა ციდან და ისე ჩაიწნავდა კუნაპეტ თმაში, მერე ისე ჩამოგხედავდა სადღაც, ზემოდან, ისეთი მკრთალი ღიმილი გადაეფინებოდა, რომ, თუ კაცი იყავი და ქორეპისკოპოსივით არ დაგჩლუნგებოდა მშვენიერების შეგრძნება, უნებურად დაუჩოქებდი და, იმაზეც მადლობელი იქნებოდი, ხელზე ამბორის უფლება რომ მოეცა...
დილანდელი ჩიჩინის შემდეგ, ფინთადხსენებული კონდრატე ცოლს დაპირდა, რაიმე მიზეზს გამოვუნახავ და მერე მე ვიციო და, მოძღვართმოძღვართან შეათანხმა მთვარის სასახლის განადგურებისა და მისი ბინადარის მონად გაყიდვის საკითხი.
ხოლო დილის შეკრების შემდეგ, ვიდრე ჩარგაზი და ხურხი მთვარისას გაფრთხილებას მოასწრებდნენ, ჩაფარ-მეზარბაზნეთა რაზმის ღენერალმა სკირგალიონემ დააპატიმრა მთვარის სასახლის ქალბატონი და გაურკვეველი მიმართულებით გაატანა ჩაფართა რაზმს.
ვარსკვლავთმრიცხველმა ორი სანდო მოწაფის დახმარებით დაიწყო სატრფოს ძიება, მაგრამ მევილონე ქალწული არც ციხეში და არც საგიჟეთში არ აღმოჩნდა. თავის ლაბორატორიაში ჩაიკეტა გულგატეხილი ჩარგაზი. ბევრი ეძებეს ხურსიმ და შერლომმა მთვარისას კვალი, მაგრამ ცამ ჩაყლაპოა თუ მიწამ, ვერ შეიტყვეს. ბოლოს სატურნის სასახლის, ანუ საგიჟეთის ერთი აქიმი მოისყიდეს და გაიგეს, რომ შეშლილთა უფროსს, მოძღვართმოძღვრის ბიძაშვილ ჯოდორის, ზემოდან მოსული საიდუმლო ბრძანების თანახმად მთვარისა (თავისი ვიოლინოიანად) ზღვაზე ერთი კვირის წინ ჩავლილი ხომალდის მეთაურისთვის მიუყიდია ორიათას მთვარედ. რამდენიმე თვის მერე დედამიწის სასახლის წინ გულში ხანჯალგაყრილი ჯოდორი იპოვნეს ჩაფრებმა და, ურწმუნოთა და მწვალებელთა გამოძიების საბჭოს თავმჯდომარემ ვერა და ვერ აღმოაჩინა მკვლელი.
მთვარისას დაკარგვის შემდეგ მზის კოშკიდან გამოსული ჩარგაზი არავის უნახავს – მოძღვართმოძღვრის ნებართვა აიღო და დილა-საღამოს შეკრებებსაც არ ესწრებოდა, იჯდა ხოლმე ლაბორატორიაში და მთვარისაზე ფიქრობდა; რომ გაუელვებდა, თავს დატეხილი უბედურებისგან ვგიჟდებიო, ქანცის გაწყვეტამდე შრომობდა. სწორედ იმ დროის გამოიგონა შორს საჭვრეტი გრძელი მილი, რომლითაც ღამით ვარსკვლავების შესწავლა შეეძლო, დღისით კი ადამიანებისა. ჩარგაზი ხომ ადამიანებს მიწის ვარსკვლავებად სთვლიდა. სხვათა შორის, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ სწორედ მისი ჩანაწერები უდევს საფუძვლად ამ ზღაპარს და როგორც მთხრობელი ირწმუნება, ვარსკვლავთმრიცხველს ჯოდორი არ მოუკლავს, არც ხურსისა და შერლომს გაუსვრიათ მისი სისხლით ხელი; არა, არც მათხოვართა მეფეს...


თხრობა მესამე

ამბავთა მოედნიდან ვაჭართუხუცესი ზებედე მარსის სასახლისაკენ გაემართა, ქალბატონ გუტატი კიკიმორს უნდა მოლაპარაკებოდა, თან თორმეტთვლიანი მეფე-ბეჭედიც მიეძღვნა მისთვის.
მთვარისა საქმეს რომ მორჩა, ღენერალმა სკირგალიონემ უთავბოლოდ აყვირებულ-ატირებული ურია ქეთარიც პატიმარჰყო და ციხის გზას გაუყენა სამი ჩაფრის თანხლებით. ცორანოს ქუჩიდან, სადაც ეს ამბავი მოხდა, არმიის სარდალმა და მისმა ადიუტანტმა ჩორთით წაიყვანეს ცხენები მთავარი ქუჩისაკენ, გაიარეს იგი და ჭიმჭიმელის ქუჩაზე შეუხვიეს, კიდევ გაიარეს ცოტა და მარსის სასახლის მახლობლად გაშენებულ ყაზარმას მიადგნენ, სადაც მეზარბაზნეები იმყოფებოდნენ.
ეზოში შევიდნენ მხედრები.
ალბათ, ვიღაცამ უთხრა და ყაზარმის მეორე სართულიდან ფიცხლად ჩამოიჭრა ჩუმჩუმელა ლოთი, პოლკოვნიკი იბონია, თან გზადაგზა იკრავდა ყოველდღიური გიმნასტურის ღილებს. მოსულებს რომ მიუახლოვდა, ღენერლის ცხენს აღვირში სტაცა ხელი, თუმცა ჩახტომა არ ინება ამ უკანასკნელმა.
სკირგალიონე განრისხებული იყო, რადგან უმალ მიხვდა, რომ პოლკოვნიკს თეთრი ემოციური სასმელისგან აწითლებოდა ცხვირი.
`ნეტავი ასე დილაადრიაან სად მოასწრო?~ _ შურით გაიფიქრა მოშორებით გაჩერებულმა ადიუტანტმა და ნერწყვი გადაყლაპა.
_ მისალმება გააკეთეთ, თორემ ტრიბუნალს გადაგცემთ! _ დაიღრინა ღენერალმა.
_ თქვენო აღმატებულებავ, გეახელით მეზარბაზნეთა რაზმის მეთაური, პოლკოვნიკი იბონია! მზად გახლავართ შრომისა და თავდაცვისათვის! _ გაიჭიმა ჩუმჩუმელა ლოთი და ქუსლი ქუსლს შემოჰკრა.
გაბრაზებულმა ღენერალმა მისალმებაზე _ თავისუფლადო, _ არ უპასუხა და გაჭიმული დატოვა მეზარბაზნეთა მეთაური, მერე იღრიალა:
_ მეზარბაზნენო, ერთრიგად ფიცხლად მოეწ-ყეთ!
სადარაჯო კოშკურაზე ჩამომჯდარმა მესაყვირემ ბუკი გაახმამყივარა.
სკირგალიონე თავისი ოქროს საათის წამმზომს დასცქეროდა უკვე.
მეზარბაზნეების ჩექმები აბრახუნდა კიბეებზე და ქვაფენილზე და, ამ ხმაურმა ეზოში მდგომ ჭადრის ხეზე შემოსკუპებული ყვავები უფრო ხმამაღლა ააყრანტალა.
_ აგვიანებენ, პოლკოვნიკო! _ თქვა ღენერალმა, _ უკვე მესამე წუთი დაიწყო!.. ასე თუ გააგრძელეთ, ჩამოგაქვეითებთ!
_ ნება მიბოძეთ, გკადროთ _ ნორმის მიხედვით სამი წუთია ვადა...
_ ლაპარაკი! _ იქუხა ღენერალმა, _ `სმენაზე~ დგახარ! ვინ მოგცა ყბედობის უფლება! დილიდანვე აგწითლებია ცხვირ-პირი და წესდება გამოგფრენია მაგ ცარიელი თავიდან!.. რატომ ჩაცეცხლე თეთრი ემოციური სასმელი?!
_ აარა, არ დამილ... _ შეჰკადრა იბონიამ.
_ ლაპარაკი-მეთქი!.. შე შობელძაღლო, ისეთი სუნი გიდის, ხარს წააქცევ ნახევარ ვერსზე!
ამასობაში მეზარბაზნენი მოეწყვნენ.
_ გაეცით ბრძანება!
_ სწორდით! სმენა! _ იყვირა პოლკოვნიკმა, უფროსისგან ლანძღვა-გინებას შეჩვეული იყო, მერე სამწყობრო ნაბიჯით მიუახლოვდა გენერალს და მოახსენა, _ მეზარბაზნენი მზად არიან შრომისა და თავდაცვისათვის!
_ თავდასხმისათვის?!
_ რატომაც არა! _ მიუგო იბონიამ და გადაიხარხარა.
_ სდექ! _ უყვირა სკირგალიონემ და რაზმს მიესალმა, _ გამარჯობათ, ძვირფასო მეზარბაზნენო!
_ დატუქსვა-წახალისების გუნებაზე არა ვარ! დღის განაწესი მიისმინეთ!
_ სწორება რიგებში! _ პოლკოვნიკმა იყვირა.
_ ლაპარაკი მაცალე, შე ვირიშვილო! _ დაუღრინა სკირგალიონემ.
იბონიამ თავი ჩაქინდრა, ცუდად არის საქმეო, იფიქრა.
_ ქალაქის გალავანზე იმორიგევებენ პირველ-მეორე ასეულები და საბრძოლო იარაღს ისე სუფთას იქონიებენ, რომ შესამოწმებლად მისულმა პოლკოვნიკმა თავისი მიმოჯღანული სიფათი შიგ უნაკლოდ დაინახოს! აღარ განმეორდეს ლოთობის შემთხვევები, ჩემო ლომ-ვეფხვებო, თორემ ჰაუპტვახტებში ამოგალპობთ, თქვე მკვდარცოცხალძაღლებო! _ სკირგალიონე სადავით იჭერდა აფორიაქებულ ცხენს.
_ იხარხარეთ, მეზარბაზნენო! _ იყვირა იბონიამ, _ რამდენი იხუმრა დიდმა ღენერალმა ჩვენს საკეთილდღეოდ!.. აბა, პირველ-მეორეზე გაი-ცი-ნეე!
მეზარბაზნენი ჯერ-ჯერით ახარხარდნენ.
_ დაჩუმდით, მკვდრებო! _ იქუხა ხმაჩახლეჩილმა ღენერალმა, მათი ხორხოცი რომ მოწყინდა, _ დავალების შესასრულებლად გაემარ-თეე!
მალე მწყობრად გავიდა ყაზარმიდან ორი ასეული და ნაბიჯებს ცათა ქალაქის ჰიმნი ააყოლა.
_ თქვენ კი ადექით, _ ახლა პოლკოვნიკს მიმართა, _ ნუღარ გორაობთ ჭუჭყიან ქვაფენილზე!
იბონია, რომელიც ყალბი ხარხარით გორავდა დაბლა, წამოდგა და ფორმა ჩამოიფერთხა _ ლაქუცის ამგვარი ფორმა მიღებული იყო არმიაში.
_ სულ ბოლუქ-ბოლუქად იარეთ, ლომებო! _ ხელქვეითთ დაადევნა პოლკოვნიკმა, იცოდა, ღენერალს უყვარდა ეს სიტყვა და ცდილობდა, ესიამოვნებინა.
_ მესამე-მეოთხე ასეულები გამწკრივდებიან მდინარიდან ვიდრე ამბავთა მოედანზე მდებარე ხვრელამდე, ერთმანეთს მიაწვდიან წყლით სავსე სათლებს და ხვრელში ასხამენ საღამომდე, რათა ჯოჯოხეთის ცეცხლი ჩაქრეს და იქიდან აღარ ამოვიდეს ოხშივარი!
ყაზარმის ეზოდან ორი ასეულიც გავიდა.
_ მეხუთე-მეექვსე ასეულები ქარხნიდან გამოიტანენ ახალ ჩამოსხმულ ზარბაზნებს და კარგად რომ გააციონ, ბოლო წრიულ ქუჩაზე უნდა გააქციონ! _ ბოლო ფრაზა ლექსად გამოუვიდა ღენერალს, მაგრამ არავის არა გაუგია რა, - პოეზიაზე, ცოტა არ იყოს, მწყრალად გახლდნენ.
კიდევ ორი ასეული გავიდა.
_ მეშვიდე, მერვე, მეცხრე ქარხანაში იმუშავებს!
ეზოში ერთი ასეულიღა დარჩა.
_ მეათეს რა ვუყოთ?
_ მეათე საჯარიმოა, ყაზარმაში იმორიგევებს!
_ არის ღენერალო! _ წარმოსთქვა იბონიამ და ბოლო ასეულს ყაზარმაში შესვლა უბრძანა.
ეზო რომ დაცარიელდა, ღენერალმა კვლავაც სმენაზე გაჭიმა იბონია და გამოუცხადა:
_ თეთრი ემოციური სასმელით ლოთობისათვის დათხოვნილი ბრძანდებით! თქვენი წოდება ასმეთაურს ენიჭება!
_ რომელს? _ შეიჭმუხნა ბედს შერიგებული პოლკოვნიკი.
_ ვაჭართუხუცესის დეიდაშვილს რა ჰქვია? _ სახელი რომ ვეღარ გაიხსენა, უნებურად ჩამწყობის სახელი ახსენა სკირგალონემ.
_ ღენტორი!
_ სწორედ მაგას! ახლა გნებავთ, თეთრი სვით, და გნებავთ _ წითელი. სულაც ემოციურ სასმელში ჩაგიხრჩვიათ თავი, ბურნათაებრ! _ დაასრულა ღენერალმა და რაკი მეუღლის სურვილი ღენტორის პოლკოვნიკად დანიშვნის შესახებ, შესრულებულად ჩათვალა, ცხენი შეაბრუნა და მარსის სასახლეს მიაშურა ადიუტანტთან ერთად, სადაც უკვე კარგა ხანია იდგა ვაჭართუხუცეს ზებედეს კარეტა.
ხოლო იბონიამ დანიშვნის ბრძანება და აგლეჯილი სამხრეები ერთი რიგითის ხელით ასმეთაურ ღენტორს გაუგზავნა და თვითონ ცორანოს ქუჩისაკენ გასწია, რომელიმე დუქანში ემოციურ სასმელს დავლევო, ფიქრობდა, შემდეგში, გაღარიბებული, ოჯახდანგრეული (ცოლმა საროსკიპოში დაიწყო მუშაობა), მაწანწალად ქცეული კაცი ტიროდა ხოლმე სიმთვრალისას და მის დაწყნარებას თუ ეცდობოდა ვინმე, გიჟდებოდა და ჩხუბს აუტეხავდა; ღონე კვლავ ერჩოდა და გალახული საჩივლელად გარბოდა; ასე მოხვდა ნაპოლკოვნიკარი სატურნის გიჟთა სასახლეში და იქვე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.
....და ამის დარდი სულაც არ ჰქონდათ ღენერალსა და მის ადიუტანტს, რომლებსაც წეღან მეჯინიბემ ჩამოართვა ცხენები და ახლა მარსის სასახლის ხვეულ კიბეს მიუყვებოდნენ მაღლა.
_ მოდის, ქალბატონო გუტატი! _ დაიძახა მეორე სართულზე, კიკიმორის ბუდუართან მოდარაჯე დიდმკერდიანმა მოახლემ, თან ვითომ ქსოვდა.
_ ათიოდე წუთს გარეთ მომიცადოს! _ გაისმა ცბიერი ხმა.
მოსულნი შედგნენ.
_ ადიუტანტო! მოეშვი მოახლის საგანძურთა ჩაციებით ცქერას და ჩაფრების სამორიგეო პოსტები შეამოწმე!
_ არის, ღენერალო!
_ ოღონდ, _ სკირგალიონე გამკაცრდა, _ არც ერთი წვეთი ემოციური სასმელი!
_ არც წითელი და არც შავი? _ თავი მოისაწყლა ხელქვეითმა.
_ ჯანდაბას, ერთი ბოთლი წითელი ალალია შენზე!
_ გმადლობთ, ღენერალო!
_ წა, წადი ახლა, სანამ გადამიფიქრებია!
ჯერ ისევ კიბეზე მიბაკუნობდა გაგზავნილი, როცა ბუდუარის კარი გაიღო და, - მობრძანებას გთხოვთ ქალბატონიო, - მოახლემ მოახსენა.
სკირგალიონე შიგნით შევიდა.
მაღალი შანდლებით განათებული ოთახის ერთ კუთხეში მოწყობილ სასაუბროსთან ზებედე იჯდა, მშვიდი სახე ჰქონდა და ჩიბუხის წევით ერთობოდა.
ხოლო ოთახის ამაღლებულ ადგილზე დადგმულ ტახტში თითქოს მოწყენილი გუტატი კიკიმორი ჩასვენებულიყო და ჭაობისფერ თვალებს ფინთად ნაბავდა.
ღენერალმა მისალმების ნიშნად თავი დაუკრა სტუმარს და მეუღლისკენ გაემართა.
_ კარგია, რომ მოხვედი, ძვირფასო! _ ბანოვანმა საკოცნელად უბოძა ხელი სკირგალიონეს და, ეს უკანასკნელი რომ ეამბორა, განაგრძო, _ სწორედ თქვენს შესახებ ვსაუბრობდით მე და გამჭრიახი ბატონი ზებედე. დავადგინეთ, რომ ცათა ქალაქის მოძღვართმოძღვარი უნდა ჩამოვაგდოთ!
_ აუჰ, _ შეიცხადა ღენერალმა, _ ეს რა ბრძანეთ?!
_ გაგიკვირდა, სანუკველო? _ დაეკითხა მეუღლე.
_ არა, არც ისე და... რატომ? _ ზებედეს შეეკითხა სკირგა (მარტო ყოფნისას ასე ეძახდა ცოლი).
_ თქვენ უნდა გახდეთ მოძღვართმოძღვარი! _ მიუგო ვაჭართუხუცესმა, არადა ნიკოლოსტრატეს ადგილს თითონ უმიზნებდა.
_ ხომ უეჭველად გიხარია, საოცნებოვ? _ მკაცრად იკითხა გუტატიმ და სკირგამ იმწამს მიუგო:
_ კი, დიახ, კი, როგორ არა!
_ ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგანდოთ, ბატონო ზებედე, ძალიან ეჭვიანი ქმარი მყავს. ვიცი, არ მოეწონებოდა თქვენი სტუმრობა! _ ვაჭართუხუცესს გაუღიმა კიკიმორმა და მაშინვე მომთხოვნი თვალებით ჩაშტერდა თავგზააბნეულ ქმარს. _ ახლა ხომ მიხვდი, ძვირფასო, რაზე ვსაუბრობდით თქვენს მოსვლამდე?!
_ აბა, რა! _ სკირგამ მორცხვად დახარა თავი.
ზებედეს ჩაეცინა.
_ გარეთ გაბრძანდით, ღენერალო, კვლავ შეაკაზმინეთ თქვენი მერანი _ სადღაც გაგზავნით თქვენ და ბატონ ზებედეს...
სკირგამ რაღაცის თქმა მოინდომა, მაგრამ გუტატიმ არ აცალა.
_ დანარჩენს გზაში გაიგებ... და კიდევ, _ აქ ეშმაკურად ჩაიღიმა დიდმა ბანოვანმა და ფარდებჩამოფარებული საწოლისაკენ მიუთითა, _ ღამით, აი, იქ!
ამ დროს ზებედე წამოდგა სავარძლიდან და საფერფლეში ჩაფერთხა ჩიბუხი, ხელი ოდნავადაც არ აკანკალებია.
_ ბატონო ზებედე, თქვენ დარჩით ორიოდე წუთით, რამდენიმე წვრილმანი დეტალია დასაზუსტებელი!
ცოლის მორჩილი ღენერალი კიბეზე რომ ჩადიოდა, ჩექმების ბრახუნით, ერთმანეთს მწველად ჰკოცნიდნენ გუტატი და ზებედე, წეღან გაწყვეტილ ალერსს ამთავრებდნენ; კატისებრ კრუტუნებდა დიდი ბანოვანი, მერე მოიშორა ვაჭართუხუცესი და ასე უთხრა:
_ წადი გადარეულო!.. დიდი მადლობა მეფე-ბეჭდისათვის!


თხრობა მეოთხე

მიჯნურდაკარგული ჩარგაზ ვარსკვლავთმრიცხველი მზის კოშკის ზემო სართულზე, ლაბორატორიაში იჯდა და უაზროდ უცქერდა ციური სფეროების რუკას, მგლებივით შემოჰყმუოდნენ დარდები _ საბრალოს, ის მაინც სცოდნოდა, საგიჟეთში წაიყვანეს სატრფო თუ ციხის გზას გაუყენეს, ანდა ეგებ ყინულეთში უპირებდნენ გადასახლებას.
სხვა მოწაფეებისათვის თავ-თავისი დავალება მიეცა ჩარგაზის მიერ დროებით ხელმძღვანელად დანიშნულ დიდ გეომეტრს, შერლომს, და ახლა, ხურსისთან ერთად, იმაზე იმტვრევდა თავს, მასწავლებლის ახალი გამოგონების _ შორსსაჭვრეტი მილის ხორცშესასხმელი თანხა სად და როგორ ეშოვა.
ლაბორატორიაში შემოსულმა შერლომმა და ხურსიმ მაგიდასთან მიდგმულ სავარძელში მჯდომარე ჩარგაზი დაინახეს _ შავად მბზინავ, მოკლე წვერს ისრესდა ხელით, სახე გაფითრებოდა და ტკივილი _ ხატაურა ვეფხვის ცბიერებით _ ისე იცქირებოდა მისი თვალებიდან, რომ სულს შეგიძრავდა.
შერლომს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მოსამსახურემ შეხსნა კარი და მეცამეტე მოწაფის მოსვლა აუწყა შიგნით მყოფთ.
ცოტა ხნის შემდეგ ლურჯ ანაფორაში გამოწყობილი ჩუკენი შემოვიდა, მარჯვენა ხელში დალუქული გრაგნილი ეპყრა; შეწუხებული ჩანდა.
ჩარგაზი დუმდა.
_ მოგესალმებით, ვარსკვლავთა მესაიდუმლ...
_ აქამდე სად იყავით? _ მკაცრად დაეკითხა მასწავლებელი.
_ დედა მყავს ავად. დასტაქარი მივუყვანე და ისეთი წამალი გამოუწერა, არ იშოვება. დილის შეკრების შემდეგ ურია ქეთართან წავედი, აქვს ხოლმე ძვირფასი წამლები. მაგრამ გაუქურდავთ და ჩემი დარდი არ ჰქონდა... მერე მამა კონდრატეს წარვუდგინე თხოვნა _ მისი ნებართვა თუ მექნა, გამომიჩენენ.
_ მოგცა ნებართვა?
_ უარი მითხრა.
_ ფული არ მაქვს, თუ გამიჩნდა, მოგცემ.
_ დიდი მადლობა.
_ ეგ რა ეტრატი მოგიტანია?
_ ქორეპისკოპოსმა გამომატანა თქვენთან.
ცოტა ხნის შემდეგ ყველა ისმენდა კონდრატეს მიერ შეთხზულ ამბავს:
`წინათ დედამიწა იყო ცისფერი, ლამაზი და უმშვენიერესი მდედრობითი არსება და ერთობ ჩამოჰგავდა ჩემს მეუღლეს, ქალბატონ ფოტინე კიკიმორს. და მთელ სამყაროში არარა გახლდათ მსგავსი მისისა სილამაზისა. დედამიწა შეუყვარდა მზეს _ არც ჩადიოდა, არც ამოდიოდა, არამედ სულ ცაზე იყო. არ იყო დღე, არ იყო ღამე. არამედ იყო მარადი ნათელი. და ცხოვრობდნენ ადამიანები ბედნიერად, რადგან არ იცოდნენ, რა იყო ბოროტება და სიკეთე, და ადიდებდნენ მიწას და მზეს.
მერე გამოჩნდა მთვარე _ ბოროტი ჯადოქარი. იმასაც შეუყვარდა დედამიწა და გარე უვლიდა ბოროტი ტრფობით ყვითლად აგზნებული.
გაიგო ეს ამბავი მზემ, აედევნა მთვარეს. და იშვა დღე და ღამე.
ადამიანთაგან ზოგი მზეს ადიდებდა, ხოლო ზოგი ხეთაგანი _ მთვარეს.
განრისხდა მზე და ცის თაღი დაამხო ადამიანებს. და მოისრნენ ყოველნი.
ხოლო თუ შემდეგ დედამიწასა და მთვარეს ეყოლათ ქამელეონი, რომელსაც კუდი მოძვრა და მისგან იშვა ბოროტ ადამიანთა მოდგმა.
დედამიწას მზისგან ეყოლა ვირთაგვა, მასაც კუდი მოძვრა და იშვნენ კეთილი ადამიანები.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს შემდეგი:
გაუმარჯოს მოძღვართმოძღვრის მიერ სიზმარში ნანახ ვირთაგვას. ჩვენ, კეთილი ადამიანები, მისი შთამომავალნი ვართ.
ძირს მთვარე და ქამელეონი, ყველა მახინჯი და ბოროტი ადამიანი მისი შთამომავალია და მათი ადგილი იქაა, სადაც ჯერ არს~.
ხურსიმ კითხვა დაამთავრა, შერლომს გადახედა და ორივეს სიცილი წასკდა.
_ აბა, რას იტყვით? _ იკითხა ჩარგაზმა.
_ მთელი კაცობრიობა ქალბატონ ფოტინე კიკიმორის შთამომავალი ყოფილა, _ აღნიშნა ხურსიმ, _ და მეცნიერები რაღაზე ვიჭყლეტთ ტვინს?..
_ ზემოთაც ელაქუცება. _ თქვა შერლომმა.
_ ოსტატო, _ უთხრა ჩუკენმა, _ სიტყვიერად დამაბარა, თუ კარგ დასკვნას დაწერთ, ათას მთვარეს მოგართმევო.
_ ეგ თხზულება არც მეცნიერულია და არც პოეტური, სულგაყიდული კაცის დაწერილია. კარგი დასკვნა რომ დავუწერო, მეც გავიყიდები... თუმცა ერთი თქვენგანი მაინც გამცემს...
მერე კოჭიმელის ქუჩაზე მიაბიჯებდა ჩუკენი, უკან, ქორეპისკოპოსთან მიჰქონდა ეტრატი დასკვნის გარეშე. ფული, ფული სჭირდებოდა. რომ დაეწერა კარგი დასკვნა, ათას მთვარეს მისცემდა კონდრატე და იქნებ ცოტა მისთვისაც ერგუნებინა. ეჰ, რა ბრიყვი იყო ჩარგაზი, სულს უფრთხილდებოდა და სულ უჭირდა. ხომ შეეძლო მდიდარი ყოფილიყო და მაღალი ქერუბიმი ეძახათ მისთვის. არა, ასეთი კაცი არ უნდა გყვარებოდა, არ ღირდა მისებურად ცხოვრება. კაცი ქორეპისოკპოსი იყო და ქუდიც იმას ეხურა, და, ალბათ, სკივრები ოქროს მთვარეებით ჰქონდა გამოტენილი, ვერცხლის მზეები და ბრინჯაოს ვარსკვლავები რა სათქმელია...
მთვარეები, მზეები და ვარსკვლავები უკრთოდნენ თვალებში, ყურთ ჩაესმოდა მათი ცნობის წამღები წკრიალი და თრთოდა ჩუკენი...
ხოლო შემდეგში მეცამეტე მოწაფე ქორეპისკოპოსის ჯაშუშად იქცა; მართალია, შერლომისა და ხურსის შეპყრობა ვერ მოახერხა, მაგრამ ჩარგაზს საწამებელში ამოაყოფინა თავი და მისი გამდიდრებით დაეჭვებულმა, მომაკვდავმა დედამ რომ ჰკითხა, შვილო, მოგიკვდეს დედა, ჯაშუშობა ხომ არ დაგიწყიაო, დაეხსნა ეშმაკი, რომელიც გულსა და სულს უთხრიდა აქამდე და, ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, სატურნის სასახლის გიჟების უფროსს, ჯოდორს, რომელმაც მთვარისა გაყიდა ორიათას მთვარედ, შუაღამით ხანჯალი გაუყარა გულში, კაცის სისხლით შეიბღალა სული, მაგრამ ვერც ამან მიანიჭა შვება, ვერაფერი მოუხერხა გამოღვიძებულ სინდისს და, ჩარგაზის დაწვის წინა ღამეს, ამბავთა მოედანზე რომ დიდი ჭადარი იდგა, იმაზე ჩამოკიდა გასანთულლი თოკი და ზედ თავი ჩამოიხრჩო.


თხრობა მეხუთე

მთავარ ქუჩაზე მიაბიჯებდა მეთულუხჩედ (წყლის მზიდავად) გადაცმული პეპე _ მათხოვართა მეფე, ვინც ქალაქელებს ბნელი საქმეების მკეთებლად, დაუნდობელ კაცად მიაჩნდათ, არადა ასეთი სულაც არ იყო. იგი ჩარგაზის სანდო მოწაფეებს ესაუბრა ხომალდის აგების შესახებ, რათა მთვარისას საძებნელად გაპარულიყვნენ.
თავის სამფლობელოსთან, ანუ მდინარის ჭალასთან მიახლოებულმა პეპემ ბრმა მუსიკოსები დაინახა, ქვაფენილზე ისხდნენ, დაკემსილი ფარდაგი გაეშალათ და მოქალაქეთა მოწყალების იმედით ერთი გიტარას უკრავდა, მეორე _ ფლეიტას, მესამე კი _ პირის ჰარმონიკას.
პეპეს გაუკვირდა, აქ საიდან მოფრენილან ეს უცხო ჩიტებიო.
შემთხვევით შემოსულიყვნენ ამ ქალქაში. იმედი ჰქონდათ, დაკვრის ფულით საჭმელი ეყიდათ.
_ წადით ამ ქალაქიდან, _ უთხრა პეპემ, _ თორემ შიმშილით ამოგძვრებათ სული.
_ მთელი ქვეყანა მოვიარეთ, სადღა წავიდეთ? _ იკითხა ჰარმონიკამ (მუსიკოსებს მათი ინსტრუმენტების სახელები ვუწოდოთ პირობითად).
_ ღმერთთან ვიჩივლოთ! _ შესთავაზა ფლეიტამ.
ამ ლაპარაკისას ურია ქეთარმა ჩამოიარა. გამწარებული იყო. ხომ მოგახსენეთ, რაც დაკარგა, სამი იმდენი დამალული ჰქონდა-მეთქი. ჰოდა, გეცოდინებათ, ოქროს ჯოჯოხეთის განათება სცოდნია და რატომ არ უნდა გაეკაშკაშებინა ციხის უფროსის ნახევრადდაბინდული გონება _ კი, იმ გადამალული განძით მოქრთამა იგი ურია ქეთარმა და განთავისუფლების ფურცელიც მყისვე მიიღო; მაგრამ რად გინდა თავისუფლება, თუ ქისაში ერთი ვარსკვლავიც აღარ დაგრჩენია _ სწორედ ამას წუხდა ვაჭარი, როცა ბრმა მუსიკოსებისა და ვიღაც მეთულუხჩის ლაპარაკს მოჰკრა ყური და თვითონაც ასე შეუთვალა უფალს:
_ შეევედრეთ, რომ ზარბაზნებით დაფხრეწილი ციდან ფულის წვიმა მოუვლინოს ცათა ქალაქს. ეგებ როგორმე ამოავსოს ამ გაუმაძღართა ჯიბეები, ქისები, ზანდუკები, ოთახები, სახლები, ეზოები, ქუჩები...
_ ყველაფერს გადავცემთ, _ დაპირდა გიტარა.
ამ დროს ვაჭართუხუცესის კარეტა გამოგრიალდა მოსახვევდიდან, და ცხენთა მიმმართთელმაც ღონივრად მოსწია სადავეები. მაგრამ შუა ქუჩაში ჩამომჯდარმა ბრმა მუსიკოსებმა შეუშალეს ხელი.
კარეტიდან ვაჭართუხუცესი ზებედე და ღენერალი სკირგალიონე გადმოვიდნენ. ურია ქეთარი სასწრაფოდ გაშორდა იმ ადგილს, ჩაფარ-მეზარბაზნეთა მეთაურს მოერიდა. როგორც ჩანს, ზებედეს კარეტით წასვლა არჩია ღენერალმა, საუბრის საშუალება რომ მისცემოდა; ასე რომ, ცოტა ხნის წინ სულ ტყუილად აკაზმინებდა თავის ბედაურს...
_ აქ საიდან გაჩნდით, უცხო ჩიტებო? _ იკითხა ზებედემ, უნებურად გაგიელვებდა, პეპე-მათხოვართა მეფის ფიქრი მოიპარაო.
_ ჩიტი-გვრიტი არ ვიცი მე! დამჯდარან შუა ქუჩაში ეს ვირიშვილები და მოძრაობას აფერხებენ! იმის საშუალებას აღარ მაძლევენ ინკოგნიტოდ ვიმგზავრო! სამივეს საკატორღო სამუშაოებზე გავამწესებ! _ აყვირდა სკირგალიონე.
_ ჩვენ ჩვენთვის ვუკრავთ! _ თქვა ფლეიტამ.
_ ხმა ჩაიკმინდეთ! _ დასჭექა ღენერალმა. _ გააჩუმეთ საკრავები!
მუსიკოსებმა ყურადღება არ მიაქციეს ბრძანებას, დაკვრა განაგრძეს.
_ ჰეი, ჩაფარნო, აქეთ გამოსწით! _ ხმა ჩაეხლიჩა სკირგალიონეს.
მალე ცათა ქალაქელებმა წრე შემოარტყეს ბრმა მუსიკოსებს, რომელნიც არგაგონილ, ზეცის მიღმიერ მუსიკას უკრავდნენ, ნეტარებისაგან სახეები უღიმოდა და თითოეულს ისეთი გრძნობა დაუფლებოდა, რომელიც გაფრენას თუ არ უდრიდა ჯერხნობით, შთაგონების მომატების კვალობაზე, ალბათ, მალე გაუტოლდებოდა; ამ სიტყვის არა მარტოდენ სიმბოლური, არამედ ფიზიკური გაგებითაც და, - აკი ასეც მოხდა:
ღენერლის ყვირილზე მოირბინეს ჩაფრებმა და ის იყო, უნდა შეეპყროთ ბრმა მუსიკოსები, რომ ისინი მაღლა-მაღლა აიწივნენ, აიწივნენ და ზემოთ აფრინდნენ. დაკვრას არ წყვეტდნენ და წრეებს უვლიდნენ პირდაღებული ქალაქელების თავზე. თქვენს დანაბარებს აუცილებლად გადავცემთ უფალსო! _ ჩამოსძახეს მერე მაღლიდან და მალე წერტილებად დაპატარავდნენ უღრუბლო ცაში. გვიანღა იყო არკებუზების სროლა, დაბეჯითებით რომ მოითხოვდა სკირგალიონე.
_ თანამოქალაქენო! _ რიხიანად დაიყვირა ბოლოს ჩაფარ-მეზარბაზნეთა მეთაურმა, _ რაც აქ მოხდა, ის არ მომხდარა ცათა ქალაქში! დიახ!
_ არ მომხდარა! _ კვერი დაუკრა ზებედემ.
_ არც შეიძლებოდა მომხდარიყო! _ ღენერალს შეჰღიმა გვერდით ამომდგარმა მეთულუხჩემ და ჯიბეში მოისინჯა ფულით გატენილი ქისა, რომელიც შეუმჩნევლად შეეჭრა მისთვის. მათხოვართა მეფე _ პეპე იყო.
რაკი ყველა მოქალაქე დაეთანხმა ღენერლის დებულებას, ისიც და ზებედეც კარეტაში ჩასხდნენ და მზის კოშკისაკენ განაგრძეს გზა.
_ იმას მოგითხრობდით, ბატონო სკირგალიონე, _ დაიწყო ზებედემ, _ უყურეთ, რა ხდება!
_ ჰო, ვუყურებ... მამაჩემი კი ქორეპისკოპოსის ცოლთან, ჩემს ცოლისდასთან შეივლიდა...
_ მაგას თავი დავანებოთ და...
_ მაშ, მამაჩემი უნდა იყოს მოძღვართმოძღვრად და მე არა?!
_ ესე იგი, ქალბატონ ფოტინეს ყვარობს?..
_ აბა, რა! თანაც...
_ მომისმინეთ ბატონო! მე და ქალბატონმა გუტატიმ ასე მოვილაპარაკეთ...
_ ჯერ მე ვიტყვი და მერე შენ თქვი!
_ ბრძანეთ, ბატონო!
_ პირადმა ჯაშუშმა მიამბო: თურმე, უბრალო მემაწვნესავით გადაიცმევს, მაწვნის ქილებს ოქროს მთვარეებით აავსებს და ისე ესტუმრება ხოლმე სატრფოს. მოძღვრობის ღირსია?!
_ ახლა მე მომისმინეთ!
_ გისმენთ! _ გაბრაზდა ღენერალი.
_ ჩაფარ-მეზარბაზნენი თქვენ გემორჩილებიან! ხალხიც თქვენ დაგიჭერთ მხარს.
_ კეთილი!
_ ყველაფერს მიაღწევდით, ვიღაცას გათვალული რომ არ ჰყავდეთ!
_ გათვალული? _ გაიოცა ღენერალმა, მერე გაბრაზდა, _ ვინ გამთვალა, მითხარით და ოთხში ამოვიღებ!
_ იმის ოთხში ამოღებას ვერ დამასწრებდით, მაგრამ არ ვიცი, ვინაა.
_ აბა, საიდან გაიგეთ?
_ შერლომმა მითხრა.
_ ვინ?
_ დიდმა გეომეტრმა, ჩარგაზის მოწაფემ.
_ ეგენი ემოციური სასმელისგან არიან გონდაბინდულნი. არ გამოგყვებით! შეაჩერეთ კარეტა!
_ როგორ გეკადრებათ, ბატონო! _ შეწუხდა ზებედე, _ შერლომი ნიჭიერი კაცია...
_ საიდან დაასკვენით?!
_ მან აღმოაჩინა შენობათა სიმაღლის განსაზღვრის კანონი იქ აუსვლელად!
_ სად აუსვლელად?
_ შენობაზე.
_ დიდი ამბავი!
_ მართალს ბრძანებთ, სწორედ რომ დიდი ამბავია, ღენერალო!
_ მე არას ვბრძანებ! შეაჩერეთ კარეტა!
_ ქალბატონმა გუტატიმ ბრძანა, რომ დამიჯეროთ!
_ მაშინ, არ შეაჩეროთ კარეტა!
_ არის, ღენერალო!
_ მაინც სად მივდივართ?
_ მზის კოშკში, ბატონო!
_ იქ რა გვინდა?
_ გიმკითხავებენ ასტრო...
_ რაო, რაო?
_ შეგილოცავენ-მეთქი და...
_ მდაა!
_ მოგეხსნებათ გათვალულობა!
_ ნამდვილად?
_ ნამდვილად!
_ კეთილი.
_ მერე ცოტა ხანში, მოძღვართმოძღვარიც გახდებით და ვანიონი ასე იყვირებს: `დღეგრძელი იყოს მოძღვართმოძღვარი, ჭკვიანი ადამიანი, ღენერალი სკირგალიონე, ძე უღირსი მამისა, ახლა სახრჩობელაზე რომ კონწიალობსო~. ჰა, როგორია?
_ ვინ კონწიალობსო?
_ სადაო? _ ზებედეც კი იბნეოდა ზოგჯერ.
_ ციც! სახრჩობელაზე ვინ კონწიალობსო?
_ მამათქვენი.
_ არ ჩამოვახრჩოთ. რაც უნდა იყოს, მამაა მაინც!
_ ტახტს წაგართმევთ, თუ ცოცხალი დარჩა.
_ ციხეში დავმწყვდიოთ!
_ რა ვიცი, ვნახოთ, როგორ აჯობებს.
_ კეთილი. _ თქვა ღენერალმა და მცირე რამ სარკმელში გაიხედა. _ ფუჰ, კიდევ ვირთაგვები! როგორ მომრავლდნენ ამ ბოლო დროს!
_ მაგას ნუ იტყვით!
_ ვითომ რატომაო?!
_ ვირთაგვა ჩვენი წმინდანია... აი, მოვედით კიდეც. ერთი რჩევა მინდა შემოგბედოთ.
_ გისმენთ.
_ თავაზიანად მოეპყარით მზისკოშკელებს, თორემ ცუდად შეგილოცავენ.
_ კეთილი.
კარეტა კოჭიმელის ქუჩაზე გაჩერდა.
მომსვლელნი გადავიდნენ, მზის კოშკის ჭიშკართან გაჩერდნენ და იქვე დაკიდული ზარი დარეკეს.
ამასობაში შერლომსა და ხურსის ჩარგაზი დაეყოლიებინათ, რომ შეელოცა ღენერლისათვის, რადგან გასამრჯელოთი შორსსაჭვრეტ მილს გააკეთებდნენ.
_ ვინ ბრძანდებით?
_ ვინც საჭიროა!
ჭიშკარი გაიღო.
_ მობრძანდით, გელით ხომლთა მესაიდუმლე.
შევიდნენ.
_ ძალიან ცუდი სუნია, _ ჩაიჩურჩულა ლაბორატორიაში შესულმა ღენერალმა. ზებედეს ღონივრად ჩაჭიდა ხელი და მოწყობილობები შეეთვალიერა.
_ ჩუუ... _ წაუსისინა ვაჭართუხუცესმა და იკითხა, _ ხომ კარგად ბრძანდებით, ბტნ ჩარგაზ?
_ გმადლობთ. აქეთ დაბრძანდით! _ სავარძლებისკენ მიუთითა მოსულებს ვარსკვლავთმრიცხველმა. კუნთი არ ერხეოდა შანდლის შუქებით განათებულ სახეზე. თვალებში თითქოს ცეცხლი ეკიდა.
_ რისთვის გინთიაც ცეცხლი ამ გაგანია ზაფხულში? _ გაოცება ვერ დამალა სკირგალიონემ, თან ანთებული ბუხრისაკენ მიუთითა შერლომს.
_ ცდებს ვატარებთ, ღენერალო!
_ სუუ... _ ტუჩებზე თითი მიიდო ჩარგაზმა, კვლავ სავარძლებისკენ მიუთითა სტუმრებს.
დასხდნენ.
_ რაც უნდა ვთქვათ, ხმა არ გაიღოთ, ბატონებო, _ დინჯად გამოაცხადა ხურსიმ, _ თორემ შელოცვა ძალადაკარგული იქნება.
_ კი, ბატონო! _ მიუგო ზებედემ და მუჯლუგუნის გაკვრით გააჩუმა ღენერალი.
_ ერთი ძველი წიგნიდან გიმკითხავებთ ეტლთა მიხედვით. _ თქვა შერლომმა.
_ ეტლები ქალაქშიც ბევრია! _ უკმაყოფილოდ შენიშნა ღენერალმა.
_ გაჩუმდით!
_ მე ციურ ეტლებზე მოგახსენებთ! _ მიუთხრო შერლომმა.
_ რომელ თვეში დაიბადეთ? _ ჰკითხა ჩარგაზმა და მაგიდაზე დადებულ, ხბოს ტყავში ჩასმულ წიგნს მისწვდა, გადაფურცლა.
_ ცამეტ ნოემბერს.
_ თქვენი ციური ეტლის სახელია ღრიანკალი.
_ ღრიანკალი რაღაა? _ გაიკვირვა ღენერალმა, ძველი ქართული არ იცოდა.
_ მორიელი გახლავთ. _ შეჰღიმა ხურსიმ.
_ ...და ეს კარგია? _ იკითხა ზებედემ, თვითონაც ცამეტ ნოემბერს იყო დაბადებული.
_ ახლავე შეიტყობთ,_ მიუგო შერლომმა.
ჩარგაზმა დაგწყო:
_ `ღრიანკალისა ბურჯი მარიხის სახლი არს და მთოარისა ჰუბუტი და მთიებისა ვაბალი, წყლისაი არს და იგი წყალი, რომელ წვიმისაგან ხევთა შიგან ღუარი შეიქმნების მდინარე და ხევთა წყალი. და ჩრდილოისაი არს და ღამისაი არს და ნედლი არს და დედალ არს...~ * (*გამოყენებულია XII საუკუნის ტექსტი: `ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის~)
ხურსიმ განაგრძო:
_ `კაცის ნივთთაგან ბალღამი მისია. მზე რომ ამ ბურჯში მივა, გვიან ამოვა და ადრე ჩავა. დღეებიდან სამშაბათი მისია და ადგილთაგან საპრობილენი, და ის ადგილნი, სადაც სცემენ და ხოცავენ, არის ავაზაკთა და მპარავთა და ავის მოქმედთა საჯდომი და სახარაბათოი. სულიერებიდან ღრიანკალი და ფუტკარი, წავი და წყლის ჭიები. ფერთაგან ოქრო მისია~.
შერლომმა განაგრძო:
_ `ვინც ამ ეტლზე იშვას, კაცი იყოს პირმრგვალი, თეთრგვრემანი, მომწითურე, მკერდბრტყელი და წვივგრძელი, და ფერდდიდი და თმამრავალი, მწყრომი, მტყუანი და უსირცხვილო. ენაბილწი, უმეცარი. ძალად ძლიერი, სიძვისა და ღვინისმოყვარე. ავის ქმედი. კაცითა მაწყინარი. მისი იარაღია ხრმალი~.
მზისკოშკელებმა დამთავრების ნიშნად მდუმარედ დახარეს თავები.
_ გიშველათ, ბტნ სკრგლნ? _ ასე ჩაეკითხა ვაჭართუხუცესი.
_ ჯერ არ ვიცი, დაბნეული ვარ!
_ მეც დვბნი. მგვიანებით იგრძნბთ შველას... რმდნი მივცეთ?
_ ექვსასი მთვარე ეყოფათ, მგონი! _ ღენერალმა ჯიბეში მოიფათურა ხელი. _ ვაჰ, შენი!.. ჰუბუტი დამიკარგავს!
_ რა ჰუბუტი? _ ვერ მიხვდა ზებედე.
_ ჰუბუტი კი არა, ვაბალი... არა, ვაბალი კი არა, ღრიანკალი... არა, არა, რა ჰქვია?.. ფული დავკარგე!
_ ეს რა დაგმართნიათ, ღენერალო? _ ჩაიჩურჩულა ზებედემ, _ თითოს ხუთასი მაინც დაჭირდება.
_ ძვირია!
_ თქვენმა მეუღლემ დამაბარა, არ იძვიროს, თორემ არ გიშველისო.
_ ღრიანკალი, ჰუბუტი და ვაბალი... კარგი სიტყვებია. მასესხეთ ათასხუთასი ხვალამდე.
_ თქვენ დაბლა ჩაბრძანდით, მე ამათ გავუსწორდები და წამოგეწევით. _ უთხრა ვაჭართუხუცესმა და ქვემოთ რომ ჩადიოდა სკირგალიონე, ჩარგაზთან მივიდა, ჯიბიდან ამოღებული ქისა გაუწოდა, _ აგერ ათასი მთვარე მოგართვათ ღენერალმა!
_ დიდი მადლობა მოგვიხსენებია!
_ მშვიდობით, ოსტატნო.
_ მშვიდობით.
_ ღრიანკალი, ჰუბუტი და ვაბალი... მეშველა ბტნ ზბდ! _ მიახარა ღენერალმა კარეტაში ჩამჯდარ თანამგზავრს, _ მამასაც სახრჩობელაზე ჩამოვკიდებ, აღარ მეცოდება!
_ აბა, რა გეგონათ! _ გაიღიმა კმაყოფილმა ზებედემ, ხვალ ხუთას მთვარეს ჩაიჩხრიალებდა ღენერლისაგან; მერე, ნიკოლოსტრატეს ჩამოგდება გარდაუვალი რომ იქნებოდა, ათი ათასი მთვარის საფასურად გადამალავდა საიმედოდ; შემდეგ სკირგალიონეს ძვირფას ჯილდოს, ასე, ოციათას მთვარეს დაანიშნინებდა ძველა მოძღვართმოძღვრის პოვნისათვის, რა თქმა უნდა, თვითონ შეიპყრობდა _ გაკოჭილს მიჰგვრიდა სასახლეში ახალ მეუფეს, სანდო კაცის სახელსაც დაიგდებდა და ფულსაც იშოვიდა.
_ ღრიანკალი, ჰუბუტი და ვაბალიიი... _ ღიღინებდა ღენერალი.


თხრობა მეექვსე

გამოხდა ხანი.
ერთ სამშაბათ დღეს, როცა გუტატი კიკიმორი ახალშემოსულ ატამს შეექცეოდა, ხოლო ქორეპისკოპოსი კი დანით უთლიდა, რადგან ბუსუსიან კანს ხელს ვერ ჰკიდებდა ეს ცნობილი ბანოვანი, ცათა ქალაქის მოძღვართმოძღვარი ღენერალი სკირგალიონე გახდა.
ზებედემ ათი ათასად მიჰყიდა ნიკოლოსტრატეს სამხედრო გადატრიალების ცნობა და ეს უკანასკნელი ისე გაქრა, ვერავინ გაიგო მისი ადგილსამყოფელი.
ხელისუფლების სათავეში დადგომისთანავე ღენერალმა სკირგალიონემ დააპატიმრა სასახლეში მყოფი ყველა მოსამსახურე, საპასუხისმგებლო პოსტებზე სანდო ხალხი დანიშნა. მხოლოდ ქორეპისკოპოსს ვერ ახლო ხელი, რადგან მისი ცოლისდა ესვა ცოლად.
მოძღვართმოძღვრის პირველი მრჩეველი ვაჭართუხუცესი ზებედე გახდა, ხოლო დედამიწის სასახლის გარშემოვლებულ გალავანზე ახალი კონსტრუქციის ზარბაზნები გადმოდგეს ჩაფარ-მეზარბაზნეებმა და დილა-საღამოს შეკრებებზე მათ დააქუხებდნენ ხოლმე.
ამბავთა მოედანი ვირთაგვის უზარმაზარმა ძეგლმა დაამშვენა, ხოლო მის საპირისპიროდ დიდი ბანოვანის, სილამაზის დედოფლის, ქალბატონ გუტატი კიკიმორის ქანდაკება წამოიმართა.
ცათა ქალაქი უზარმაზარ ყაზარმად იქცა; სამხედროების გახდა ქვეყანაო, _ ჩუმად წუხდა ხოლმე თავის ახლად გახსნილ საფუნთუშე დუქანში ჩამომჯდარი ურია ქეთარი, ვისაც ერთიანად გაუთეთრდა თმა მეფე-ბეჭდის დაკარგვის გამო.
დიადი სკირგალიონე ოცი ათას მთვარეს შეჰპირდა იმ მოქალაქეს, ვინც მამამისის თავს მოუტანდა. დაიწყო დახვრეტები. სახრჩობელებით მოიფინა ცათა ქალაქი. შიში გამეფდა უბრალო ხალხში. ძმა დას არ ინდობდა, შვილი _ მამას. ზეიმობდა სიყალბე, ანგარება, მრუშობა, ერთმანეთის დასმენა და კაცის კვლა.
უზომოდ გაიზარდა სამხედრო ხარჯებისათვის გამოყოფილი თანხა, რადგან მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობდა ახალი მოძღვართმოძღვარი, რათა გეოცენტრიული რწმენა ცეცხლითა და მახვილით გაევრცელებინა.
ამ დროს დაუკავშირდნენ ქვესკნელს და ელჩებიც გაუგზავნეს ჯოჯოხეთის მეუფეს, ქასქანჯიელს მოსალაპარაკებლად _ იქნებ მეზარბაზნე დევები და ქაჯი ჩაფრები ექირავებინათ არმიის გასაძლიერებლად, მაგრამ ფული არ იმყოფინა ჯოჯოხეთის ბატონმა, შენი ხალხის სულები მომყიდეო, შემოუთვალა. მოძღვართმოძღვარი დაეთანხმა ქასქანჯიელის წინადადებას და მისგან დევ-ქაჯნი მიიღო.
ზესკნელთან დამაკავშირებლი კიბის გაკეთებას დიდი მარცხი მოჰყვა _ უგრძესი კიბის ცაზე მიდგმა სცადა მრავალმა პატიმარმა, რომელთაც ქაჯი ჩაფრები ხელმძღვანელობდნენ. კიბემ საყრდენი ვერ მონახა მაღლა, ანდა ბრმა მუსიკოსებმა იხიმანდრეს იქიდან რაღაც, ჩამოვარდა და ადგილზე რომ რამდენიმე ათეული პატიმარი და ქაჯი გაჭყლიტა, მეორე ბოლოთი კუდი ჩამოამტვრია ვითაგვის სკულპტურულ ძეგლს.
ჩარგაზს და მის მოწაფეებს ხმას არ სცემდა არავინ, შორსმჭვრეტი მილი გააკეთეს იმ ხანებში. პეპე-მათხოვართა მეფე, შერლომის ხელმძღვანელობით საზღავო ხომალდს აგებდა მდინარის ჭალაში.
ქორეპისკოპოსი გაათმაგებული სიმკაცრით განაგებდა ურწმუნოთა და მწვალებელთა გამოძიების საბჭოს, თანაშემწედ ქაჯები ჰყავდა, რადგან იმათ ხალხის წამების მდიდარი გამოცდილება ჰქონდათ.
ღენერალი ღენტორი ძალიან კმაყოფილი იყო მეზარბაზნე დევების, ძალა ერჩოდათ და მძიმე ქვემეხებს დააგორებდნენ წინ და უკან, თუმცა მცირე რამ ნაკლიც გააჩნდათ, დროს რომ მოიხელთებდნენ, ღვინის დუქანში გარბოდნენ, ქვევრებს თხრიდნენ მიწიდან და უკანასკნელ წვეთამდე სცლიდნენ, თან ადამიანებსაც დააყოლებდნენ ხოლმე ზედ...
ამასობაში მრევლი შემოაკლდა ეკლესიას, ხალხს რწმენა შეერყა, რასაც ხელი შეუწყო ჩარგაზის მიერ აღმოჩენილმა ახალმა თეორიამ: თურმე, დედამიწა სულაც არაა სამყაროს ცენტრში; მიწა თავის ღერძის გარშემო ტრიალებს და სამყაროს ცენტრში გაჩერებულ მზეს უვლის გარშემო.
სასწრაფოდ შეიპყრეს ქაჯებმა ამ გაუგონარი თეორიის ავტორი და ქორეპისკოპოსს მიჰგვარეს, მხოლოდ შერლომმა და ხურსიმ მოახერხეს გაქცევა მდინარის ჭალაში, პეპე-მათხოვართა მეფესთან, შორსსაჭვრეტი მილიც თან გაიყოლიიეს. და იმავ დღეს ჩარგაზის კოშკს ჭურვები დაუშინეს მეზარბაზნე დევებმა და მიწასთან გაასწორეს.
ქორეპისკოპოსმა ჩარგაზს უბრძანა, საჯაროდ უარი ეთქვა თავის შეხედულებაზე, რაზეც მტკიცე უარი მიიღო და მისი მოუტეხელობით განრისხებულმა კონდრატემ ქაჯებს მიუგდო საწამებლად.
იმხანად ქალაქში ძალიან მომრავლდნენ ვირთაგვები. მათ აღარ ეშინოდათ ადამიანებისა და უზარმაზარ გუნდებად იარებოდნენ, ხოლო საღამოს ყველა ვირთაგვა მთავარ ქუჩაზე იყრიდა თავს და მღრღნელთა დიდი მდინარე ზღვისკენ გასწევდა ხოლმე საჭყუმპალაოდ; გზაში შეხვედრილს, დევი იქნებოდა, ცხენი თუ კარეტა, ყველაფერს ხრავდნენ. ჰოდა, მათი გამოსვლის ჟამი რომ მოაღწევდა, მთავარ ქუჩაზე ვეღარავის ნახავდი. ეგ კი არა, ყველა ქალაქელი ცდილობდა აბჯარ-მუზარადით ევლო და ღამითაც ასევე დაეძინა, რადგან ვირთაგვებისთვის დაბრკოლება არ არსებობდა და ერთ მშვენიერ დილას შენს ლოგინში შეიძლება ძვლებიღა ენახათ.
ისეთი დრო იყო, ჭალის მათხოვრები შიმშილით დაიხოცებოდნენ, ხურსის რომ არ მოეგონებინა დევებზე ნადირობა _ მშვილდ-ისრები გააკეთებინა თავის ხალხს, ისრის წვერს ჭიანჭველის მჟავაში ავლებდნენ და სადმე, უადგილო ადგილს წამოწოლილ, მთვრალ დევს ესროდნენ, რომელიც უმალ კვდებოდა და მერე მის მწვადებს აშიშხინებდნენ ნაკვერცხლებზე. ეს რა გემრიელი ხორცი ჰქონიაო, უკვირდა შერლომს და პეპეც ეთანხმებოდა, ასეთი საუცხოო რამ სიცოცხლეში არ მიგემიაო. კლებულობდა მეზარბაზნე დევთა პირადი შემადგენლობა და გამოთაყვანებულ ღენერალ ღენტორს ეჭვი ჰქონდა, ალბათ, ისევ ჯოჯოხეთში იპარებიან ანდა ვირთხები ჭამენო. ასევე მოახსენებდა ხოლმე რკინის ჯავშანში ჩამჯდარ მოძღვართმოძღვარს, რაზეც ცოფებს ყრიდა ეს უკანასკნელი და, სულები რომ მივყიდე, ისევ უკან წავართმევ ქასქანჯიელსო, იქადნებოდა. მაშ, თავებს ვინღა ყრის ყოველ დილით ამბავთა მოედანზეო? _ კითხულობდა გამჭრიახი ზებედე და სკირგალიონე ახლა ღენტორს უტრიალებდა მკვდარსა და ცოცხალს, თავის მაგიერ ცარიელი გოგრა გადგას მხრებზეო.
....და მიუხედავად ამბავთა მოედანზე მდებარე ხვრელში ყოველდღიურად ჩასხმული უამრავი წყლისა, მიწისქვეშ დაგზნებული ცეცხლი რომ უნდა ჩაექრო, იქიდან ამომავალი კვამლი უფრო და უფრო მატულობდა.


თხრობა მეშვიდე

მას შემდეგ, რაც მოძღვართმოძღვარმა დევებს ადამიანების ჭამა აუკრძალა, კვლავ გამოცოცხლდა ცორანოს ქუჩა, სადაც სალხინო დუქნები იყო მოწყობილი.
ვიღაც ლოთი თავის ჭკუით მღეროდა, მაგრამ სინამდვილეში იმხელას ბღაოდა, მისი ხმა ვირთხის სასახლემდეც აღწევდა, სადაც შანდლებით განათებულ მდიდრულ დარბაზში გაწყობილ მაგიდას უჯდა ქორეპისკოპოსი კონდრატე. შეწუხებული იყო და ორივე ხელით პირში იტენიდა საჭმელს _ ნერვიულობისას სჩვეოდა უზომო ჭამა, რაზეც ცხვირს იბზუებდა დიდ სარკესთან ჩამომჯდარი ფოტინე კიკიმორი.
_ ასე თუ გაგრძლედა, _ სახეს მანჭავდა კონდრატე, _ გავღარიბდები და მათხოვრობას დავიწყებ. არა მგონია, დამაპატიმრონ. ხომ შემიბრალებს ხალხი?
_ ხალხი? _ დაეკითხა ქალბატონი ფოტინე, თან სარკეში იცქირებოდა და მოფრანგთა ფერ-უმარილს იცხებდა, _ რა არის ხალხი?
_ რა არის და...
_ ბრბო, ძვირფასო, ბრბო და სხვა არაფერი! შენ ვერ უძღვები. დამჯდარხარ მუცელმოღორებული და ჩივილით მიჭედავ ყურებს. თუ გგონია, ძალიან ვიდარდებ, შემცდარხარ, საყვარელო! ავდგები და ღენტორის საყვარელი გავხდები. მართალია, მოძღვართმოძღვარმა ისევ პოლკოვნიკად ჩამოაქვეითა, მაგრამ ისევ ჩაფარ-მეზარბაზნეთა უფროსია და ძალიანაც გავლენიანი კაცია. იცი, რა გაოგნებული მიყურებდა გუშინ, ამბავთა მოედანზე?
_ ხმა ჩაიკმინდე, სულელო! _ შეჰყვირა კონდრატემ, უარესი გაცხარებით განაგრძო ჭამა და ისევ ხმამაღლა დაიწყო ფიქრი, _ დიადმა ღენერალმაც წელში გაგვწყვიტა. სანამ ნიკოლოსტრატე იყო, თვეში ხუთას მთვარეს ვიხდიდი, ახლა ორი ათასი მთვარეა დაწესებული! რადგან ციხეებში ადგილი აღარაა. გამოძიების საბჭოში კი ქასქანჯიელის თანაშემწე ბელიაზარი მოვიდა. ისაა ნამდვილი ხელმძღვანელი, ვერც იქ გააკეთებ ფულს.
_ მშვენიერი კაცია პოლკოვნიკი. რა უშავს, თუ ცოტა მელოტია. სამაგიეროდ ტემპერამენტიანი მამაკაცი ჩანს. კარგად მაცხოვრებს, ცივ ნიავს არ მომაკარებს. _ ამბობდა ფოტინე და თმას ივარცხნიდა.
_ გაჩუმდი, კუდიანთა დედოფალო! _ დაუყვირა ქმარმა.
_ ოქროს სამკაულებსაც მიყიდის! _ თავისას განაგრძნობდა ბანოვანი.
_ მე შენ გიჩვენებ! _ იყვირა კონდრატემ და მეუღლისკენ გაექანა, მაგრამ სავარძელს წამოედო და გაიშხლართა.
ქალი ხმამაღლა აკისკისდა.
წამოხტა განრისხებული კონდრატე და ცოლს დაედევნა.
კიკიმორი მრგვალ მაგიდას ურბენდა გარშემო. კისკისს არ წყვეტდა. კაცი ვერ დასწეოდა და გამწარებული სხვადასხვა ნივთებს ესროდა ვნებიანად ატკარცალებულ დიაცს, თან ასე ფიქრობდა: `უჰ-უჰ, ქალიც ასეთი უნდა - ყველაფერი უთრთის!~
_ ეჰ, დამიბერდი, ძ-ვირრრ-ფასო, ჩამიხჩუვდი! _ იცინოდა ფოტინე.
გარედან ყვირილი შემოესმათ.
სირბილისაგან ლოყებაწითლებული ბანოვანი ფანჯარასთან მიგოგმანდა, ფარდა გადასწია და გამოაღო.
ქორეპისკოპოსმაც გაიხედა.
ქუჩაში მხრებში აწურული, ბანჯგვლიანი და ერთობ დარცხვენილი დევი მიიპარებოდა _ მშიერი ყოფილიყო და ვინმე კაცი შემოჭმოდა.
ცოლ-ქმარი შიგნით შებრუნდა. მაგიდასთან დასხდნენ და ბეჯით ფიქრს შეუდგნენ. ქორეპისკოპოსს სჯეროდა, რომ ფოტინე გამოსავალს იპოვიდა, იმ უბედური შეჭმულის დარდი, როგორც ასეთი, სულაც არ ჰქონდა _ დევები მხოლოდ ღარიბებს ჭამდნენ.
_ აა, მოვიფიქრე! _ თქვა ბანოვანმა.
_ რა მოიფიქრე? _ ვითომ შეუღრინა კონდრატემ.
_ ჯერ შემირიგდი!
_ არა!
_ მაშინ არ გეტყვი!
_ შეურიგებლად მითხარი.
_ ოდესმე ხომ უნდა მაკმარო განრისხება, ჩემო ფისუნიავ, ჩემო გუგულო, ჩემო ბაყაყო...
_ მაშ, მე ღენტორს აღარ ვჯობივარ?
_ გაეჭვიანებდი, ჩემო ღიპუნიავ, თორემ ასჯერ სჯობიხარ!
_ ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ უამურ ფიქრებს. შევრიგდეთ, საოცნებოვ! _ აღფრთოვანებული კონდრატე მეუღლეს ეამბორა.
_ მიყიდი ჭიჭნაუხტის კაბას?
_ რა ღირს?
_ ათასი მთვარე.
_ რა ამბავია, მაგ ფულით ფაეტონს ვიყიდი!
_ გუტატიმ იყიდა, მოდაშია ახლა.
_ კარგი, გიყიდი, ოღდნ მითხარი...
_ სასწაული მოვიგონოთ, ჩემო ზღარბუნიავ! _ ქალბატონი ფოტინე კალთაში ეჯდა მეუღლეს და ჯაგარივით თმაზე ეფერებოდა თლილი თითებით _ რაღაცნაირად, ცუდად ლამაზი ქალი იყო.
_ რა სასწაული?
_ გახსოვს ჩარგაზი, მტრად რომ გყავდა გადაკიდებული? მეც ყოველთვის უარს მითვლიდა სტუმრობაზე. მოკლედ, ორივე ვძულდით. დახასიათებაზეც უარი შემოგითვალა. მერე ახალი თეორია მოიგონა, ხალხს ეგოცენტრიული რწმენა შეურყია და ამიტომ დაკარგე მრევლი.
_ ჰო, სულ მაგის ბრალია!
_ ახლა სადაა?
_ ჩემთან მიზის!
_ ჰოდა, ჩარგაზი ჯვარზე გავაკრათ.
_ ჯვარზე?!
_ ჰო. და ხალხით აივსება ეკლესია. დევ-ქაჯნიც კი მორწმუნეები გახედბიან!
_ მერე მერე რა?
_ შემოსავალი გაგიჩნდება. სულ წკრიალ-წკრიალით შემოგივლენ მთვარეები.
_ პატარა ჯვარი მაქვს ეკლესიაში, იმაზე რომ არ დაეტევა? _ შეწუხდა კაცი.
_ დურგლებს ხის ჯვარს გააკეთებინებ, სწორედ ისეთს, უფალი რომ იყო მილურსმული.
_ ვარსკვლავთმრიცხველს ყველა სცნობდა. მიხვდება ვინმე და მეყოლე მაისის ვარდივით. გამაქრობენ!
_ დიდი ხანია, რაც შენთანაა?
_ ორი-სამი წელი იქნება.
_ ხომ აწამებენ ქაჯნი დროდადრო?
_ როგორ არა!
_ აბა, ვინღა იცნობს?
_ თვითონ არ დამეთანხმება. ძალიან უყვარს უფალი და ამას მკრეხელობად ჩათვლის.
_ აწამე და გონს რომ დაკარგავს, მერე მიალურსმე. შემდეგ კი ყოველღამ აწამებინე ხოლმე. იცი, ვის?
_ ვის?
_ იმ დურგლებს!
_ რომელ დურგლებს?
_ ვინც ჯვარზე გააკრავს. სხვებს ნუ გაიყვან საქმეში. იმათ ბევრ ფულს შეჰპირდი...
_ მერე დედას ვუტირებ იმ დურგალ-მურდლებს და იმათი მისაცემი ფულიც მე დამრჩება!
_ კარგად მიხვდი!
_ ხედავ, რა კარგი რამ მოვიფიქრე? _ ფოტინეს გამოგონება მიისაკუთრა ქორეპისკოპოსმა.
_ ბრძენთა ბრძენი ხარ, ჩემო ძ-ვირ-ფასო! _ ქმარს გაუღიმა დიაცმა, _ ახლა წადი, საქმეს მიხედე! _ დაამატა მან და დარბაზიდან ფეხაჩქარებით რომ გავიდა კონდრატე, გუგულიან საათს შეხედა კიკიმორმა _ წინასწარ დათქმულ საიდუმლო საათზე კარეტა მოადგებოდა ვირთხის სასახლეს, სადაც ჩაფრად გადაცმული პოლკოვნიკი ღენტორი იჯდებოდა და ერთი ნაქირავები სახლისკენ გასწევდნენ ორივენი.



თხრობა მერვე

ჭრიალით გაიღო დედამიწის სრა-სასახლის კარიბჭე, ჟღარუნით გადმოეშვა ხიდი და იქიდან გამოგრიალებული კარეტა ამბავთა მოედანზე გაჩერდა.
დილის შეკრებაზე მოსული ცათაქალაქელები საუკუნოვან ჭადართან შეკრებილიყვნენ და ზედ მიკრულ ქაღალდს კითხულობდნენ:
`ნელ-ნელა იხვრიტება ზეცა ზარბაზანთა სროლისაგან და შესაძლოა, ზემოდან უბედურება დაგვატყდეს. არც მომრავლებული ვირთაგვები დაგვაყრიან ხეირს. ისიც დასაშვებია, რომ მიწისქვეშა ცეცხლმა გადაბუგოს ჩვენი ქალაქი. სანამ დროა, ჩამოვაგდოთ პირსისხლიანი სკირგალიონე და გავანთავისუფლოთ ჩარგაზი. გაუმარჯოს სამყაროს ჭეშმარიტ მოდელს - ჰელიოცენტრიზმს!~
ამ თხზულებას ხელს აწერდნენ პეპე-მათხოვართა მეფე და ხურსი. მდინარის ჭალის გარდა მათ ყველგან დაეძებნენ ჩაფრები, მაგრამ როგორ იპოვიდნენ, როცა სწორედ იქ იმალებოდნენ, თანაც გვირაბს თხრიდნენ ციხემდე და ჩარგაზს უპირებდნენ განთავისუფლებას, მერე ზღვით უნდა გაპარულიყვნენ ცათა ქალაქიდან; შერლომის ნახაზების მიხედვით აგებული ხომალდი, რომელსაც `ნოეს კიდობანი~ დაანათლა ხურსიმ, ერთ მოფარებულ ყურეში ედგათ.
კარეტიდან გადმოსულმა ვანიონმა სასწრაფოდ ჩამოხია ეს საბუთი და ერთ ჩაფარს გაატანა ვაი-უშველებელ ღენერალთან, თუმცა იმას ეს ნაწერი ვერ გააკვირვებდა, რადგან ყოველ დილას ასეთი ქაღალდების დასტები მიჰქონდათ ჩაფრებს.
ამბავთა მოედნის ციფარნაგზე იდგა ვანიონი, თეთრ ანაფორს ქარი უფრიალებდა და ქალაქელებს ათვალიერებდა _ ყველა აქ იყო.
ხალხში ჩაფრები იდგნენ და დაძაბულობისგან ყურები გადიდებოდათ, რათა არაფერი გამოპარვოდათ.
მოშორებით მწყობრად იდგნენ მეზარბაზნე დევთა შეთხელებული ნაწილები.
ყველას მტრედები ეჭირა ხელში.
_ მრავალჟამიერ, ცათა ქალაქის მოძღვართმოძღვარო, ბრძენო, კეთილო, ცებზე მაღალო, კაშკაშა ადამიანო, ძეო უღირსი მამისა, ვაი-უშველებელო სკირგალიონე!
_ მრავალჟამიერ! _ იყვირა ყველამ და მტრედები ცას შესტყორცნეს.
იქუხეს არკებუზებმა, იგრიალეს ზარბაზნებმა.
დიაკვანი ხიო არისხებდა ეკლესიის ზარებს და თან კეთილებს უტრიალებდა ვაი-უშველებელს.
ამ დროს იპარავდა უმათხოვრებოდ დარჩენილი (ღენტორის ბრძანებით დევებმა ყუმბარები დაუშინეს მდინარის ჭალას და ყველა გაწყვიტეს) პეპე სანოვაგეს.
ვანიონმა ხელი ასწია და ხიომ ზართა რეკვა შეწყვიტა.
_ კეთილ დღეს გისურვებთ მოძღვართმოძღვარო! _ დაიწყო ეტრატის კითხვა. _ გაცნობებთ, რომ გუშინ მეზარბაზნე დევებმა ჩაძირეს უბაჟოდ ჩავლილი სამი იალქნიანი ხომალდი, გაურკვეველი მიმართულებით რომ მიდიოდნენ და იმედია, ბოროტი ზრახვებიც ედოთ გულში; ხოლო ნაპირზე გამოცურებული მეზღვაურები დახოცეს ჩაფრებმა, რითაც ძალზე აამეს ჯოჯოხეთის მეუფეს, ქასქანჯიელს. და, რა თქმა უნდა, ვაი-უშველებელ ღენერალ სკირგალიონეს; ამ ამბით ფრიად კმაყოფილმა მოძღვართმოძღვარმა თავის უსათნოეს თანამეცხედრესთან ერთად ვახშმად მიირთვა: ათი ბატკნის ჩაქაფული, ხუთი შემწვარი გოჭი, სამი მშრალად მოხარშული ხბო, ერთი თონე შოთი პური, მხალეული გემოვნების მიხედვით, ერთი ბარკალი რაჭული ლორი, ოცი კეცზე შემწვარი ვარია იმერულად, ათი თავი მეგრული ყველი, ეგრეთ წოდებული სულგუნი და ვინეგრეტი ცხრა თეფშის რაოდენობით. ვაი-უშველებელმა შესვა ერთი კათხა მომწვანო, ემოციური სასმელი, `შამპანური~, რომლის დიდი პარტია მოფრანგთა ქვეყანაში შევიძინეთ და იგივე სასმელი მიირთვა ქალბატონმა გუტატიმაც. ამ დროს წარმოითქვა სადღეგრძელო: `გაუმარჯოს ცათა ქალაქს და აქ მცხოვრებ მშრომელ ადამიანებს!~ ეს სადღეგრძელო შეისვა გულწრფელობის ვითარებაში. ბოლოს კი ორივემ ჩაროზად მიირთვა ათი ქილა ლეღვის მურაბა.
ვაი-უშველებელსა და მის მეუღლეს ეძინათ კარგად, არ ხვრინავდნენ და სიზმარი არ უნახავთ. დილით, მამლის ყივილისას ადგნენ ორთავენი და შეუდგნენ შრომას ჩვენს საკეთილდღეოდ.
ღენერლის თხოვნით გაცნობებთ, რომ კვლავ გაიზრდება დევქაჯთა არმიის პირადი შემადგენლობა, რადგან დევთა სიკვდილიანობის გამო ჯერხნგობით ვერ მოხერხდა მსოფლიოს დასაპყრობალდ გალაშქრება, რათა გეოცენტრიული რწმენა ყველგან გავავრცელოთ. ამასთან დაკავშირებით, გაიზრდება მოქალაქეთა სამხედრო ბეგარა. სამაგიეროდ, უფასოდ დაგირიგდებათ ხელსაწმენდი ქაღალდები და, შესაძლოა, ჩანგლებიც.
გაცნობებთ, რომ ფიჯის არქიპელაგის კუნძულებზე შეძენილია მოლაპარაკე თუთიყუშები და მალე ფასდაკლებით გავყიდით ბაზრობაზე.
სამუდამოდ იკრძალება ქლიავის ხის გაზრდა, მისი ნაყოფის ჭამა და, აგრეთვე, შემოტანა ცათა ქალაქში. ვინაიდან ჩვენ არ გვჭირდება გამოქლიავებული მოქალაქენი, ჩვენ გვინდა ისეთი ხალხი, სამი ბუღას ჯანი რომ ჰქონდესთ!..
ეს გამონათქვამები კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორი ზრუნვით ეკიდება ვაი-უშველებელი უბრალო ხალხის გულისთქმას.
_ მრავაჟამიერ, ვაი-უშველებელო! _ ერთხმად იბღავლა ყველამ...
დაიწყო ცათა ქალაქის ჩვეულებრივი დღე.
გუგუნით ამუშავდა ზარბაზნების ქარხანა.
დევებმაც აახრიგინეს თავიანთი იარაღი.
ქაჯთა ჩექმები აბრახუნდა ქვაფენილზე.
გაიღო დუქან-ქარვასლები.
ადგრიალდნენ ეტლები, ფაეტონები და კარეტები.
ეს ხმები მიყრუებულად აღწევდა მიწისქვეშა გვირაბში მჯდარ შერლომამდე, გაფაციცებით რომ ჩაჰკირკიტებდა სანთლებით განათებულ ნახაზებს. მეამბოხეებს ამ დილისათვის გვირაბი მიეყვანათ ჩარგაზის საკნამდე, მაგრამ პატიმარი იქ არ დახვედრიათ.
სხვაგან ხომ არ მოვხვდითო, დარდობდა დიდი გეომეტრი და ხურსი არწმუნებდა შეცდომა ნამდვილად არ მოგსვლიაო.
პეპე მათთან აღარ იყო, მეთულუხჩედ გადაეცვა და ეკლესიასთან იდგა, იქნებ რაიმე შევიტყო ჩარგაზის შესახებო, ფიქრობდა და ქორეპისკოპოსის მოსამსახურე ერთი ნაცნობი დურგლის მოსყიდვა განეზრახა.
რამდენიმე მორწმუნე მოხუციც იდგა ეკლესიის ეზოში, სანთლები ეჭირათ და კარის გახსნას უცდიდნენ.


თხრობა მეცხრე

კარგა ხნის შემდეგ დილაუთენია გამოჩნდა ნიკოლოსტრატესთან ერთად გამომთვრალი დიაკვანი ხიო და ეკლესიის კარი გააღო.
მლოცველები შევიდნენ შიგნით, სანთლები აანთეს, საკურთხეველთან აპირებდნენ მისვლას, მაგრამ დაინახეს, რომ იქვე ხის დიდი ჯვარი იყო აღმართული, რომელზეც მკვნესარე კაცი მიელურსმათ _ თავი ჩამოვარდნოდა, ხელის გულებიდან და ფეხის ტერფებიდან სისხლი ჩამოსვლოდა.
გაქვავდნენ მლოცველები.
მერე ერთი მათგანი გონს მოეგო, სანთელი მოისროლა და გარეთ გავარდა ყვირილით:
_ სასწაული! ნამდვილი სასწაული!
_ ნამდვილი ღმერთია ჯვარზე! _ იყვირა სხვამ და იმანაც გარეთ მოკურცხლა.
დანარჩენებიც მიჰყვნენ.
დიაკვან ხიოს გული გაუხდა ცუდად, ახლა კი მეტირა ყოფაო, იფიქრა და ფილაქანზე ჩაჯდა, თუმცა ჯვარცმულს არაფერი უთქვამს მისთვის და ისიც ჩუმად გამოიძურწა ეკლესიიდან და სახლისკენ მოუსვა, რათა ძველი მოძღვართმოძღვრისთვის ეცნობებინა ეს ამბავი.
მალე ქალაქში გადაძახილი და ღრიანცელი ატყდა; და ეკლესიის სარდაფში ჩაიყვანა ქორეპისოპოკოსმა წინა ღამით ნამუშევარი დურგლები, კარი გადაურაზა, თვითონ კი ზემოთ ამოვიდა და ხიო რომ ვეღარსად იპოვა, თვითონ დააგუგუნა ზარ-ზანზალაკები.
კონდრატეს ერთი დურგალი დაემალა საოსტიგნოში და, შავანაფორიანი გამოძიების საბჭოს თავმჯდომარე რომ კიბეს აუყვა ზემოთ, გარეთ გავიდა და წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს ვიღაც მეთულუხჩემ დაუძახა. ხომ მიხვდით, ვინც იქნებოდა?!
ეკლესიას მიაწყდნენ ცათაქალაქელები.
ტევა აღარ იყო შიგნით და გარეთ.
დევ-ქაჯებმაც კი დაივიწყეს თავიანთი მოვალეობა და აქ მოგროვდნენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, ურია ქეთარმაც კი მიატოვა თავისი სორო-დუქანი და ისიც ამბავთა მოედანზე მოვიდა; თუმცა მალე მოსწყინდა ხალხის ყაყანი და შინ დაბრუნდა.
მოქალაქეები მხრებს იჩეჩავდნენ, ხელებს იქნევდნენ, ცხარედ კამათობდნენ, უკვირდათ.
ზოგიერთმა შიგნით მოხვედრილმა ირწმუნა, რომ ღმერთი იყო ჯვარზე და ემუდარებოდნენ:
_ როდემდე ვიშიმშილო, საჭმელი მიბოძე, ღმერთო!
_ სახლი ამიშენე, აგრემც გენაცვალები!
_ დაკარგული ასი მთვარე მაპოვნინე, უფალო!
_ ყველა მარწმუნებს, ბრიყვი ხარო, დამაჭკვიანე!
_ ჩემი მამამთილი მოკალი, ღმერთო!
_ სულ ამოწყვიტე დევები, შვილი შემიჭამეს!
_ თუ მართლა ღმერთი ხარ, აბა, ოქროს წვიმა მოგვივლინე!
_ ემოციური სასმელის წვიმა სჯობია!
_ პირდაპირ მილსადენებიდან დავლევთ შენს სადღეგრძელოს!
_ მე მორიელად მაქციე, რომ ჩემს ძმას ვუკბინო და ის ბილწი სული ტანჯვით ამოვხადო!
_ ბრმა მუსიკოსად მაქციე, მინდა, ცაში ავფრინდე!
_ სამასი მთვარე მასესხე უფალო!
ამ საბრალო მონებს ნატვრაც არ შეუძლიათო, _ ცოტა ხნის შემდეგ გულისტკივილით ფიქრობდა პეპე და მდინარის ჭალისკენ მიდიოდა, რათა მეგობრებისთვის ეცნობებინა ჩარგაზის ჯვარზე გაკვრის ამბავი.
ქორეპისკოპოსი ქადაგებდა და თან საკურთხევლისკენ გააპარებდა ხოლმე თვალს, სადაც შესაწირ მთვარეებს დებდნენ.
თანაშემწეს სინით გაჰქონდა სამლოცველოში და ტომარაში ჩააჩხრიალებდა ხოლმე, სადაც კონდრატეს სანდო ჩაფარი იდგა.
`არ მოიპაროს, ამ სულძაღლმა!~ _ მაინც შიშობდა შავანაფორიანი მქადაგებელი.
ამბავთა მოედანზე ისევ გაუთავებელი ყაყანი იდგა, როცა ვანიონი ფიცარნაგზე შედგა და იყვირა:
_ მრავალჟამიერ, დიად ღენერალს!
_ მრავალჟამიერ!
_ დევ-ქაჯნო, გაყარეთ ხალხი! _ ბრძანა ამბავთა ოსტატმა, _ მოძღვართმოძღვარი მობრძანდება!
ისინიც დაფაცურდნენ და მალე მთელი მოედანი დააცარიელეს _ აწივლებულ მათრახებს გაექცა ხალხი.
მოედანზე ოქროს კარეტა გაჩერდა.
_ მრავალჟამიერ, გუტატი და სკირგალიონე! _ იყვირა ვანიონმა.
_ მრავალჟამიერ!
კარეტიდან მწვანეფორმიანი ვაი-უშველებელი გადმოხტა და ხელი შეაშველა თეთრ კაბაში გამოწყობილ, ბრილიანტებში ჩამჯდარ თანამეცხედრეს.
ზებედე კი თავისით გადმოვიდა, მიუხმარებლად...
_ ვაშაა! _ იყვირეს არმიელებმა.
ეკლესიიდან ქორეპისკოპოსი გამოვიდა ფაცხაფუცხით, მიელაქუცა ძვირფას სტუმრებს, მაგრამ ვინ უსმენდა, სწრაფად შევიდნენ შიგნით.
მთხრობელს აუცილებლად მიაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ტყუპი დები, კიკიმორები ერთმანეთს არ ენდობოდნენ. ასე რომ, ამ ყალბი ჯვარცმის შესახებ არაფერი უწყოდა გუტატიმ.
მოსულნი ჯვარცმასთან იდგნენ და გაწამებულ ადამიანს აკვირდებოდნენ.
_ მართლა ღმერთი ხარ? _ დაეკითხა სკირგალიონე.
წამებული დუმდა.
_ მეშინია! _ თქვა გუტატიმ.
_ მეც! _ იკნავლა ზებედემ.
_ მე ქასქანჯიელთან მილაპარაკია პირადად. ასე რომ, არც ღმერთის და არც ეშმაკის არ მეშინია. ხმა ამოიღოს, თორემ გავროზგავ! _ თქვა ღენერალმა, მკაცრი სახე მიიღო და მათრახი იპყრო ხელთ; და ქმრის ასეთმა მოულოდნელმა სახეცვლილებამ ძალიან გააკვირვა ქალბატონი გუტატი, არ ეგონა, თუ ასეთი ვაჟკაცი იყო, ანდა იქნებ ქასქანჯიელთან სტუმრობისას გავაჟკაცდა, ვინ იცის.
_ დამშვიდდით, ვაი-უშველებელო! _ ითხოვა ქორეპისკოპოსმა.
_ ხმა ამოიღოს-მეთქი!
ზებედეს მთლად დაეკარგა ფერი და, აქამდე ეს როგორ მიყვარდა, ეს საფრთხობელაო, ფიქრობდა კიკიმორი.
_ ჩემო მთვარისა, ისე მიყვარხარ, როგორც სიცოცხლე! _ თქვა ჩარგაზმა.
_ ამასაც მთვარისა ჰყვარებია! _ იწყინა ქალბატონმა გუტატიმ. _ გესმის, ზებედე?
მაგრამ ზებედე უკვე გაპარულიყო ეკლესიიდან.
_ ჩემი არ გეშინია? _ დაეკითხა ღენერალი.
_ შენი ყველას ეშინია, ამიტომ შენც ყველასი გეშინია!
_ მე არავისი არ მეშინია, თვით შენიც კი! _ დაიღრილა ვაი-უშველებელმა და მათრახი წივილით გადაუჭირა ჯვარცმულს.
გატანჯულ ჩარგაზს მეტი აღარც სჭირდებოდა, გონი დაკარგა და სხვა დარტყმები აღარ უგრძვნია...
მერე ოფლმომსკდარმა ღენერალმა მათრახი მოისროლა, ხელკავი გამოსდო აკანკალებულ მეუღლეს და გარეთ გავიდნენ.
_ ხვალამდე აცალეთ, პატივცემულნო, და ყველაფერს გიპასუხებთ! _ დიად სტუმრებს აედევნა ეპისკოპოსი.
_ მომწყდი თავიდან, შე ვირიშვილო! _ შეუღრინა ვაი-უშველებელმა.
ეკლესიაში შეიძურწა კონდრატე.
_ ამბავთა მოედანზე, მთელი ეკლესიის გარშემო ზარბაზნები დადგით, ჩემო დევებო, კაციშვილი არ გააკაროთ ჯვარცმულს! _ კარეტაში ჩაჯდომამდე ბრძანა ღენერალმა.
მალე კარეტა დედამიწის სრა-სასახლის ჭიშკარში მიიმალა.
ხოლო დევებმა ზარბაზნები გამოაგორეს ქარხნიდან და ეკლესიასთან მისასვლელი გზები შეკრეს.
ქორეპისკოპოსმა კი იმ დღეს შემოწირული ფული საკუთარ ფაეტონში ჩაადებინა მსახურს და ვირთხის სასახლისკენ გასწია, სადაც მოუთმენლად ელოდა ქალბატონი ფოტინე.



თხრობა მეათე

უფლის გამათრახების გაამაყებულ ვაი-უშველებელს საკუთარმა შვილმა, ქობულმა ათი მთვარის საფასურად მოუთხრო დედამისისა და ბიძია ზებედეს უგულო მტლაშა-მტლუშის ამბავი, რომელიც საკუთარი თვალით ეხილა, და განრისხებულმა სკირგალიონემ პირად მცველებს უბრძანა, ორთავე ზარბაზნებზე მიეკრათ მაგარი თოკებით და იმ ზარბაზნებიდან გაესროლათ.
ზარბაზნებზე მიკრული საყვარლების კივილ-ყვირილი, მერე წივილ-ხავილი, რომელიც ბოლოს გრიალმა ჩაახშო, მდინარის ჭალაში მოესმათ პეპეს, შერლომსა და ხურსის, რომელინც იმაზე მსჯელობდნენ, რა გზით დაეხსნათ ჩარგაზი ახალი სატანჯველიდან.
დედამიწის სრა-სასახლის გალავანზე უნდა აპარულიყვნენ ხურსი და შერლომი, მოწამლული ისრებით დაეხოცათ დევები, მერე ზარბაზნები დაეშინათ დევ-ქაჯთა პოსტებისათვის; ხოლო პეპეს არეულობით ესარგებლა და ჩარგაზი გამოეხსნა.
მდინარის ჭალაში ჩაიყვანდნენ ვარსკვლავთმრიცხველს, გვირაბით ჩავიდოდნენ ყურეში გაჩერებულ ხომალდამდე და წავიდოდნენ.
ღენერალი სკირგალიონე კი სულ სხვანაირ გეგმას ადგენდა პოლკოვნიკ ღენტორთან ერთად: საღამოს, როცა მთავარ ქუჩაზე ვირთაგვების ჯოგი გამოვიდოდა, შენობათა აივნებზე იდგებოდნენ ჩაფრები და სათლებით ნავთს გადაასხამდნენ ამ საზიზღარ მღრღნელებს; კარგად რომ დაასველებდნენ, რომელიმე მარჯვე ქაჯს ცეცხლი უნდა მოეკიდებინა მათთვის.
ზედმეტი გულმოდგინებისაგან რომ გადაამლაშო და გეგმა ჩავარდეს, შენი ფეხით მიდი ერთ-ერთ დევთან და თავი შეაჭმევინეო, _ დაემუქრა სკირგალიონე პოლკოვნიკს და იმანაც მეტისმეტი შიშისაგან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ვაი-უშველებელმა მოიფიქრა.
ამასობაში დაღამდა და უკვე ყველა საგუშაგო მოქრთამეს დიაკვანმა და მეთულუხჩედ გადაცმულმა ნიკოლოსტრატემ _ ასე მიაღწიეს ეკლესიამდე, რომლის კარი ხიომ გახსნა თავს გასაღებით. შიგნით შეიტანეს ფულით ავსებული ტომარა და ცქერა დაუწყეს ჯვარცმულს. მერე დიაკვანმა ჯვარი შეანჯღრია. წამებულმა ამოიკვნესა და მოსულებს შეავლო მზერა.
_ ყური მომაპყარით, დიდო უფალო! _ მუხლებზე დაიჩოქა ყოფილმა მოძღვართმოძღვარმა, _ ამ ქალაქის მმართველი მე ვიყავი. შვილმა და რძალმა ჩაფარ-მეზარბაზნენი ამიმხედრეს და, რომ არ გამოვპარულიყავი და ამ კეთილ ადამიანს არ დავემალე ხინკლის მოსადუღებელ ქვაბში, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი... ისიც ცხადია, რომ მათზე უკეთ ვმართავდი ქალაქს. არც მოქალაქეთა სულები მიმიყიდია ქასქანჯიელისათვის, არც უწმინდურნი ამომიყვანია ჯოჯოხეთიდამ და ასე შემდეგ, ჩემზე უკეთ თქვენ უწყით, ალბათ... აი, ეს ტომარა სულ მთვარეებითაა სავსე, თქვენთვის მომირთმევია, ოღონდ, რასაც გთხოვთ ჩემთვის, ის ორმაგად აუსრულეთ ჩემს ძეს, სკირგალიონეს!
_ გულუხვი ყოფილხარ, დიდსულოვანი!
_ მაშ, გთხოვოთ?
_ გისმენ...
_ ერთი ხელი მომკვეთე, ფეხიც! ცალი თვალი ამომთხარე! ყურიც შეგიძლია მომაჭრა. ესეც წყვილად მაქვს!
_ ჩემიდან ღმერთამდე ძალზე შორია... _ დაიკვნესა ჯვარცმულმა, _ ერმა უგნურმა და უვიცმა უნებლიედ ისე აამაღლა, თორემ უბრალო მოკვდავს განა შეუძლია ყველას ცოდვები იტვირთოს?!
_ რაო, რაო?
_ ღმერთი არა ვარ, უბრალო კაცი ვარ, ჩარგაზ ვარსკვლავთმრიცხველი...
_ მაშ, ჩემი თხოვნა? _ დაიგმინა ნიკოლოსტრატემ.
_ რა თხოვნა, რის თხოვნა! _ იყვირა ხიომ, _ ვერ ხედავ, რომ მოგვაღორეს?!
_ ეს ქრისტე არ არის? _ მთლად დაიბნა ღენერლის მამა.
_ თან ვცნობდი, თან _ ვერა! თან ვცნობდი, თან _ ვერა! ხედავ, ვინ ყოფილა?
_ აი, თურმე ვინ გდებულა! _ გონზე მოვიდა ნიკოლოსტრატე, _ ამ შეფერთხილმა მოიგონა ჰელიოცენტრიზმი, არა?! ახლა გაჩვენებ სეირს!
_ წამოდი, მოძღვარო, ხალხს შევატყობინოთ! _ დაიბუხუნა დიაკვანმა.
გარეთ გამოვიდნენ ეკლესიის ღამეული სტუმრები, ჩირაღდნების ასანთებად გამოსული ვანიონი მოძებნეს და უბრძანეს, ყველასთვის ეცნობებინა, რომ ქორეპისკოპოსმა მოაღორათ, ჯვარზე ჩარგაზი გააკრა.
მთელ ქალაქს მოედო ეს ამბავი.
გაბრაზდა, განრისხდა, აბორგდა, აზვირთდა ხალხი.
_ ცრუ ღმერთი!
_ სკირგალიონეს ჩაწყობილია!
_ ჩარგაზი ყოფილა!
_ ჩავაქვავოთ!
_ დავწვათ!
ქალაქში ჩირაღდნიანი ლანდები დადიოდნენ.
ბრბოს ნიკოლოსტრატე და ხიო მეთაურობდნენ.
ფიცარნაგზე შემდგარი ვანიონი ასე ყვიროდა:
_ გაუმარჯოს დიდ ნიკოლოსტრატეს! ძირს სკირგალიონე სისხლისმსმელი!
_ გაუმარჯოს ნიკოლოსტრატეს! _ ისმოდა ყოველი მხრიდან.
ამ დროს ჩაფრებმა ღენტორის უშუალო ხელმძღვანელობით ვირთხების ჯოგს ნავთი გადაასხეს და ერთმა ქაჯმა ცეცხლიც მოუკიდა; აწრიპინდნენ მღრღნელები და მთელ ქალაქს მოედვნენ.
ხოლო ამბავთა მოედნის ხვრელიდან ამომავალ კვამლს რამდენჯერმე ამოჰყვა ადუღებული წყლის შხეფები, მაგრამ ისეთი ალიაქოთი იყო, ეს არავის გაუგია.
ტკბილად ჩაძინებულ ქორეპისკოპოსს გამოღვიძებოდა, ყვირილისათვის ყური დაეგდო და მიხვედრილიყო, რომ ცუდად იყო მისი საქმე, სულ ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებდა, თან ფოტინე კიკიმორს წყევლიდა, იმისი მოგონილი იყო ეს ყალბი დღესასწაული; მერე ფულის ტომარა აიღო, გაკაპასებულ-გაანჩხლებულ მეუღლეს ჩაარტყა თავში, სული გააფრთხობინა, ერთი-ორჯერ ყური დაადო მკერდზე, რომ დარწმუნდა, მკვდარიაო, თავისი ტომრიანად სარდაფში ჩაირბინა და ერთ დიდ ხის სკივრში დაიმალა.
ხოლო ვაი-უშველებელს თავისი ოქროს კარეტა გაემართვინებინა, ძვირფასეულობით აევსო, შიგ ჩამჯდარიყო, შვილი მოესვა გვერდით, დევ-ქაჯთა ამალა აეყოლიებინა და ჯოჯოხეთისაკენ მიერეკებოდა ცხენებს...
გამძვინვარებული ბრბო ეკლესიასთან მიიჭრა, კარი შეგლიჯა. გამოიყვანეს ჯვარცმული, ამბავთა მოედანზე ღრმა ორმო გათხარეს და შიგ ჩაარჭვეს ხის დიდი ჯვარი.
ნიკოლოსტრატე და ხიო ფიცარნაგზე ავიდნენ. ბრბო მათ სიტყვას მოელოდა და არ ესმოდა იქ მდებარე ხვრელიდან ამომავალი გუგუნი; რამდენიმე სახლში ხანძარი გაეჩინათ ცეცხლმოდებულ ვირთხებს _ ვერც ამას ხედადვნენ და არც იმას, თუ როგორ გაიწკრიალებდა ხოლმე სხვადასხვა ადგილებზე ოქროს მონეტა _ მთვარეები მოცვიოდა გაფხრეწილი ზეცის თავანიდან.
_ ძმებო, _ იყვირა ნიკოლოსტრატემ, _ უნდა დაიწვას ჰელიოცენტრისტი ჩარგაზი!
_ რატომ გვატყუებდა!
_ რას გვასულელებდა!
_ ჯვრის ირგვლივ ხის ნივთები მოაგროვეთ, _ დაიღრიალა ხიომ, ქორეპისკოპოსად გახდომის იმედი ჰქონდა. _ კარგად რომ აინთოს ცეცხლი!
უმალ შეასრულეს ბრძანება, ცხვრებივით იყვნენ.
მთხრობელი იუწყება, რომ ხის ნივთებში ის დიდრონი სკივრიც იყო, რომელშიც კონდრატე დაიმალა.
ვიღაცამ ნიკოლოსტრატეს ახალი ამბავი შეატყობინა და იმანაც იყვირა:
_ სკირგა და მისი შვილი ქასქანჯიელთან გაქცეულან, თორემ იმათაც დავწვავდი! შვილსაც არ დავინდობდი ჩვენი კეთილდღეობისათვის! ახლა სასწრაფოდ დაგმანეთ ქვესკნელში ჩასასვლელი ხვრელი!
ამ ბრძანების შესასრულებლად გაეშურნენ მოხალისენი.
_ რაკი ყველაფერი მზადა, _ იყვირა ნიკოლოსტრატემ, _ დააგზნეთ ცეცხლი!
ჯვრის ქვეშ ალი რომ აბრიალდა, ბრბოს სხვადასხვა ადგილებში ჩამდგარმა ხურსიმ, შერლომმა და პეპემ ყვირილი ატეხეს:
_ დედამიწის სასახლე იწვის!
_ ქალაქში ხანძარია, ხალხო!
_ ციდან მთვარეების წვიმა მოდის!
_ ურია ქეთარმა ათი ტომარა გაავსო!
გაიხედ-გამოიხედეს გამოფხიზლებულებმა მოქალაქეებმა და ყველაფერი მართლა ისე ხდებოდა, როგორც ყვიროდნენ.
უფრო მეტიც, ამ დროს ხვრელიდან რაღაცამ დაიფრუტუნა და ადუღებული წყალი შადრევნად აიჭრა მაღლა.
ვიღას ახსოვდა ჯვარცმული ჩარგაზი, ვინ სახლის გადასარჩენად წავიდა, ვინ ტომრების საშოვნელად, ბევრი ფული რომ აეკრიფათ.
მეამბოხეები ბრტყელტუჩათი მიიჭრნენ ხის ჯვართან, ხელ-ფეხიდან ლურსმნები ამოაძრეს ტანჯულ ოსტატს, ჩამოხსნეს და სირბილით დაეშვნენ მდინარის ჭალისკენ...
ცათა ქალაქში ფულების წვიმა ძლიერდებოდა.
წკრიალ-წკრიალით ცვიოდნენ ოქროს მონეტები სახურავებზე და ქვაფენილიან ქუჩებზე, ძვირფასი ლითონით იფარებოდა ცეცხლმოდებული სახლები და სასახლეები.
ადამიანები თავს ანებებდნენ ფულის მოგროვებას და საშველს ეძებდნენ.
მიწისქვეშა ხვრელი კი დიდდებოდა და იქიდან ადუღებულ წყალთან ერთად ამოდიოდა ცეცხლი და კვამლი, იფრქვეოდა გავარვარებული ლავა და ფარავდა ჭიანჭველებივით აფუსფუსებულ ცათაქალაქელებს.
საშველი არსად იყო.
განრისხებული ქვესკნელის, შუასკნელისა და ზესკნელის სტიქიონები შეერთებულიყვნენ _ გრუხუნებდნენ, ბრიალებდნენ, სტვენდნენ, წიოდნენ, წკრიალებდნენ, ქუხდნენ, ღმუოდნენ და მიწადვე მიაქცევდნენ მიწისგანვე შექმნილ ადამიანებს.


თხრობა მეთერთმეტე

აღელვებული შავი ზღვის ტალღებს `ნოეს კიდობანი~ მიაპობდა.
ხომალდში ოთხნი იყვნენ: პეპე, შერლომი, ხურსი და ჩარგაზი.
ვარსკვლავთმრიცხველისთვის მალამოები წაეცხოთ იარებზე, შეეხვიათ და მერე რაღაც ბალახის ნახარშით მოესულიერებინათ და პატიმრობისას აღმოჩენილ ახალ თეორიას ჰყვებოდა მისუსტებული ხმით:
თურმე, არც მზე ყოფილა სამყაროს ცენტრში...
უსასრულო სამყაროს დაუსაზღვრავ წიაღში ჩნდებიან, ვითარდებიან, ისპობიან და ისევ იბადებიან ათასგვარი ცთომილები; ისინი გარე უვლიან თავიანთ მზეებს, რომელნიც ისევე უთვალავია, როგორც ზღვისპირზე გამორიყული კენჭები.
თუმცაო, დასძინა ბოლოს ოსტატმა, შეიძლება ესეც მიახლოება იყოს სიმართლესთან...
ჭეშმარიტება ღამით ადევნებულ მთვარეს მიაგავს _ ახლოს გგონია, მაგრამ შორსააო.
შემდეგ პეპე და ხურსი საჭესთან დადგნენ, ხოლო შერლომი ჩაძინებული ჩარგაზის სადარაჯოდ დარჩა კაიუტაში.
ვარსკვლავთმრიცხველი ხედავდა სიზმარს:
ციურნი ეტლნი კაჟისა ლოდთა ჰგვანდეს და ჯმნულ იყვნენ მასკულავნი მათგან.
ლომს თავისი ადგილი დაეტოვებინა, კირჩხიბი გაესრისა მძლავრი ტორებით, გზად ტყუპებისთვის გამოეღადრა ყელი, რომელთაც დები კიკიმორების სახეები ჰქონდათ, და თვალებდათხრილ და რქამოტეხილ კუროს შეექცეოდა შემზარავი ღრიალით.
ამ ხმაზე შიშით თრთოდა ხუჭუჭბეწვიანი ვერძი, გაქცევა უნდოდა, მაგრამ დაბმული იყო.
ერთმანეთზე კუდებით გადაბმულ თევზებს საბელი გაწყვეტოდათ და ხმელეთზე ამოყრილებივით ღაფავდნენ სულს.
მერწყულს წყლის საქანელი გაწყვეტდა. ჭაში ჩავარდნილიყო სათლი და იქიდან ადუღებული წყალი, კვამლი და ცეცხლი ამოდიოდა.
თხა, რომელსაც ურია ქეთარის სახე ჰქონდა, ოქროს მონეტებში ჩაფლულიყო, ვირთაგვები მისულიყვნენ, ფულის გროვაზე დარბოდნენ და კენტავრს (იგი თვით ჩარგაზი იყო) ისარი ვერ ესროლა მათთვის, რადგან მშვილდი გატეხოდა.
ღრიანკალსაც დაეტოვებინა თავისი ადგილი, ქალწულთან მიპარულიყო, რომელსაც მთვარისას სახე ჰქონდა, და გესლავდა.
ხოლო წრის დასასრულს ვიღაცის უხილავ ხელს ეჭირა სასწორი, რომლის ცალ პინაზე მთავრისას ვერცხლისფერი ცრემლები გორავდა, ხოლო მეორეზე კი მთელი ცათა ქალაქი იყო გაშენებული თავისი მცხოვრელებიანად; და ის მხარე იხრებოდა ქვემოთ, რომელზეც ვიოლინოიანი ქალწულის კურცხლები იყო...
....ერთი თვის ნაოსნობის მერე ლტოლვილთა ხომალდი მიადგა ბაღის ტევრებითა და ტურფა ყვავილებით მოცული ვაჭართა ქალაქს, გულანშაროს, რომელსაც ხელმწიფე მელიქ-სუხრავი მართავდა.
გულანშაროელ ვაჭართა უხუცესის, ვინმე უსენის მეუღლეს, ფატმან ხათუნს, ვინც გაჭირვებაში ხელი გაუმართა ავთანდილს, უცხო მეხომადისაგან დიდ საფასურად შეეძინა ვიოლინოიანი ქალწული, უმშვენიერესი მთვარისა...
და იხილა ჩარგაზმა დაკარგული სატრფო.
ესეცა ოხჭანი, ანუ დასასრული ზღაპრისა.
....და გამოთხოვებამდე მთხრობელი თავის დასკვნას გვთავაზობს:
მართალია, ჩვენი სისტემა ჰელიოცენტრულია, ესე იგი, მზის გარშემო მოიქცევიან ცთომილები, მაგრამ დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც ადამიანი, მოაზროვნე არსება, ცხოვრობს; და რადგან სამყაროს ჩვენც დედამიწიდან აღვიქვამთ, ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, გეოცენტრული შეხედულებაც არაა მცდარი.
ალბათ, ყველაზე სწორი ამ საპირისპირო კონცეფციების სინთეზია, რაც ჰელიოგეოცენტრიზმად სახელდებულა `ვეფხისტყაოსნის~ მკვლევართა მიერ და რაიც შოთა რუსთაველს უგუმანია (დიდ ჭეშმარიტებას ინტუიციით სწვდებიან გენიოსები) მეთორმეტე საუკუნეში. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ დამოწმებული სტროფი გამოდგება:

აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან.
ეგებ ესეც მიახლოებაა სიმართლესთანო, ფიქრობს მთხრობელი და ჩარგაზ ვარსკვლავთმრიცხველის ნათქვამი ახსენდება:
”ჭეშმარიტება ღამით ადევნებულ მთვარეს მიაგავს _ ახლოს გგონია, მაგრამ შორსაა”.

1986-1988 წწ.

ზამთრის ნოველა


”ზამთარი” - მიხეილ ყელბერაშვილის ფოტო

მიხო მოსულიშვილი

ზამთარმა მოიქნია კუდი
(ნოველა)

ამ დალოცვილ მხარეში, სადაც ქარიშხლებმა მგლებივით იციან ხოლმე ხშირ ტყეებში ღმუილი, ქარი რომ ჩადგება, იტყვიან – ჯორმა ფეხი მოიტეხაო. სიტყვა “ქარს” არ ამბობენ, - ემანდ თავი არ გავახსენოთ და ისევ თავიდან არ ამოვარდესო.

ჰოდა, ჯორმა რომ ფეხი მოიტეხა, ისევ დაჰკრა ყინვამა, დაბლა დაიწია ღრუბელმა და დაუშვა კიდევაც თოვლი. მერე გაიჯეჯილა და გაიჯეჯილა, წამოუშინა და წამოუშინა მსხვილი ფანტელები. სულ გადაათეთრა არე-მარე.

არადა, წელიწადი კაი ხნის მოტრიალებული იყო უკვე – მოკრუხება დაიწყეს ქათმებმა.

“ჩოლიავ, ჰაი, ჩოლიი!”

“ტალიჭა ლადო მოვიდა”, - ამბობს ვაამან დამა-ქალი.

“მოდი, ლადო, მოდი ტალიჭ!” - ეძახის ჩოლია.

ტალიჭა ლადო სახლში შედის. იმისი თუშური ქუდი და ტელეგრეიკის მხრები ფიფქებს გადაუთეთრებია.

“დაიფერთხე, ლადო, თოვლი”, - ეშმაკურად და კეკლუცად ეუბნება ვაამან დამა-ქალი, შემპარავი ხმით.

ტალიჭა ლადო იფერთხება, მერე შიგნით შემოდის, მაგიდას მიუჯდება და მუხლის თავზე დაიდებს თუშურ ქუდს.

ჩოლიას მაგიდაზე ყოველთვის დგას მოოქროვილ გრაფინში ჩასხმული არაყი და იმისივე კომპლექტის ექვსი პატარა ჭიქა. ვაამან დამა-ქალი ჭიქებს ავსებს.

“შენ ხილი მოგვიტანე, ვაამან დამა-ქალო”, - ეუბნება ჩოლია და ჭიქას დასწვდება. - “ჩემ ოქრო-გრაფინში არყის ჟღინთი რომ გამოილევა, მეც დავილევი ხოლმე”.

“კარგია არაყი, ცივა”, - ამბობს ლადო. - “თანაც თაფლისაა!”

“თაფლისა კი არა, თუთისაა!” - სწყინს ვაამან დამა-ქალს.

“წასულებისა იყოს, ტალიჭ!” - ილოცება ჩოლია. - “მე თუ რამე მომივა და, შენ დარდი ნუ გაქ, მუხის კუბო მაქ წინასწარ გამზადებული!”

“სიკვდილი იმისთანა აქლემია, ყველას კართან დაიჩოქებს”, - მიუგებს ტალიჭა, - “მაგრამ შენ რა იცი, როდის დაიჩოქებს შენთანა? გაუმარჯოს!”

ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ.

“მე აქლემი არ ვიცი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებს ვერავინ! იქ მე ორი ინდაური მიზის კვერცხებზე!” - კაპასობს ვაამან დამა-ქალი. – “არ უნდა დავზარდო? გეკითხები, არ უნდა დავზარდო? ერთი ინდაური ტოლმა-გოგიას უნდა, ერთიც ნუნუკას და ერთიც კიდევ ჩემს დაჩაგრულ რობიას არ უნდა მივცე, იქით ახალი წელი რომ მოვა?”.

“ეეჰ, ჯერ რა დროს ახალი წელია?!” - უკვირს ტალიჭა ლადოს, - “ახლახანს არ იყო?”

არყის გემო ვეღარ გაუგია ჩოლიას. კიდევ სვამს, კიდევ და კიდევ...

- ტალიჭა ლადოს რო კითხულობ, ეგ ხომ შარშანწინ დავასაფლავეთ! – უკვე ცხადლივ ჩაესმის ვაამან დამა-ქალის შემპარავი ხმა.

ჰო, ჰო, შარშანწინ დაასაფლავეს...

ეს რანაირ სიზმრებსა ნახულობს და...

ავადაა მოხუცი მესაქონლე ჩოლია. წევს ლოგინში. მიტოვებულად გრძნობს თავს. მოზვერი აგონდება, შვილივით გაზრდილი ღვინია. თვალებს რომ დახუჭავს, ერთ დაუსრულებელ სიზმრად წარმოუდგება თავისი ცხოვრება. იცის, რომ სადაცაა გაახელს თვალებს და დამთავრდება სიზმარი იგი...

ოთახში რომ კარგად თავშენახული ვაამან დამა-ქალი ტრიალებს, მეორე ცოლია ჩოლიასი და თანაც ვიღაცა ის კი არა, ქალაქელი. კრუხ-წიწილის საქმეც რომ იცის და არც კაი ფირმა სიგარეტის დაყოლება შეეშლება თურქულად მოდუღებულ ყავაზედ. მოკლედ, ეს ვაამან დამა-ქალი სვეტობს კიდეც და კარ-მიდამოსაც “უგურგურებს”. ეს სახელი კიდევა ჩოლიას ბიჭმა, ტოლმა-გოგიამ შეარქვა თავისზე ასაკით უმცროს დედინაცვალსა და ისე მოხდენილათა, რომ მთელ იმ არე-მარეს მოედო და სინამდვილეში რომ დარეჯანი ჰქვია, ვიღამ იცის.

სოფელში ავ ენებს რა დალევს და ამბობენ, რომ, თურმე, კარგი დრო უტარებია ვაამან დამა-ქალსა. სამი ქალის ვნება ჰქონია და ვერაფრით დაუცხრიათ სამ ოფიციალურ ქმარსა და დანარჩენ არაოფიციალურ ქმარუკებსაცა. თანაც განა მარტო აქა, არამედ ოსმალეთშიცა, ბელგიაშიცა, გერმანიაშიცა და კიდევ რა ვიცით, სად აღარა. არ ვიცით, მერამდენე ქმრისგან, მაგრამ შვილიცა ჰყოლია, სახელად რობია – გიტრიკვრის კომპოზიტორი და იმისთანა ნიჭიერი პოეტი, რომ არსად უბეჭდავენ ლექსებსა – ჩვენ დაგვჩაგრისო. მაგრამ ისიც სვეგამწარებული ყოფილა ცოლების წარა-მარა გამოცვლითა.

ვაამან დამა-ქალს რომ უგრძვნია, ვბერდებიო, კაცი უნახავს, ეს ჩოლია და მეოთხე ოფიციალურ ქმარად გაუხდია. ქმარუკები, რა თქმა უნდა, კიდევა ჰყოლია, მაგრამ ისეც აღარა, ძველებურადა. თუმცა კი კმარა, აბა, ავ ენებს რა დაეჯერებათ.

მწყემსავდა ჩოლია საქონელს და ფიქრობდა: “როგორი მოსიყვარულე ცოლია ვაამან დამა-ქალი. ბავშვებიც ძაან უყვარს. მაშ, ტყუილი ყოფილა ჩემი პირველი ცოლის ნათქვამი: “დედინაცვალი არ მოუყვანო გოგის და ნუნუკას, თორემ ამოიძირკვება აქედან შენი გვარი”. რა ამოძირკვა, ნუნუკა გათხოვდა, დიდი ბიჭი ჰყავს უკვე, ვახო და ტოლმა-გოგიაც დაოჯახდა, იმას კიდევ ორი შვილი ჰყავს – ჯონდო და კახა. ოღონდ აქედან შორს, ქალაქში არიან. ჰოდა, ისე იყო მწყემსი, ვეღარ გამოერკვია – ანა უფრო კარგი იყო თუ ვაამან დამა-ქალი.

ეს სოფელი ხომ უცხო ქვეყნებისკენ მიმავალი მთავარი ტრასის შორიახლოს იყო და ჩოლია რომ საქონელს უვლიდა, ვაამან დამა-ქალს კემპინგი და აბანო ჰქონდა გამართული უცხოურ ყაიდაზე, საუნა ერქვა – თავისი ცხელი წყლის რამე-რუმე აპარატებითა, დვიჟოკებითა, ცალ-ცალკე ნომრებითა, ძალიან მაგარი, აპრიალებული ბარითა – კონიაკ-კოქტეილებითა და საიდან აღარ ჩამოყვანილი ლამაზმანების მომსახურებით. დიდ ტრაილერებითა თუ რეფრიჟერატორებით მოგრიალდებოდნენ შოფრები, დააყუმბარებდნენ თითო ბოთლ არაყს, მერე დურთავდნენ აბანოში თავს და ხან რომელიმე უცხო ენაზე იძახდნენ და ხანაც ქართულად - “შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა”. ისიც მივიდოდა საუნაში, შეაღებდა იმ ნომრის კარს, საიდანაც ეძახდნენ, შევიდოდა, და მერე იქ რა ხდებოდა, იმ სურათების კალმით გამომხატავი ეგებ მისტერ ჰენრი მილერზე ანდა სულაც მადამ ანაის ნინზე მეტი არც არავინ იყოს.

ახლა ავადაა ჩოლია.

ვაამან დამა-ქალს უხარია, ჩოლია კვდება, ეს კარ-მიდამო მე დამრჩება და საქმეს გავაფართოვებო, ფიქრობს. ადგილი მარჯვედაა, ტრასასთან ახლოს, დერეფანი სულ იქნება, სულ ივლიან დიდი რეფრიჟერატორები თუ ტრაილერები და მძღოლებს კემპინგიც ყოველღამე დაჭირდებათ და არც საუნას დაიწუნებენ კაი გემრიელ-გემრიელი ქალებით. პოლიცია კიდევ წილშია და საშიშიც არაფერია, მააშ. ტოლმა-გოგია სწავლისგან წიგნის ჭია შეიქნა და ქალაქში დარჩა, ცოლის ოჯახში შევიდა ზესიძედ; ნუნუკა სხვა სოფელში გათხოვდა, ბორჯომის ტყე-პარკის კიდევ იქით. და რაღა წილი უნდათ?

უკვე სიკვდილის პირასაა ბერიკაცი. ლაპარაკი აღარ შეუძლია. ანდერძის დაწერა – მით უმეტეს... ჰოდა, სულ ვაამან დამა-ქალს დარჩება მთელი კარ-მიდამო. დროა.

ვაამან დამა-ქალმა დეპეშები აფრინა შვილებთან, უკანასკნელ დღეშია მამათქვენიო.

ჯერ ნუნუკა მოვარდა ვიშვიშით და რამდენიმე დღეში ტოლმა-გოგიაც ჩამოვიდა. ექიმი ჩამოიყვანეს ქალაქიდან, კაი პროფესორი, ოღონდ ცოტა უკვე ბებერი. გასინჯა ავადმყოფი და ყოველმიზეზგარეშე გადარჩებაო, დააიმედა ჭირისუფლები.

- თოვლი რომ მოვიდა, იმ დღეს კიბე მიადგა სათივეს, თივა უნდა ჩამოეღო, ნეტავი რა ჭირად უნდოდა. მოუცურდა კიბე და თავი დაარტყა მიწაზე. - ჩივის დედინცვალი.

- მერე სად იყავი აქამდე, რატომ არ გაგვაგებინე? - ნუნუკამ ჰკითხა.

- რა ვიცი, შვილო, მეგონა, გამოკეთდებოდა.

ნუნუკა სასთუმალთან უზის ჩოლიას.

ტოლმა-გოგია გარეთ დააბოტებს და ჩაუქრობლად ეწევა სიგარეტს.

ვაამან დამა-ქალს შეშა შემოაქვს და ბუხარს უკეთებს.

კვდება ჩოლია. ისევ ტალიჭა ლადო ელანდება, კაი ხნის მკვდარი ძმაკაცი. უკანასკნელად გაახელს თვალს, ბოლო ობოლი ცრემლი გადმოუგორდება თვალიდან და ნუნუკას კივილი აღარ ესმის.



***
ჩოლიას ეზოში ხალხი ისე ფუსფუსებს, თოვლი გაუდნიათ და აუტალახებიათ აქაურობა.

მოვლენ მომსვლელები, მეორე სართულზე ავლენ, ჭირისუფლებს მიუსამძიმრებენ და დაბლა ჩერდებიან.

ნუნუკას შვილი კახა და ტოლმა-გოგიას შვილი ვახოც მოვიდნენ, ერთიმეორის ბიძაშვილ-მამიდაშვილი ესე იგი, განსვენებულის ალალი შვილიშვილები, გადაკოცნეს ერთმანეთი და ისინიც მაღლა აუყვნენ ხის ჭრაჭუნა კიბეს.

ოთახის შუაგულში ტახტი დგას და ზედ ჩოლია ასვენია. ოთხივ კუთხეში სანთლები ანთია. გარშემო შავებიანი ჭირისუფლები სხედან.

ვაამან დამა-ქალს შავი ხელთათმანები ჩაუცვამს და ძალით ატირებული ხმით ეკითხება ვახოს, - შენი ძმა ჯონდო რატომ არ მოვიდაო.

ჯონდოს ნაწილი ერაყში გააგზავნეს და უკან ჯერ ვერ გამოუშვებენო, - მიუგებს ვახო და ბრაზით გაიფიქრებს, ამ ახვარ ქალს ჩემი ბიძაშვილი ჯონდო ვითომ ჩემი ძმა ჰგონია, ვითომ ერთიმეორეში ვერევითო.

ჯონდოს ნამდვილი ძმა კახა მწარედ გაიცინებს, ეტყობა, ისიც თავისი მამიდაშვილივით ამასვე ფიქრობს.

მეორე ოთახში ბუხარი დაუნთიათ, მეტად ლამაზი ქალები შემოსხდომიან, ოღონდაც შავ ტანისამოსში. ესა, თურმე, კემპინგის მომსახურე, უცხო ენებზედ მოლაპარაკე პერსონალია, და საუნისაც. იმათში მჯდომი ერთი ცხვიპაჭუა და ქერათმიანი ქალი კახასკენ ძალიან აპარებს ვითომცდა ჩუმ-ჩუმად თვალს – რას გაიგებ, რუსია, ბელორუსი, უკრაინელი თუ სულაც ბალტიისპირელი ან პოლონელი...

პანაშვიდია. მუსიკოსები მოსულან. სამგლოვიარო ტუში ეფინება არე-მარეს.

კახა და ვახო მავთულის ღობესთან განაპირდებიან. კახა ხედავს, რომ ის თვალის გამომპარებელი ქალი ახლა გაწეული ფარდიდან უყურებს – ვაა, შარია თუ რა არი?..

ნუშზე ორი მოზვერი აბია, ერთ მათგანს ძალიან ლამაზი თვალები აქვს.

- ეს ხომ “ღვინიაა”? – კითხულობს ვახო.

- ჰო, ეს ძაან უყვარდა ცხონებულს. – მიუგებს იქვე მდგომი თილიყამყამა, მზარეულების შეფი და მერე მიცვალებულს დაიდარდებს. – საწყალი ჩოლია, ყველაფერმა ერთად უკრიფა და გადაიტანა კიდეც.

- კახა, წამო მამაშენი ვნახოთ, - ეუბნება ვახო.

- რათა? – ფანჯარას თვალს მოაშორებს კახა.

- პაპაჩვენს ეს მოზვერი შვილივით გაუზრდია. ნახე, რა თვალებით იყურება, გეგონება, ყველაფერი იცისო. ჰოდა, დაკვლას უპირებენ.

- წამო, ვნახოთ.

ძლივს ნახეს ტოლმა-გოგია, ახალ სიგარეტს უკიდებს ცეცხლიდან გამოღებული მუგუზლით.

- გოგი, იქ რო მოზვერი აბია, ის უნდა დაკლათ?

- ჰო.

- გოგია ძიავ, ჩოლია პაპას ეგ მოზვერი უყვარდა ძალიან. ღვინიას ეძახდა.

- რაღა მაგას ჰკლავთ, გოგი? – ცხარობს კახა. – წაიყვანეთ, სიმონ! გაყიდეთ, სიმონ! მერე სხვა იყიდეთ, სიმონ! და ის დაკალით რა!..

- წადით, აბა, ვაამან დამა-ქალს უთხარით.

- ჩვენი იქ ასვლა, პონტია, გოგი. – ეუბნება კახა. – ჩვენ ეგ ჩათლაშკა მაგრა არ გვევასება! თანაც მამაშობაც დაუწყია, ხო იცი. უკვე ასაკშია და...

მუსიკოსები დაკვრას მორჩნენ, ინსტრუმენტი ჩააწყვეს, მერე პური გატეხეს, ღვინო დალიეს და წავიდნენ.

ტოლმა-გოგია სატვირთო მანქანის მძღოლ ნაციხარს ანიშნებს. ავტომობილი უკან-უკან შემოდის ეზოში და ნუშთან ჩერდება.

ნაციხარი გამოხტა, ყოჩაღად გადახსნა ბორტი.

ტოლმა-გოგიამ ფიცრები გამოიტანა და მანქანის ძარიდან მიწამდე გადო, რომ ზედ აიყვანონ ღვინია.

ამ დროს ვაამან დამა-ქალი გამოვარდა აივანზე.

- გოოგი! – დაიყვირა.

ყველანი ადგილზე გაქვავდნენ.

- რას აკეთებთ, გგოგი?

- აი, ეს მოზვერი უნდა გავყიდო და ახალი ვიყიდო.

- რისთვის? ეგ რა, წიხლებს ისვრის?

- მამაჩემის გაზრდილია.

- მერე გაქვს მაგისი დრო?

- მაქ, შენ ნუ ნაღვლობ.

ვაამან დამა-ქალი უკან შებრუნდა.

- სად გაგონილა, მკვდრის ცოლი თან ტიროდეს და თან აესეთ რამეებზე ჩხუბობდეს? – ჰკვირობენ დედაკაცები – კიტაია დედაბერი და აქშა ქალი.

ღვინია მანქანაზე აიყვანეს, რქებით მიაბეს ძარაზე და გზას გაუყენეს.

- რა ამბავია, კაცო, ორი მოზვერი? – უკვირს ერთ ბერიკაცს, წიქარაკაცს რომ ეძახიან, - ადრე ერთსა ჰკლავდნენ ხოლმე. ეხლა ხალხი იგრე გაირყვნა, რო ჩხუბი მოსდით – არა, აქეთ მაიტა ბლუდი, არა, აქეთაო. მერე გაიბრუჟებიან და ბოთლებს ამტვრევენ ერთმანეთს თავზედა. ვიღას ახსომს მკვდარი. ეე, ცუდი დრო დაგვიდგა, ადრე სად იყო ეგეთები...

მერე მატრიალებლებმა ჩოლიას შესანდობარი დალიეს...


***
საერთაშორისო დერეფნის მნიშვნელობის მქონე ტრასის მახლობლად მდებარე სოფლის განაპირას, იმ ქუჩაზე, სადაც ჩოლიას ორსართულიანი სახლი დგას, მანქანებია ჩამწკრივებული.

შესასვლელში და ეზოში თურქეთში გასაგზავნი ხის სახერხი ქარხნიდან მოტანილი ნახერხი გაუფენიათ.

ნუშთან, სადაც გუშინ ღვინია და კიდევ ერთი მოზვერი იყო დაბმული, ორი მოჭრილი თავი დევს – ერთი თავად “ღვინიასი”, მეორე იმ მოზვრისა. ღია დარჩენიათ თვალები.

კედელთან ცეცხლი ანთია. ზედ ზედადგრები დგას, ზედადგრებზე კი ნაცარწასმული ქვაბებია, საიდანაც ორთქლი ამოდის. იქვე ტრიალებენ მზარეულები.

ქალაქიდან ჩამოსული გაფითრებული და თვალებდაელმებული რობია ცეცხლის ქვაბებთან დგას და ზანტად ეწევა რაღაც უცნაურსუნიან სიგარეტს.

- რა ვქნა ეხლა მე? – კითხულობს ზემო სართულიდან ჩამოსული ტოლმა-გოგია. – როგორ დავმარხო მამაჩემი?

- რაც გინდა, ისა ჰქენი! – აივნიდან გადმოჰყვირის ვაამან დამა-ქალი. – ამ ჩემს ჭაღარა მთაწმინდას!

- თავისთვის არ გააკეთებინა, ქალო? – მიუტრიალდება ტოლმა-გოგია.

- რა გააკეთებინა თავისთვის, იხუმრა კაცმა რაღაცა! – უკივის სარკის თუ სხვა რამისაც გიჟი დედინაცვალი, - გაგეგზავნა ვინმე და შეგეკვეთა.

- რა უნდა შემეკვეთა, ქალო? შენ ხო არ გადაირიე? სხვენში არა დგას მუხის კუბო? – ღრიალებს ტოლმა-გოგია.

- ხო გითხარი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებ!

- რატო ვერ ვახლებ?

- იმიტომ, რომ შიგ ორი ინდაური მიზის კრუხად!

- ჰოდა, მეც ამოვიყვან იმ ინდაურებს და სხვაგან გადავსვამ!

- ვერსადაც ვერ გადასვამ!

- რატო ვერ გადავსვამ?

- იმიტომ, რომ სხვაგან აღარ დაჯდებიან. სულ მიატოვებენ საბუდარს და იმ კვერცხებსაც გამილაყებენ.

- გაგილაყებენ და გაგილაყონ! ახლა მაგის ჯავრი შემომყარე.

- მერე, ჭუკები რომ აღარ დაიზრებიან და ინდაურები ვეღარ გახდებიან?

- ვერ გახდებიან და ნუ გახდებიან! – ახალ სიგარეტს უკიდებს ტოლმა-გოგია. - მე რა ვქნა?

- მერე რაღა ოხრობა უნდა გამოგიგზავნო საახალწლოდ?

- ჰო, ჰო, სულ ჩემზე დარდობ!

- არა გრცხვენია, ფილოლოგი მაინც არ იყო და თანაც მასწავლებელი! აბა, ვისზე ვდარდობ? ვისზე?

- ვისზე და, საკუთარ თავზე! ვისზე! და თანაც მე მასწავლებელი კი არა, ლექტორი ვარ, ლექტორი!

- იყავი მერე! – უთმობს დედინაცვალი, - მე რა შუაში ვარ?

- იმ შუაში ხარ, რო ის მუხის კუბო შენთვის გინდა! ჰო, ჰო, შენთვის და ინდაურებს კიდე იმიზეზებ! იმიზეზებ, თორე ამ შუაგულ ზამთარში როდის კრუხდებიან ინდაურები!

- რა ჩემთვისა, იქნებ მე სულაც არ ვაპირებ სიკვდილს?! და ვინ გითხრა, რო არა კრუხებიან? ძალიან მშვენივრად კრუხდებიან! იმიტომ, რომ მართლა შუაგული ზამთარი კი არ არის ახლა!

- მაშ, რა არის?

- რა არის და, ის არის, რომ ზამთარმა მოიქნია კუდი! – გამომრგვალებულ უკანალს აქეთ-იქით გააქან-გამოაქანებს ვაამან დამა-ქალი და თვალებდაჭყეტილ გერს რომ შეხედავს, გადაიკისკისებს და იმ გამომრგვალებულზე ჯერ მარჯვენა ხელს დაირტყამს, ახლა მარცხენას.

- შენ სიკვდილს რო არ აპირებდე, არც ინდაურებს მოიმიზეზებდი. – ხელს ჩაიქნევს ტოლმა-გოგია, ძლივს აარიდებს დედინაცვალს დამშეულ თვალებს, - კარგი, კარგი, ის კუბო შენი იყოს, ღმერთმა სულ მშვიდობაში მოგახმაროს. მე წავალ და წიფლისას გავაკეთებინებ.

- წადი! წადი და გააკეთებინე!

- მართლა ვაამანი ხარ, ნამდვილი ვაამანი! ანუ, როგორც საბა ამბობს – არარაი!

- არარაიც ხარ და დეგენერატიც! ვის უბედავ, შე ფილოლოგო?! შე, შე, საცოდავო?! – კაპასობს დედინაცვალი, უკვე აღარ ეცინება.

- შენ იცი, რა წერია მამათა ცხოვრებაში? იცი? არ იცი!

- იმისთანა რა წერია, რაც მე არ ვიცი?!

- “მამა მაკარი დაწვა ტაძართა შინა კერპთასა და დაიდვა ძვალი თავით, ხოლო ეშმაკთა ხმა ჰყვეს: “შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა”. – აი, რა წერია!

- ძალიან უგზო-უკვლოდ ხარ განათლებული, თორემ აბანო და საუნა აქ რა შუაშია?! აქ რა შუაშია მეთქი, შე დეგენერატო?!

- და “ვისრამიანში” კიდევ იცი, რა წერია? “ვაამნისა ქონება ვაამნისა არისო!”

- ვაი, ვაი! შენს პატრონს, უბედურს! – ქოქოლას აყრის დედინაცვალი.

ტოლმა-გოგია ფეხგაჩქარებით მიდის, მაგრამ მალევე ჩერდება, ჯერ საათზე დაიხედავს და მერე შუბლში შემოიკრავს ხელს.

- სად მაგზავნი?! სადა?! სულ გააფრინე, ქალო? როდისღა უნდა მოვასწრო – ორზეა გასვენება!.. ორზე!

- არის და იყოს! – ამბობს ნაწყენი ვაამან დამა-ქალი. - აბა, შენ თუ იცი ის რა არის, როცა კმაყოფილი უცხოელი შოფერი-კაცი და, რაც მთავარია, ისიც ადამიანიშვილი ასე გამოგემშვიდობება: G God be with you!

- არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე! მე ძველი ქართულის სპეციალისტი ვარ და არა მაგ დამტვრეული გერმანულისა!

- ხარ და იყავი! ვინ დაგიშალა? თანაც ეს გერმანული კი არა, ფრანგულია, ფრანგული! – დასცინის დედინაცვალი, თორემ ნავალი ქალია, განა არ იცის, რომ ინგლისური სიტყვებია და ნიშნავს, “ღმერთი შენთანო”.

- შენ იცი რა გინდა?

- რა მინდა?! მაინც რა მინდა?! რა?!

- ერთი დიდი კეტი! – იმ გამომრგვალებულ ადგილებზე დაჰყურებს გერი.

- შენ კიდევ აგერ, იმ ნეხვიანი ცოცხით ხარ საცემი, მასე რომ მელაპარაკები! – ბოსელზე მიყუდებულ ხისტარგაყრილ ცოცხზე უთითებს ვაამან დამა-ქალი.

- აბა, მაშ, მთელი სოფლის სადადანო უნდა გამხადო?!

- საიდან მიხვდი, რომ აი ეგ კი მართლა მინდა?!

- მომყიდე, ბოლო-ბოლო.

- რა უნდა მოგყიდო, შენ მართლა დეგენერატი ხომ არა ხარ?

- მამაჩემმა რომ თავისთვის მუხის კუბო გააკეთებინა წინასწარ, ის კუბო მომყიდე!

- არაფერსაც არ მოგყიდი!

- რა ვქნა, რომელ მტკვარში გადავვარდე, რომ აღარ ვიცი?! – ხელებს შლის ტოლმა-გოგია.

- რომელში და, იმ მტკვარში, სადაც ტალიჭა ლადო გადავარდა! – გადმოსძახის დედინაცვალი. – იქ კარგი ტინებია!

- შენ რა იცი, ნამყოფი ხარ?

- ალბათ, ვარ!

- ხარ და იყავი!

- ვიქნები!

- იყავი!

- ჰოდა, ვიქნები კიდეც! – ჯიბრიანად გადმოსძახებს დედინაცვალი, დემონსტრატიულად შეტრიალდება და უკანალის ჩვეული ქნევით წავა კარებისკენ, თან ასე ჩაილაპარაკებს, - არ შესცა ვირის დედას?!

- გოგი, - მამამისთან მიდის კახა, - ხო გითხარი, ღვინია არ დააკვლევინო მეთქი?

- გუშინ პარასკევი იყო, არ გაიყიდა და აბა, რა მექნა? – უხსნის ტოლმა-გოგია.

- შენც კაი წამპალი ვიღაცა ყოფილხარ რა! – ეუბნება გამწარებული კახა.

- ესე იგი, გამოდის რომ დეგენერატიცა ვარ და თან წამპალიც, არა? მაშინ, შენ თვითონ წაგეყვანა! და შენც ჩემნაირი წამპალი იქნებოდი, შე ვირიშვილო მაიმუნო! – სილა მოუქნია თავის შვილს ტოლმა-გოგიამ.

კახამ თავი დახარა, მოქნეული ხელი აიცდინა, მერე უკან დაიხია, “იაა!” - ასე შეჰყვირა და ისეთი ძალით მოარტყა მამამისს ბათინკიანი ფეხი ყბაში, რომ პირადპირ ალინჭყულ თოვლში მოაჯინა.

ტოლმა-გოგიამ თავი გააქან-გამოაქანა, სილებიც შემოიტკაცუნა აქეთ-იქიდან და გონს რომ მოვიდა, წამოხტა, მიხედ-მოიხედა. მერე ბოსელზე მიყუდებულ, დედინაცვლისგან წეღან მითითებულ ნეხვიან ცოცხს წამოავლო ხელი და კახას დაედევნა ყვირილით:

- მოგკლავ, შე შობელძაღლო! ჩემი მიყვანილი მაინც არ იყო კარატეზე! შე ვირიშვილო შენა!

კახა იქ აღარ იყო, უკვე ტრასაზე ჩაერბინა და ქალაქისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს ელოდა. მაგრამ ვინ დააცადა, იმ ვითომცდა ჩუმად მოთვალთვალე ცხვირპაჭუა და ქერათმიანმა ქალმა ჩამოუქროლა ალალივით, პატარა ხანს ელაპარაკა ერთი ჩვენი მეზობელი, ჩრდილოეთის დიდი ქვეყნის ენაზედ და მერე კემპინგის მხარეს გაიტყუა, შუაგულ საუნაში...

ეჰ, ან მისტერ ჰენრი მილერი ყოფილიყო, ანდა მადამ ანაის ნინი მაინც, რადგანაც მხოლოდ იმათი კალმები თუ გამოჰხატავდნენ იმ საუნისა და კემპინგის ძნელად გამოსახატავ, ბევრისთვის ერთობ თვალსახარბიელო ცოცხალ სურათებს...


***
დამძიმებული ღრუბლები თავზე ჩამომხობიან ქვეყნიერებას.

თოვლი მოდის. მოდის და მოდის.

თეთრდება და სპეტაკდება მიდმო.

ორთქლადენილ საჭმლის ქვაბებთან ერთ მაღალ კუნძზე შემდგარა რობია და გამოთქმით ამბობს საკუთარ ლექსს:

ფიფქავს და ფიფქავს,
მთელი დღე მფიქრავს.
არ ავწევ ჭიქას,
არ ვიტყვი სიტყვას.
მეძახით ჯიგარს,
გიწოდებთ ჭინკას.
არ იცით, ვინ ვარ.
არ ვიცი, ვინ ხართ.

- ჯიგარი ხარ, შვილოსა! – დიდ ჩამჩას შემართავს მზარეულების შეფი თილიყამყამა, - საღოლ! მართლა სპეცზაკაზად უნდა მოგიხარშო ბეჭისძვალი!

- ტაში არ გამიბედოთ! – მოულოდნელად დაიყვირებს რობია, - მე ტაშისთვის კი არა ვთქვი, მოზვრის ბეჭისთვის!

- ჰოდა, მოდის კიდეც! – დაუყვავა თილიყამყამამ, - უკვე გზაშია!


***
თოვს და თოვს, გადაუღებლად თოვს. ნამქერით ივსება გზები. აქაური ქარიშხლები კიდევ მგლებივით ვეღარ ღმუიან ხშირ ტყეებში და თავს იმძინარებენ...

არადა, თანდათან მატულობს ხალხი და რა უნდა ქნან, აღარ იციან. ვინ აღარ მიუგზავნა ტოლმა-გოგიამ, თავისი მერხის მეგობარი ნაციხარი გინდა, მზარეულების შეფი თილიყამყამა, ბეღელა, წიქარაკაცი თუ პალაჩი, მაგრამ გაჯიქდა ვაამან დამა-ქალი და იმ მუხის კუბოს არაფრისდიდებით არ უთმობს ტოლმა-გოგიას.

ეზოს ხაკის ქსოვილი გადააფარეს, მაგიდებს შლიან მატრიალებლები, გრძელ სკამებს უდგამენ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ორასი-სამასი კაცი მაინც იქნება მოსული და სანამ ხალხი გასვენებიდან მობრუნდება, სუფრის გაშლაც უნდა მოასწრონ.

ტოლმა-გოგიას კიდევ ხერხი უპოვნია, მკვდარი საწოლზე გადაუსვენებია დროებით და ტახტს ფეხებს ახერხავს. ამ ტახტით უპირებს გასვენებას მამამისს, რადგან ვერაფრით დაიყოლია ვაამან დამა-ქალი, რომ ის მოკრუხებული ინდაურები სხვაგან გადაესვა საბუდრად ქცეული მუხის კუბოდან.

მერე ტოლმა-გოგია ფეხებდახერხილ ტახტს გადაატრიალებს, შიგ თეთრ სუდარას გაშლის და იმ სუდარაზე გადაასვენებს ჩოლიას. გვამს ზემოდანაც თეთრსავე სუდარას გადააფარებს. თავთან ჭიქით ხორბალს დაუდგამს და ზეთის სანთელს აუნთებს.

ამ სახელდახელო კუბოს ჩამოსატანად ოთხნი ადიან. სანთლები ჩამქრალია. ჩოლია პაპას გაშეშებული სახე ვახოს სამუდამოდ ამახსოვრდება.

ქალებმა შავთავსაფრიან ვაამან დამა-ქალს ხელი ჩაჰკიდეს და გარეთ გაიყვანეს, - რა არის, რომ გული არ შეუწუხდეს დიდი და მეტისმეტი მწუხარებისგანაო.

ტოლმა-გოგიამ, ვახომ, რობიამ და ნაციხარმა ასწიეს “კუბო”, სამჯერ დაატრიალეს, მერე კარს მიაჯახეს სამჯერ და გარეთ გაიტანეს.

სასულე ორკესტრიც მოსულიყო და ისევ გუშინდელ ტუშს უკრავდა.

ეზოს შუაგულში ორ სკამზე დაასვენეს ფეხებდახერხილი ტახტი.

“მაინთ ნუ წახვალ, გენაცვალე!”

“აი, რა კარგი სახლი გვაქ, აქ შემოდი!”

“უკანასკნელად მიგაცილებთ ამ დანამქრულ გზაზედა!”

“თანაც როგორ მიხვალ, ჩოლიიი... ტახტისთვის დაგიჭრევინებია ფეხები და იმითა გმარხამთ!”

“რათ გინდოდა ეს ტახტი, აკი წინასწარ გქონდა გამზადებული მუხის კუბოი!”

“უთხარით, ხალხნო, რამე, ნუ წავა! უთხარი, თილიყამყამ! უთხარი, ნაციხარო! შენ რაღას გაჩუმებულხარ, პალაჩოო! ხმა ამოიღე ბეღელ!”

მერე “კუბოსთან” მისასვლელი მოცარიელდა. ასწიეს და დიდი წვალებით მიიტანეს ბორტგადახსნილ სატვირთო მანქანამდე, რომლის ძარაზეც ხალიჩა იყო გაფენილი. დაასვენეს ზედ მიცვალებული და მანქანა ნელ-ნელა დაიძრა. თან მიჰყვა ხალხი.

ტაატით ააღწიეს სასაფლაომდე. უკან ჩამორჩენილებს დაუცადეს ცოტა და მერე მიცვალებული შეასვენეს უკვე გათხრილ სამარემდე.

მოსამძიმრე ხალხი რომ მოგროვდა, მძიმედ ჩაუშვეს ფეხებდახერხილი ტახტი საფლავში. მის ზემოთ, რკინის საბჯენებზე ბეტონის სარები გაფინეს – საფლავი რომ არ ჩაშვავებულიყო მერე და მერე. შემდეგ მიწას აყრიდნენ – ვინ მუჭით და ვინ კიდევ ნიჩბებით.

აივსო საფლავი, ამოიბურცა კიდეც და ზედ კუდმოქნეული ზამთრის კვალობაზე ნაშოვნი ყვავილები დააწყეს.

ვალმოხდილმა მესაფლავეებმა პარკებიდან საჭმელი და ღვინოც ამოიღეს, ჯერ დაილოცნენ, წაუქციეს და მერე ჭამას შეუდგნენ.

ხალხი უკან დაბრუნდა.

შევიდნენ ეზოში და დასხდნენ გრძლად გაშლილ სუფრასთან.

თამადად ტოლმა-გოგიას სკოლის ამხანაგი – ნაციხარი დადგა, უსაკლისა კაცი. თავიდან თითქოს წესრიგი იყო, მაგრამ მონასტერი იმის მერე აირია, რაც თამადამ შილაფლავის ჩამოტარებისას, ანუ მეათე სადღეგრძელოდ ასეთი რამა ჰსთქვა:

- მოდი, ნიავს გაუმარჯოს, ნიავსა! კავკასიონიდან რო დაუბერამს და აექამდე მოვა, გულს გაგვიგრილებს. მოტიალდება აქა და მერე კიდევ ქალაქისკენ გასწევს, რო იქაც მიხედოს საქმესა. აი, ამ ნიავის სადღეგრძლო უყვარდა ჩოლიასა. დალიეთ, აბა.

დალიეს.

- გაიგე, კაცო, თურმე სუ ტალიჭა ლადოსა კითხულობდა. – შილაფლავის თეფშში ცხვირჩაყოფილ და ჩანგალმომარჯვებულ რობიას უთხრა ერთმა დაჟინჟღილებულმა მეზობელმა.

- რომელი, ლადო? – დაიბნა რობია.

- კენტი არ შეჭამო, - ღიმილით ჩაუჩურჩულა რობიას ჩამომტარებლად მოსიარულე კიტაია დედაბერმა, - თორემ დედას ცალი ძუძუ თორნეში ჩაუვარდება!

- ვაჰ, რატო ჩაუვარდება? – დაადევნა განცვიფრებულმა რობიამ და პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ იმ დაჟინჟღილებულს მიუბრუნდა, - შენ რომელ ლადოზე მეუბნები?

- ტალიჭა ლადოზე. მტკვარში რო გადავარდა, ტინებზე. შარშანწინ.

- დაიცა, პალაჩო, ის ხო მაშინვე მოკვდა? – დაჟინჟღილებულს შეეკითხა მოპირდაპირე მხარეს მჯდომი ცხვირკაუჭიანი თანამესუფრე.

- ჰოდა, ბეღელ, იმას ელაპარაკებოდა თურმე ცხონებული ჩოლია, – მიუგო პალაჩმა.

- ვაჰ, ჰხედავ, კაცო?! – გაიკვირვა ბეღელამ.

რობიას ტირილი წასკდა.

- დაწყნარდი, კაცო, რა მოგივიდა? – მისი დამშვიდება სცადა პალაჩმა, მხარზე დაჰკრა ხელი, - ყველანი სიკვდილის შვილები არა ვართ? და ჩოლიაც არი.

- ესე იგი, ჩემი მამინაცვალი ჩოილარია?! – ცრემლებს იწმენდს რობია.

- ჩოლიაც არი, როგორ არ არი! – პალაჩს მხარი აუბა ბეღელამ.

- მაშ, ჩოილარია, არა?! – ისევ კითხულობს რობია, თან ცრემლებს იმშრალებს.

- ჰო, - კვერს უკრავს პალაჩი და ისიც შილაფლავს შეექცევა, ნელ-ნელა და დაგემოვნებით.

რობიას ძალიან უნდა, რომ პალაჩს სცემოს, მაგრამ იცის, რომ ვერ მოერევა. ბეღელას კიდევ ვერ მისწვდება, მოპირდაპირედ უზის.

- მოდი, მოდი, უნდა გაკოცო მაგ სიტყვებისთვის! – პალაჩისკენ გაიწია რობიამ და ვითომ სიყვარულით აკოცა, სინამდვილეში კი უკბინა.

ღვინით შეზარხოშებულმა პალაჩმა ჯერ ვერ იგრძნო კბენა, შილაფლავიანი ლოყა ხელის ზურგით შეიწმინდა, მაგრამ რობიამ მეორედაც რომ იგივე გაიმეორა, თანაც მეტი ძალით, მიხვდა, რაც ხდებოდა და გემრიელი, კაი მამა-პაპური ალიყური აჭამა. არადა, უჩხუბარი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

უფრო მეტად აქვითინდა რობია. სულ ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.

ჯერ სუფრის რიგებს შორის მოსიარულე, ყბაშეხვეულმა ტოლმა-გოგიამ მოირბინა და პალაჩს ხელიდან გააგდებინა ნახევარძმა, თუმცა იმანაც კისერზე კბენა მიიღო საჩუქრად და სანამ თვითონაც მოარტყამდა, ახლა წიქარაკაცი და თილიყამყამა ჩაუდგნენ შუაში.

ქვითინებს და ქვითინებს რობია, არ ჩერდება. მიუახლოვდება ვინმე და გასაგისი აღარა აქვს, - მოდი, გაკოცოო! – და ყველას კბენას უპირებს, კაცი იქნება თუ ქალი. მართლა მაგარი დასაბეთქია, ქალებს ინტიმურ და ნაკრძალ ალაგებზე ეტანება მაინცდამაინც, იქ მიიწევს საკბენად.

ვაამან დამა-ქალმა გაიყვანა სუფრიდან, მოხდენილად და მარჯვედ გაარიდა განრისხებულ პალაჩსა და ბეღელას, რადგან ღვინია-მოზვრის უკვე მოხარშულ და ნახევრად შეჭმულ ბეჭისძვალს ხმალივით იქნევს რობია, ახლოს რომ არ მიუშვას ვინმე და მთელი თავისი ხრინწიანი ხმით უყივის ორთავეს:

- ჩოილარი თავი გაბიათ, თქვე ბოზებო! თქვე ბოზებო თქვენა!

- შენა, ე, ვირთამამ! – ჩავლისას რობიას წაუთაქა ნაციხარმა, - სიტყვა წინ ნუ წაგიქანდება, თორენა...

- ეს ვინა ყოფილა, კაცო? – ხელები გაშალა ბეღელამ, - უნაცილო ნაცილია, ვინ არი...

- ეგ არაფერი, უკვე ჩაიარა, ბეღელ, - დაუძახა ნაციხარმა და თავის მერიქიფედ დანიშნულ თანამესუფრეს გადასძახა, - ერთი მაგ დოინჯიანი კოკიდან ჩამომისხი, შვილოსა! აბა, ყველამ შაამსეთ.

- ბეღელ, მე და შენა ვართ ბოზები? – გაიცინა პალაჩმა და მცხეთურად გახედა ღვინის ბოთლსა, შიგ ხო არა დარჩა რაო.

- ეს იანვრის წიწილა ესა! – ბეღელასაც გაეღიმა.

და ის იყო, ბალიშის ქვეშ ამოდებული ღვინია-მოზვრის ბეჭისძვლით დაიძინა რობიამ, რომ მაცნე მოუვიდა ვაამან დამა-ქალს. შორეული რეისების მძღოლები ხეობაში ჩამოწოლილ ნამქერს შეეჩერებინა და კემპინგში მოსულიყვნენ, თითო ბოთლი არაყი დაეყუმბარებინათ, ახლა საუნაში მისცემოდნენ ნეტარებასა და რაკი უფრორე მეტი სიამოვნება მოსურვილებოდათ, რომელიღაც ენაზე შემოეთვალათ: “შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა”-ო.

- ეგ ოთხი ფიცრის ღირსი ეგა! – კიტაია დედაბერმა მიაწყევლა კემპინგისკენ თუ საუნისკენ ცუხცუხით მიმავალ, ძუძუებახტუნავებულ ვაამან დამა-ქალს, ჭრელი ქოლგა რომ გადაეფარებინა აფუებულ თმაზე. - ეგ კაცის გიჟი! ეგ კაცის გიჟი ეგა!

- ბედაური ქალი ვარო, მაგან უნდა დაიკვეხნოს! აი, ეგ მოსალოკი და ამოსავარდნი! – შურიანად დაუდასტურა აქშა ქალმა, კიტაიას ხელკავი გამოსდო და სოფლის ცენტრისკენ განაგრძეს გზა.


***
თოვს და თოვს, თოვს გადაუღებლად.

დიდი თოვლი იცის აქეთ.

გეგონება ზამთარიაო, გული ზამთარი.

არადა, მხოლოდ ზამთარმა მოიქნია კუდი.

მუხლამდე დათოვლილ გზას უპალტოოდ და უქუდოდ მოარღვევს მოგვიანებით დამთვრალი ტოლმა-გოგია და ყვირილისგან ხმაწასული ხავის:

- არ იქნება მარშუტკა და ნუ იქნება! ფეხით წავალ, ფეხით! ჩემდათავად აქ დამრჩენის დედაც...

არადა, მართლა აღარაფერი დადის გზაზე, როგორ უნდა იაროს იმსიშორეზე, სატოლმა-გოგიაო ცხვიპაჭუა და ქერათმიანი ალალები მაინც იყვნენ ახლო-მახლო, რომ იმასაც ჩამოუქროლონ და დედინაცვლის კემპინგში შეიტყუონ როგორმე.

დაისღამეა. მატულობენ და მატულობენ ფანტელები.

უკვე გვარიანად დაბინდებულა.

დაბინდდებოდა, მაშ, როგორ - როგორც აქაურები ამბობენ, - ზამთარში და გინდაც იმისი კუდის მოქნევაში ხომ ერთი დამთქნარება დღე იცის.


2005 წლის იანვარი.

Wednesday, December 09, 2009

ხამს ფერმერი ფერმერისთვის...


ჯონ ა. ოგონოვსკი (24 თებერვალი, 1949 - 11 სექტემბერი, 2001) პილოტი და სოფლის მეურნეობის აქტივისტი გახლდათ. მასაჩუსეტის შტატში მდებარე ქალაქ დრაკუტის მცხოვრები. ოგონოვსკი წამყვანი ფიგურა იყო მასაჩუსეტის სოფლის მეურნეობისა, განსაკუთრებით კი კამბოჯიდან იქ ჩასული ფერმერებისათვის, რომლებსაც ის ეხმარებოდა სოფლის მეურნეობის სიცოცხლისუნარიანი პროექტით.
ამ კარგმა კაცმა ლოუელის კეით აკადემიის სკოლა გაიარა და შვიდი წელიწადი პილოტად იმსახურა ამერიკის საჰაერო ძალებში. 1978 წლიდან სიცოცხლის მიწურულამდე ამერიკის ავიახაზების თვითმფრინავებს მართავდა. დაიღუპა 2001 წლის 11 სექტემბერს, როცა შიდა ამერიკული, მეთერთმეტე ხაზის თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, გატაცებული იქნა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობებიდან ერთ-ერთს შეეჯახა.
მოკლედ, ეს ცხონებული განვითარებულ ამერიკაში ჩამორჩენილი კამბოჯიდან ჩასულ ფერმერებს ეხმარებოდა და როგორც ის იქ ეხმარებოდა, გადაუწყვეტიათ, რომ აქ, საქართველოში ასევე დაეხმარონ ფერმერებს და გუშინწინ, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიაში” დიდის ზარ-ზეიმით გაიმართა ჯონ ოგონოვსკის სახელობის ფერმერი ფერმერისათვის ”მექანიზაციის პროექტის” წარდგენა.
ოცდაათვიანი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით 25-30 აგროტექნიკური სერვისცენტრი, რომლებიც მოემსახურებიან 14 000-მდე ფერმერს. თითოეული სერვის-ცენტრი აღიჭურვება სამი-ხუთი ტრაქტორით და სასოფლო-სამეურნეო მანქანების შლეიფით (აქ იგულისმება ტრაქტორის ჩასაბმელები - კულტივატორი, მარცვლეულის სხვადასხვა სათესები და სხვა). CNFA ამ პროექტით 60-100 ახალი ტრაქტორის და 400-მდე სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესყიდვას გეგმავს. არადა, ტრაქტორები უბრალი ”ბელარუსები” კი არა, ოთხმოც ათას ევროაინია რომელიღაც ევროპის ქვეყნიდანაო, - გამოაცხადა რეპორტიორმა თავის რეპორტაჟში, რომელიც ”ბიზნეს-კურიერში” გავიდა...
ანუ, იმ სულგანათლებულ შოთა რუსთაველს თუ დავესესხებით, ეგრე გამოდის:

ხამს ფერმერი ფერმერისთვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, 
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. 

ვიფიქრე, რა კარგი რამე ყოფილა ეს ამ ჩემი ძმისთვის - ერთი ძველი, ერთხიდიანი ”ბელარუსი” ჰყავს და იმით, სასოფლო-სამურნეო სავარგულის, ანუ მინდვრის მოხვნის გარდა, ყველა დანარჩენ ოპერაციას (დაფარცხვა, კულტივაცია, დათესვა და ასე შემდეგ) ასრულებს თავისთვისაც და სხვა გლეხებისთვისაც, რადგან საქართველოში ფერმერები ძალიან ცოტანი უნდა იყვნენ, ან, შეიძლება, საერთოდ, არ არიან.
და რატომ ვერა ხნავს და, - ერთხიდიანი ”ბელარუსი” ვერ ერევა გუთანს, ახალი ”ბელარუსი” უნდა, ორხიდიანი და ეგეთი ტრაქტორი ”პრეზიდენტის პროგრამით” კი შეხვდა ერთი ცალი იმ მხარის სამ სოფელსაც, მაგრამ ჩემ სოფელზე უფრო დიდი სოფლის გამგებელმა თავისი ნათესავ-ახლობელი კაცი დანიშნა იმის მძღოლად, რა არის რო, თავისი წილი იმასაც მიუტანოს - როგორც ხდებოდა და ხდება ხოლმე ამ ჩვენ უფერმერებო ქვეყანაში.
ეს ჩემი ძმა კიდევ იმასა ფიქრობს, რომ იქნება ეს ჩემი მიკროავტობუსი გავყიდო და ”ბელარუსის” წინა ხიდი ვიყიდო როგორმეო, რომ ხალხს მოვუხნა კიდეცო და ამ გაჭირვებიდან ამოვიდე როგორმეო.
ჰოდა, სწორედ ამ ჩემი ძმისთვის არის ეს პროგრამა მეთქი, ვიფიქრე და დავფაცურდი - ჯერ ”ფეისბუკზე” აკაკი გოგიჩაიშვილს ვკითხე ამ პროექტის საკონტაქტო პირის, მარიკა კასრაძის მისამართი და კოსტავას 47 რომ გამოდგა, მივადექი იმათ.
მივადექი და, არ ეცალა ქალბატონ მარიკა კასრაძეს, დევები ჰყავს სტუმრადო, ოკენისგაღმიდანა...
და გამაგზავნეს იმათ კოორდინატორების სულ მთლად უფროს კოორდინატორთან.
მივედი, მოვუყევი ჩემი ძმის ამბავი და, - ვერაო, თქვენ აქედანა ჯაგარს ვერ წაიღებთაო...
თანადაფინანსებაა ამ პროექტზეო, ერთი ერთზე თანადაფინანსებააო. ჩვენ რო იმ ორმოცი ათას ევროიან ტრაქტორს გიყიდით (შეეშალა კორესპონდენტს, ის ტრაქტორი ოთხმოცი კი არა, ორმოცი ათასი ევრო ღირსო), მისაბმელები კიდევ თქვენ უნდა იყიდოთო და ეგენი ერთი მაგდენი დაგიჯდებათო, თანაც სერვის-ცენტრის შენობა-ნაგებობები სულ თქვენ უნდა ააშენოთო.
ჩემ ძმას კიდევ ახალი ”ბელარუსის” საყიდელი ფული, ოცდათხუთმეტი ათასი ლარი არა აქვს და ორმოცი ათასის ევროს მისაბმელების მყიდველი და სერვის-ცენტრის ამშენებელია?
კი გვპირდებიან, თანადაფინანსებისათვის სესხის აღებაში დაგეხმარებით ბანკებიდანაო, მაგრამ ბანკი გარანტიას მოითხოვს და სულ რომ გავყიდოთ მე და ჩემმა ძმამ სახლები და პატარ-პატარა ნაკვეთები, ათი ათას ევროს არ ასცილდება ის თანხა და რომელი ბანკი მოგცემს სესხს ამისთანა გარანტიით?
გინდაც ეს ყველაფერი შეძლოს და გააკეთოს, ხალხს ფული არა აქვს, ჩემი ძმა ვისაც დაუთესავს, ყველა ჰპირდება, შემოდგომაზე, მოსავალს რომ ავიღებ, მაშინ გადაგიხდიო; მაშინაც ყველა ვერ უხდის და ზოგი სამი ქათმით და ზოგიც ინდაურით თუ გოჭით მოადგება ხოლმე, რომ ფული არა მაქვს, ეს გამომართვიო...
ჰოდა, წამოვედი იმათი ოფისიდან გაწბილებული და იმასაც მშვენივრად მიმხვდარი, რომ რომელი პროგრამაც ამერიკაში მუშაობდა კარგად, ის აქ, ამ უფრმერებო და გლეხებიან ქვეყანაში თვალდახუჭულმა არ უნდა გადმოიტანო - რომ მდიდარი კიდევ უფრო არ გაამდიდრო და ღარიბი უფრო უარესად არ გააღარიბო... 

მოკლედ, მე და ჩემ ძმას ხო არ გამოგვატანეს იქიდან ჯაგარი და, რა რკოსაც ეგენი კახეთიდან წამოიღებენ, რო ღორს მიუტანონ, ჯაგარი გამოართვან და თოკი დაგრიხონ საწყალი გლეხების გაჭირვების მდინარიდან ამოსაყვანადა, მაგასაც ვნახავთ...

Tuesday, December 08, 2009

გიო საჯაია - Johnnie Walker



გიო საჯაია

Johnnie Walker 

ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...
ჯანდაბას, რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები! 
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, -
"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები,
მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერს
ვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი...
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,
დაე, იცოცხლონ, დაე, მოკვდნენ ათას წლის მერე! 
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის...

რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ, ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა, 
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვაბმა იარონ და... იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...
ჩვენ კი წავიდეთ, - ისე, როგორც ჯენტლმენებს შვენით 
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში), 
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა 
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!


 


Saturday, December 05, 2009

მაგთი-ფიქსის ვითომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი



0.03 მეგაბაიტი წამში - აი, ეს სიჩქარე აქვს მაგთი-ფიქსის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, რომლის მოდემშიც 155 ლარი გადამახდევინეს და ყოველთვე მახდევინებენ 45 ლარს! ამდენ ფულს ვხარჯავ აი, ამ დაბალსიჩქარიან ინტერნეტში - უბრალო საიტებს ვეღარ ხსნის უკვე ერთი თვეა.
დილით არაუშავს და საღამოობით სულ ეს მდგომარეობაა.
ამ ფასად სხვა ინტერნეტების ჩართვაც ხომ შეიძლებოდა, რომლებიც ნორმალურად იმუშავებდა და ნერვებს არ მომიშლიდა ყოველ საღამოს?
უკანაც აღარ იბრუნებენ, 48 საათი რომ გავა, აღარ დავიბრუნებთო, - ეგრე აცხადებენ თავიანთ ციხე-სიმაგრეებში, რომლებსაც ოფისებს ეძახიან...

და - სასამართლოში როგორ უნდა უჩივლო 155 ლარის გულისთვის?

ჯერ იყო და იმ 15 ლარიანი ინტენეტით მომატყუეს - თურმე, აქცია ყოფილა და უცებ შეწყვიტეს, თან არც ის მუშაობდა გადასარევად... წუთი ერთი თეთრი - ამ ინტერნეტზე გადადითო.
ამაზე გადასვლას, ისევ მაღალსიჩქარიანი აჯობებს მეთქი და, - ძალიან მწარედ შევცდი.

რა მინდოდა, ”ტელეკომის” ან ”კავკასუს ონლაინის” ინტრნეტი დამეყენებინა რა...

არადა, როგორ სულ ტყუილად გვპირდებიან თავიანთ საიტზე:

”მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის USB მოდემი ADU 520-A არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი იქ, სადაც მაგთი ფიქსის დაფარვის ზონა ვრცელდება. მოდემი მუშაობს CDMA EVDO REV-A სტანდარტის 450 MHz სიხშირეზე.
ამ ტექნოლოგიით შეგიძლიათ ინფორმაცია ჩამოტვირთოთ
3.1 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით, ატვირთოთ 1.8 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით”.

Friday, November 27, 2009

გამარჯობა შენი, ინდაურო ბატონო...


ჩვეულებრივი, ანუ ჩრდილოამერიკული გარეული ინდაური (Meleagris gallopavo Linnaeus, 1758) ახალი სამყაროს დიდი ფრინველი, ინდაურების გვარიდან და ხოხბისებურთა ოჯახიდან ჯერ კიდევ მანამდე მოიშინაურეს ადგილობრივმა ინდიელებმა, სანამ ესპანელები ამერიკას აღმოაჩენდნენ.
1519 წელს ინდაურები ესპანეთში ჩაიყვანეს (აქედან წარმოსდგება მათი მოძველებული სახელწოდება ”ესპანური ქათმები”), საიდანაც ხუთი წლის შემდეგ გავრცელდნენ საფრანგეთში, ინგლისში და მთელ ევროპაში.
ამერიკის ეროვნულ დღესასწაულ ”მადლიერების დღეს” რომ ინდაურის გარეშე არ აღნიშნავენ, ეს იქით იყოს და, საქართველოში რუსეთიდან შემოუყვანიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში და სანამ ფართოდ გავრცელდებოდა ყველა მხარეში, თავის სასახლის ეზოში მორუყრუყე ინდაურების დამნახავი მეფე გიორგი XII (10 ოქტომბერი, 1746 — 28 დეკემბერი, 1800) შესთხოვდა შემოქმედს - ღმერთო, ისე მაინც წამიყვანე ამ წუთისოფლიდან, ამ მახინჯი ფრინველის ხორცის გასინჯვა არ დამჭირდესო... მით უმეტეს, რომ - აგერ, რამდენი ქათამი დამიდისაო...


ადამ ოლეარიუსი (16 აგვისტო, 1603 – 22 თებერვალი, 1671) თავის მოგზაურობის წიგნში - THE TRAVELS OF OLEARIUS IN SEVENTEENTH-CENTURY PERSIA - გვიამბობს, რომ შაჰ-აბას პირველის, შაჰ-აბას დიდად წოდებულის (27 იანვარი, 1571 ― 19 იანვარი, 1629) ხანაში, როცა სეფიანთა ისპაჰანის ერთ-ერთ გარეუბანში - ჰასანაბადში - ქართველი ვაჭრებიც მკვიდრობდნენ, თავი ძალიან გამოუჩენია ერთ მათგანს: ამ ქართველ ვაჭარს ვენეციიდან ინდაურები ჩამოუყვანია ისპაჰანში და ამ უცხო ფრინველის ნახვით გაოცებული ისპაჰანელებისთვის თითო გაუგონარ ფასად, თუმნად მიუყიდნია. ეს საკვირველი სულაც არ იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ  ახალი სამყაროდან მოვლენილი ეს უცხო ფრინველი ევროპაშიც ისე იშვიათი და ძვირი იყო, რომ, მაგალითად, ვენეციაში ქალაქის საბჭოს უნდა გადაეწყვიტა, თუ როდის შეიძლებოდა დაეკლათ, შეეწვათ და სუფრაზე მიეტანათ ”ინდური მამალი”...

რატომ ვყვები ამას, რატომ ვყვები და, - არ ვიტყვი...
საკუთარ თავს ვუყვები, რადგან რაღაცას ვწერ და ეგრეა საჭირო...
ეგ კი არა, ქვემოთ ლექსებსაც დავიმოწმებ:



Hello, Mr. Turkey

Hello, Mr. Turkey, how are you?
Hello, Mr. Turkey, how are you?
With a gobble, gobble, gobble,
And a wobble, wobble, wobble.
Hello, Mr. Turkey, how are you?


გამარჯობა შენი, ინდაურო ბატონო
(ინგლისური ხალხური ლექსი)

- გამარჯობა შენი, ინდაურო ბატონო,
როგორა ხარ? როგორ?
გამარჯობა შენი, ინდაურო ბატონო,
როგორა ხარ? როგორ?
- როგორ ვარ და,
ვრუყრუყებ და ვრუყრუყებ და ვრუყრუყებ,
თანაც კიდევ
ვყოყმანობ და ვყოყმანობ და ვყოყმანობ...
- გამარჯობა შენი, ინდაურო ბატონო,
როგორა ხარ? როგორ?


Николай Гумилёв


На утре памяти неверной,
Я вспоминаю пестрый луг,
Где царствовал высокомерный,
Мной обожаемый индюк.

Была в нем злоба и свобода,
Был клюв его как пламя ал,
И за мои четыре года
Меня он остро презирал.

Ни шоколад, ни карамели,
Ни ананасная вода
Меня утешить не умели
В сознаньи моего стыда.

И вновь пришла беда большая,
И стыд, и горе детских лет:
Ты, обожаемая, злая,
Мне гордо отвечаешь: «Нет!»

Но всё проходит в жизни зыбкой —
Пройдет любовь, пройдет тоска,
И вспомню я тебя с улыбкой,
Как вспоминаю индюка!

Декабрь, 1920


ნიკოლაი გუმილიოვი

ინდაური

ჩემს მახსოვრობას ბავშვობის დროდან
შემორჩა ჭრელი, ფერადი მდელო.
ამაყს, გაფხორილს და ამპარტავანს
ინდაურს ჰქონდა იქ სამფლობელო.

მედიდურსა და ბოროტს ნისკარტი
ჰქონდა წითელი, ვით ცეცხლის ალი.
ასაკის გამო (ოთხი წლის ვიყავ),
ვერც კი მამჩნევდა მე მისი თვალი.

არც შოკოლადი, არც კარამელი,
არც ანანასის სასმელი ტკბილი
არ მამშვიდებდა, ვერ მიქარწყლებდა
გულში ღრმად გამჯდარ სირცხვილს და ტკივილს.

და კვლავ მეწვია დიდი ტკივილი,
ბავშვობის წლების სირცხვილი მფარავს:
შენ, სათაყვანო, ავი ღიმილით
და სიამაყით მპასუხობ: “არა!”

მაგრამ ცხოვრება თავის გზით მიდის,
გაივლის ტრფობა, სევდა რომ ახლავს
და მოგიგონებ ერთ დროს ღიმილით,
როგორც ვიგონებ ინდაურს ახლა.

თარგმნა ვასილ გულეურმა

P.S.  ”ბავშვობის დროდან” - არ ვარგა, ვასო. ”ბავშვობის ხნიდან” - ეგრე სჯობს...

ილია სიხარულიძე

ინდაურო, ფაფხურა

ინდაურო ფაფხურა,
თავზე ქუდი არ გხურავს.
გაგიბერავს ჩიჩახვი,
ყურლუმ-ბურლუმს იძახი.
დაგიპურებ მაგ ჭუკებს,
ოღონდ ერთი მაჩუქე...

Tuesday, November 17, 2009

ტარიელ ხარხელაურისა, იაკობ ბობოხიძისა და რეზო ინანიშვილისა გამო


(თავად ტარიელის მოყოლილი)

არ ბეჭდავადა ადრე ტარიელი ლექსებს, ბეჭდავდა კი არა, დახევდა ხოლმე. და წამოუღია ერთ რედაქციაში კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს, მიუტანია და დებულა და დებულა იქ კარგა ხანს. მერე ისევ იაკობ ბობოხიძეს მიუკითხებია და წაუყვანია ტარიელი ამ თავის ლექსებიანად რეზო ინანიშვილთან.

ტარიელი ამბობს, - ვაჟას შემდეგ მწერლებიდან ბატონი რეზო მიყვარდა ძალიან, ბევრ რამეს მაძლევდა იმისი პატარა მოთხრობები და ჩემი ლექსებისთვის კი არა, უფრო იმისითვის გავყევი, ნამდვილი მწერალი რომ მენახაო; მენახა, როგორ დადიოდა, ჩვენსავით ისიც ლაპარაკობდა თუ არაო...

და გადაუშლია რვეული ბატონ რეზოს და წაუკითხავს:

”- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
ხომ გაიგონე,
იმედავ,
კვნესა მუხისა?!”

წაუკითხავს და მაშინვე დაუხურავს რვეული, - მე რა უფლება მაქვს, ამის დამწერს რამე ვასწავლოო...
წაუღია და თხუთმეტი ლექსი თავის პატარა წინათქმით დაუბეჭდავს მაშინდელი ”ცისკრის” მერვე ნომერში...

აი, ეს ლექსი სრულად:


***
- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
ხომ გაიგონე,
იმედავ,
კვნესა მუხისა?!
ვინ იცის,
ღიმილი უღირს რად ცასა,
სხვისა ტკივილი სხვასა,
სხვისა სიხარული სხვასა...
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
იმედავ!
- ტოტი მოსტყდა
და კვნესოდა იმითაო, -
მითხარი,
ზურგი შეატრიალე,
გამცილდი და უშნოდ გაიღრიჯე,
ვირისთავო.
მუხა კი კვნესოდა...
მესმოდა...
და გული მიბრაგუნებდა ბეჭიდან.
სხვას როგორღა ვუთხრა,
იმედავ,
როცა ტკივილი მუხისა,
უშნოვ,
შენც ფეხებზე გეკიდა.
- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა.
დაგაყრუოს გამჩენმა, იმედავ!..